Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რუხაძე: ოპოზიციონერთა მანდატების გაუქმების გაჭიანურება არაფერს ცვლის,  პროცესი მაინც ახალ არჩევნებამდე მივა


გიორგი რუხაძე
გიორგი რუხაძე

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეჩერება-არშეჩერების საკითხის გაჭიანურება უმრავლესობის მიერ შედეგს არ მოიტანს და საბოლოოდ ახალი არჩევნების გამართვა გარდაუვალი იქნება. რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ გიორგი რუხაძემ განაცხადა, რომ მანდატების გაუქმების პროცესის გაჭიანურებით „ქართული ოცნება“ თავის სისუსტეს აჩვენებს:

„გაჭიანურება არაფერს არ ცვლის. ამით ქართული ოცნება აჩვენებს თავის სისუსტეს. თუ პრობლემა არ იყო ამათი არშესვლა, შეუწყვიტონ და გააგრძელონ მუშაობა. რა პრობლემაა და როდესაც საკუთარი ნების წინააღმდეგ არ უწყვეტ ადამიანს მანდატს, ეს უკვე სასაცილოა“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ სახეს შეინარჩუნებს, თუ ის კეთილ ნებას გამოიჩენს და ახალ არჩევნებს დანიშნავს არა იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციას, გიორგი რუხაძე ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის ერთადერთ იარაღად პრინციპულობა რჩება:

„ამ იარაღს თუ ბოლომდე გამოიყენებს, მერე მოლაპარაკებას აზრი ექნება, რომელიც ამ ყველაფერს მიიყვანს ახალ არჩევნებამდე. თუ ის ამ იარაღს ვერ გამოიყენებს, მაგ შემთხვევაში არც ახალი არჩევნები იქნება და გაგრძელდება ის პროცესი, რა პროცესშიც ვართ ახლა. ამიტომ მე პირადად ასე მგონია,რომ გამოსავალი არის ყველა შემთხვევაში ახალ არჩევნებში. რომც შევიდეს რაღაცა კიდევ ორი ადამიანი, სამი ადამიანი უკან გამოვიდეს, ეს საქმეს ისედაც ვერ უშველის. ოპოზიციას სხვა გზა ელემენტარულად აღარ აქვს. იმიტომ რომ თვითონ არ დაიტოვა... ოპოზიცია თუ იქნება პრინციპული და დარჩება გარეთ, ქაღალდზე მას ეწერება მანდატი თუ არ ეწერება, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და საბოლოოდ ეს ყველა შემთხვევაში ახალ არჩევნებამდე მივა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ "დილის საუბრებში".

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დანიშნულ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რომელსაც კენჭი უნდა ეყაროს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 12:00 საათზე იხსნება. მანამდე ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობენ. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფებამოსილებს შეწყვეტის საკითხი მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა 1 თებერვალს, საღამოს გამართულ სხდომაზეც, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

XS
SM
MD
LG