Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"წითელმა ჯვარმა" ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს ოჯახისგან ამანათი გადასცა


„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენელმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს გადასცა ოჯახისგან გაგზავნილი ამანათი.

უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციას ამანათი 28 დეკემბერს ჩაბარდა, თუმცა, ზაზასთვის გადაცემა მხოლოდ ახლა მოხერხდა. ირმა ბუთხუზმა არ იცის ამანათის გადაცემა რატომ გაჭიანურდა. წინა შემთხვევებში, ბარათების და ამანათების დაგვიანებით გადაცემის მიზეზად კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულ ვითარებას ასახელებდნენ.

ზაზა გახელაძის საქმის განხილვა ხვალ, 5 თებერვალს გაგრძელდება დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელიც სავარაუდოდ, განაჩენსაც გამოაცხადებს.

ზაზა გახელაძეს ბრალი წაყენებული აქვს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, რომელიც 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძისთვის ამანათის გადაცემა დაემთხვა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან "წითელი ჯვრის" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, კარმენ ეჩესარეტას შეხვედრას. სააგენტო „რესის“ თანახმად, განხილული იყო „ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში და წითელი ჯვრის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ოსეთის ამ ტერიტორიების მოსახლეობისთვის“.

ამავე სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, დე ფაქტო შსს-ს ხელმძღვანელებმა და კარმენ ეჩესარეტამ განიხილეს წინასწარი დაკავების იზოლატორში შექმნილი მდგომარეობა და იქ მყოფი ეჭვმიტანილების და ბრალდებულების პირობები.

ოკუპირებული რეგიონის წინასწარი განთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებები ხშირად ირღვევა. გასულ წელს, ცხინვალის იზოლატორში სცემეს და აწამეს ადგილობრივი მცხოვრები ინალ ჯაბიევიც, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG