Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეოლოგები სინოდის განჩინებას აფასებენ: ეკლესიის მმართველი იერარქები კვლავ მტრის ხატს ქმნიან


 12 თებერვალს გამოქვეყნებული წმინდა სინოდის განჩინებას ეხმაურება თეოლოგთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან. 

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები დიდი წუხილით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი იერარქები თავიანთ განცხადებებში ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე საუბარს კვლავ არჩევენ დაპირისპირებებისა და მტრის ხატის შექმნას”, – ნათქვამია თეოლოგების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დოქტორი ზურა ჯაში, დოქტორი თამარ გოგუაძე, დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი გურამ ლურსმანაშვილი, ლიცენციატი მიხეილ ნებიერიძე და ლიცენციატი შოთა კინწურაშვილი. თეოლოგები მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეხებიან პრინციპში ყველა იმ თემას, რაზეც მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე 11 თებერვალს იმსჯელეს.

რას ამბობენ თეოლოგები დავით გარეჯზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, პოლიტიკური პარტია გირჩის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების წევრებზე, მეუფე პეტრეს სინანულის აუცილებლობასა და სხვა საკითხებზე

დავით გარეჯი

"დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით სინოდი არღვევს საკუთარი კომპეტენციის საზღვრებს და სადავო ვითარების შესახებ დაუბალანსებელი ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის განცხადებას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას როგორც ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ასევე ბრალდებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლებრივ მდგომარეობას" - ამბობენ თეოლოგები, ეკლესია კი ხელისუფლებას სთხოვს, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა. სინოდის განჩინებაში ასევე წერია, რომ საზღვრის ხაზი დავით-გარეჯის მონაკვეთზე უნდა გაივლოს 1937-38 წელს დაბეჭდილი 1:200 000 მასშტაბის რუკის საფუძველზე, თუმცა განჩინებაში ნათქვამი არ არის, რომ ამ რუკით ბერთუბანი დავით-გარეჯის კომპლექსიდან და წითელი ხიდი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩება. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა განჩინების გამოქვეყნებამდე რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბერთუბანის პრობლემურობის შესახებ სინოდზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ საქართველომ ამ ადგილას აზერბაიჯანს ტერიტორიის გაცვლა უნდა შესთავაზოს, თუმცა ამ შინაარსის ჩანაწერი განჩინებაში არ მოხვედრილა.

ვაქცინაცია

"სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორიების ქადაგებას. ნიშანდობლივია, რომ არცერთი ამგვარი ქადაგება არ იქნა დაგმობილი სინოდის მიერ, რაც გამოიწვევს მოსახლეობის სიცოცხლისათვის და სულიერი მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელი ფანატიკური ცრურწმენების დაუბრკოლებლად გავრცელებას. ვაქცინაცია და უშუალოდ ვაქცინის ამა თუ იმ სახეობაზე მსჯელობა წმ. სინოდის მხრიდან, ეკლესიის მხრიდან რომელთაც აქვთ ნდობა მორწმუნეების (მოსახლეობის უმრავლესობის) საერთოდ არ არის მათი კომპეტენცია" - თვლიან თეოლოგები.

"მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში" - ეს სინოდის განჩინების ფრაგმენტია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.

ქრისტიანობისათვის და ქრისტიანული ეკლესიისათვის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფასდაუდებელია - ამბობენ თეოლოგებია და მიიჩნევენ, რომ ვაქცინის საკითხში, რაც მედიცინისა და მეცნიერების კომპეტენციას, ეკლესია არ უნდა შევიდეს კონფრონტაციაში და არ უნდა მოახდინოს მორწმუნეების დაბნევა.

"პირიქით მაგალითის მიმცემიც კი უნდა იყოს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის დაცვა-მოფრთხილების კუთხით. ამის კარგი მაგალითი აჩვენეს მსოფლიო პატრიარქმა, რომის პაპმა თუ სხვა მაღალმა იერარქებმა საჯაროდ აცრისას. ამის საპირისპიროდ რიგი უმაღლესი იერარქები და სასულიერო პირები ამბიონიდან მოუწოდებდნენ მორწმუნეებს და საზოგადოებას, აჯერებდნენ მათ ეპიდემიის სიცრუეში. ეს სასულიერო პირები საკუთარი მოყვასისადმი გამოჩენილი უპასუხისმგებლობით, გულცივობითა, სასულიერო წოდების ბოროტად გამოყენებისათვის, ადამიანების სიცოცხლით თამაშით უნდა იქნენ საეკლესიო სასამართლოს მხრიდან დასჯილნი. სპატრიარქომ გამოავლინა ძალიან სუსტი სოციალური მსახურება და სოციალური სინდისი პანდემიის პერიოდში, როდესაც გაცილებით მეტის რესურსი გააჩნდა. ამის ნათელი მაგალითია სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, (რუმინეთის, კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის და სხვანი) რომლებმად ცალკეულმა ეპისკოპოსებმა, საპატრიარქოებმა თუ ორგანიზებულად მორწმუნეებმა სხვადასხვა ფორმით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ეპიდემისათან ბრძოლაში, იქნებოდა ეს ფინანსური, მორალური და ცოცხალი მხარდაჭერა. სინოდის სხდომაზე მღვთელმთავრების ნიღბების გარეშე გამოცხადება, კიდევ ერთი მაგალითია საერთო პანდემიური მდგომარეობისა და შექმნილი კრიტიკული სიტუაციის იგნორირებისა" - ნათქვამია თეოლოგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სინოდის სხდომის განჩინებაში მღვდელმთავრებს არ დავიწყებიათ იმის აღნიშვნა, რა გააკეთა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ პანდემიის დროს:

"საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურები" - ვკითხულობთ სინოდის განჩინებაში

"გირჩი" და მისი "ბიბლიური თავისუფლება"

"პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული „ბიბლიური თავისუფლების“ ორგანიზაციის შესახებ სინოდის მიერ მიღებული დადგენილება კიდევ ერთხელ ადასტურებს დღეს ჩვენს ეკლესიაში გავრცელებულ და ასევე თვითონ სინოდის მიერ გასულ წელს გამოხატულ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მცდარ ეკლესიოლოგიურ შეხედულებას სამღვდელო ხარისხისა და მისი მონაწილეობით აღსრულებული საეკლესიო საიდუმლოებების არსის შესახებ. ამ მცდარი შეხედულების მიხედვით გამოდის, რომ საეკლესიო რიტუალში გაუცნობიერებელი მონაწილეობა ითვლება თავისთავად მადლმოსილად. ეს შეხედულება აშკარა მსგავსებას ამჟღავნებს მაგიურ წარმოდგენებთან, რაც ეკლესიის სწავლებით მკაცრად არის დაგმობილი" - ნათქვამია თეოლოგების განცხადებაში სინოდის განჩინების პასუხად, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტია გირჩის ორგანიზაციის წევრებისთვის მართლმადიდებელი ეკლესია დაუშვებლად მიიჩნევს ზიარებას, ნათლისღებას, ჯვრისწერას, წესის აგებას და სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას.

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ბიბლიური საზოგადოება“ წარმოადგებს რელიგიურ ორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური საერო სამართლებრივი თვალსაზრისით და ის სრულებით არ ქადაგებს რაიმე სახის სარწმუნოებას, რომელიც ან თანხმობაში ან წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან. შესაბამისად, ის ახალგაზრდები, რომლებიც მასში მხოლოდ ჯარში გაწვევისაგან თავის ასარიდებლად არიან გაწევრიანებული, არ აღიარებენ მართლმადიდებლობისგან რაიმე სახით განსხვავებულ სარწმუნოებას და არც მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებულ რელიგიურ რიტუალებში იღებენ მონაწილეობას. ამიტომ, ისინი ვერ ჩაითვლებიან მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობისა და საეკლესიო საიდუმლეობების უარმყოფელებად. სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიები (მათ შორის მართლმადიდებლური) ინტერნეტისა და ციფრულ ეპოქაში ახალგაზრდებთან ქრისტიანობასა და რწმენაზე სასაუბროდ უამრავ გზებსა თუ ხერხებს ეძიებენ. სპეციალურად ახალგაზრდებისათვის არსებობს საეკლესიო მსახურებები, შეხვედრები თუ რელიგიური ტიპის ბანაკები, უამრავი პასტორალური ინიციატივა, იქმნება მათთვის გასაგებ ენაზე წმინდა წერილი და მრავალფეროვანი რელიგიური ლიტერატურა, ხორციელდება უამრავი საეკლესიო ინიციატივა და ღონისძიება რათა საერთო ენა იპოვონ ახალგაზრა თაობებთან, მოუსმინონ მათ გამოწვევებს, წუხილსა თუ პრობლემებს. ამ დროს, ერთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ათასობით ახალგაზრდა შენივე წიაღიდან (საეკლესიო ერთობიდან) მოწყვიტო და საერთოდ სურვილი დაუკარგო მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნისა რამ უნდა გაიძულოს? რა გონებამ? რა საეკლესიო პოლიტიკამ? რა საღვთისმეტყველო არგუმენტმა? ყველამ ვიცით „ბიბლიური თავისუფლების“ ეს მცდელობა, რომელიც მიმართული იყო ახალგაზრდების ერთწლიანი მონობისაგან დასახსნელად, ასეთ შემთხვევებში სწორედაც ქრისტიანული ეკლესია უნდა იყოს სახელმწიფოს (გინდ კერძო სექტორის) მხრიდან ადამიანების მისამართით მსგავსი ან სხვა შინაარსის მატარებელი ბოროტების წინააღმდეგი. დღევანდელი სავალდებულო სამხედრო სამსახური თავისი ფორმითა თუ შინაარსით საერთოდ არ ემსახურება ახალგაზრდებში სამხედრო მომზადებისა თუ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, არამედ წარმოადგენს დაკანონებულ ექსპლუატაციას და ისედაც ხანმოკლე წუთისოფელში ადამიანთათვის ერთწლიანი მონაკვეთის ძალადობრივად წაგლეჯას" - წერენ თეოლოგები.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე და ეპისკოპოსი პეტრე

თეოლოგები ასევე ეხებიან დეკანოზ ილია ჭიღლაძისა და ეპისკოპოს პეტრე ცაავას შემთხვევაში სინოდის მიერ მიღებულ დადგენილებებს და ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაში სონოდმა უხეშად დაარღვია როგორც სამღვდელო პირის თავისუფალი გამოხატვის უფლება, ასევე ეპისკოპოსის კანონიკური დამოუკიდებლობა მის შიდაპარტიულ საქმიანობაში.

"დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახური, დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული)"- ნათქვამია სონოდის განჩინებაში. თეოლოგები კი მიიჩნევენ, რომ "არცერთი საეკლესიო კანონი არ უკრძალავს საერო ან სასულიერო პირს კრიტიკული აზრი გამოთქვას უმაღლესი იერარქების მიმართ. ეს თავისუფლება სათავეს იღებს ადამიანის როგორც ღვთის ხატად შექმნილის შესახებ დოგმატური სწავლებიდან. ასე გვასწავლის წმინდა იოანე დამასკელი: „მისცა რა ღმერთმა ადამიანს, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად სახელვდებთ, რადგან ‚ხატისებრიობა‘ გონისმიერობასა და თვითუფლებრიობას აღნიშნავს" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა 26). სწორედ ამ ხატების დასაბამიერ დიდებაში აღსადგენად განხორციელდა ღვთის ძე, რომელიც შემდეგ მის მოწაფეებს მიმართავს: „უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან“ (იოან. 15:15). " - წერენ თეოლოგები.

ისინი ამბობენ, რომ "მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მასაზრდოებელი პიროვნების თავისუფლებისა და აზროვნების, რაც არის ღვთის ხატება, იძლევა ძალაუფლების მართებული გაგების საღვთისმეტყველო კრიტერიუმს. ეს არის ქრისტეს მიერ ადამიანის გადასარჩენად გაღებულ მსხვერპლში გაცხადებული ღვთის სიყვარული.

ამგვარი სიყვარულითა და თავმდაბლობით განსაზღვრული ძალაუფლება ეკლესიაში გულისხმობს დაქვემდებარებული საეკლესიო ხარისხებისა და მორწმუნეთა მთელი ერისგან თანხმობის მიღების აუცილებლობას ეკლესიის მართვის საქმეში, ეკლესიის ერთსულოვნებას და ერთობას ეკლესიის წინამძღვართან, რაც ნიშნავს ეკლესიის მთელი სხეულის თანამონაწილეობას მის მმართველობაში. საეკლესიო მმართველობის სწორედ ამ საღვთისმეტყველო პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს ცალკეული პატრიარქებისა თუ ეპისკოპოსების, ასევე ეპისკოპოსთა კრების, სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განჩინებები, რომლებიც საჭიროებენ საღვთისმეტყველო-კანონიკური დასაბუთებით საეკლესიო ერისთვის გაცნობასა და მისგან თანხმობის მიღებას. აქედან გამომდინარე, მამა ილია ჭიღლაძეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სასულიერო თუ საერო პირს, აქვს სრული უფლება და ასევე მოვალეობაც გააკრიტიკოს იერარქთა საეკლესიო სწავლებისათვის და ქრისტიანული ზნეობისათვის შეუსაბამო ქმედები და ქადაგებები"- განმარტავენ თეოლოგები

"პეტრე ცაავა ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას" - ამ ბრალდებას უყენებს სინოდი დროებით მღვდელმსახურების უფლებაჩამორთმეულ ეპისკოპოსს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც მის ქმედებებს შეისწავლის.

"უნდა გვახსსოვდეს, რომ საეკლესიო კანონების თანახმად, სასულიერო პირთა დასი შედგება სამი საფეხურისგან (დიაკონი, ხუცესი, ეპისკოპოსი), რომელთაგან ეპისკოპოსი არის უმაღლესი სასულიერო პირი, ვისზეც აღსრულდება ხელდასხმის საიდუმლო. პატრიარქს აქვს მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესიის საერთო მმართველობის საკითხში უმაღლესი ადმინისტრაციული ძალაუფლება. თანასწორუფლებიანი ურთიერთობა უმაღლეს ადმინისტრაციული ძალაუფლების მატარებელ იერარქსა და რიგით ეპისკოპოსს შორის რეგულირდება „მოციქულთა კანონების“ 34-ე კანონის თანახმად, რომელიც განაჩინებს: „ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან, ასე აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმინდის მადლით.“ ამიტომ, უპირველეს საეკლესიო იერარქს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეპისკოპოსის შიდა ეპარქიულ საქმეებში, თუ ამ უკანასკნელის მოქმედების კანონიკურობა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ეპისკოპოსის მიერ მასზე დაქვემდებარებული სამღვდელო პირის კანონიკური დასჯა ან მისთვის „განტევების სიგელის“ ბოძება სხვა ეკლესიის იურისდიქციაში გადასასვლელად წარმოადგენს მის ექსკლუზიურ უფლებას, როგორც ეს ტრულის კრების (692 წ.) 17-ე კანონშია ასახული" - განმარტავენ თეოლოგები.

ჭყონდიდელი ეპისკოპორი პეტრე 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე გადააყენეს მღვდელმთავრობიდან მას შემდეგ რაც მან პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში ამხილა”. მის შემცვლელად ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს, სადაც არ წასულა.

11 თებერვლის სინოდის სხდომაზე გრიგოლ კაციამ ითხოვა ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან გათავისუფლება, რაც დააკმაყოფილეს და ის წალკის ეპარქიის მმართველად გაამწესეს, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაინიშნა, რომელიც ამავდროულად ითავსებს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობას.

სინოდის განჩინებაზე გამოხმაურების ავტორი თეოლოგები ღრმა რწმენას გამოხატავენ, რომ ეკლესიის მრევლი კონკრეტულ სასულიერო პირთა სიყვარულზე მაღლა დააყენებს ქრისტეს და მისი მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის საღვთისმეტყველო სწავლებებს, თვითონ კი ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიისთვის მზაობას გამოთქვამენ.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც სონოდმა ბოლო წლებში მიიღო

2020 წლის 20 მარტს სინოდმა პანდემიის დროს ტაძარში მისვლის და მღვდელმსახურების წესების ცვლილების საკითხზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, ანუ მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მას შემდეგ რაც მან პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში ამხილა”. მის შემცვლელად ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს

2018 წლის 27 დეკემბრის სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ 12 მაისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდებოდა. ამავე სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებდნენ.

2018 წელის 21 ივნისს კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს პატრიარქმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

2017 წლის ოქტომბერში სინოდში დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მსჯელობდნენ და გადაწყვიტეს, რომ სანამ „დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან“.

2017 წლის მარტში სინოდმა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე საპარტრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორობიდან გაათავისუფლა.

2016 წლის ივნისში სინოდმა გადაწყვიტა, რომ გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს დოკუმენტი „მარათლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“.

2015 წლის იანვარში სინოდმა „იმსჯელა ახალი საგნის – „მე და საზოგადოების“ შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც“. ამავე კრებაზე მოისმინეს რუსთაველი მიტროპოლიტის ანგარიში საპატრიარქოს სკოლებში სასწავლო შედეგების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ გასულ წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე 30-მა მოსწავლემ დაამთავრა, ვერცხლის მედალი კი 35-მა მიიღო.

2014 წლის იანვარში სინოდში ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მსჯელობდნენ. ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ და აღინიშნა, რომ იგი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ელესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის. ამავე სხდომაზე გამოითქვა იმედი მომავალში კანონის შეცვლის შესახებ.

2012 წლის ივლისში სინოდმა დაადგინა, რომ „საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG