Accessibility links

site logo site logo

ჩვენი უფლებრივი მდგომარეობა გაუსაძლისია - სოციალური მუშაკები


ქობულეთში 14 წლის გოგოს ტრაგიკული თვითმკვლელობის შემდეგ, სოციალური მუშაკების გაერთიანება თავიანთ წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„ჩვენ როგორც ბავშვზე ზრუნვის სისტემის ნაწილი, მივიჩნევთ, რომ დასაქმებული სოციალური მუშაკების უფლებრივი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და იმაზე რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა ვიდრე 2 წლის წინ, როდესაც გვქონდა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. დღეს არსებული რესურსებით ჩვენ არ შეგვიძლია საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული შემთხვევა, შევაფასოთ რისკები, დავგეგმოთ პრევენციული ან სარეაბილიტაციო მუშაობა“, - წერია 15 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„სისტემაში არის კადრების კრიტიკული დეფიციტი“

პირველი პრობლემური საკითხი, რომელსაც სოცმუშაკები უსვამენ ხაზს, მათი რაოდენობაა. განცხადების თანახმად, გაზრდის ნაცვლად, სისტემიდან რეორგანიზაციის საფუძვლით 2020 წლის იანვარში სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი:

„დღეს არსებული რიცხვი არ შეესაბამება სოციალური მუშაობის შესახებ კანონით აღებულ ვალდებულებებს. რის გამოც, თითოეულ სოციალურ მუშაკს უწევს საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობაზე მუშაობა“.

განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე სისტემაში არ არის არცერთი ფსიქოლოგი, რომელიც რეაბილიტაციის კუთხით იმუშავებს ბენეფიციარებთან; ხოლო თბილისის მასშტაბით მომუშავე ერთადერთი ფსიქოლოგი მუშაობს ოჯახურ დავებზე.

„ჩვენთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს გადაადგილება“

სოციალური მუშაკები, საკუთარი სამუშაოს შესასრულებლად, ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ასახელებენ სატრანსპორტო საშუალებას, რათა დროულად და შეუფერხებლად მივიდნენ დახმარების მომლოდინე მოქალაქესთან.

განსაკუთრებით გაჭირდა გადაადგილება პანდემიისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, რის გამოც სოციალურ მუშაკებს ტაქსისა და პირადი თანხის გამოყენება უწევდათ.

„დღეს გადასაადგილებლად გვჭირდება დიდი დრო და არსებული ერთადერთი მანქანა ვერ პასუხობს საჭიროებებს, მიუხედავად ამ საკითხის არა ერთხელ გაჟღერებისა, ხელმძღვანელი პირებისგან ადეკვატური პასუხი და გადადგმული რეალური ნაბიჯები არ გვინახავს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ვიმყოფებით ქაოტურ მდგომარეობაში“

განცხადების თანახმად, მიმდინარე რეფორმები არათუ ეხმარება სოც მუშაკებს დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებაში, არამედ პირიქით.

„ამ რეფორმების დაგეგმვისას არ ყოფილა გათვალისწინებული პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების ექსპერტიზა და გამოცდილება, ასევე არ იქნა გათვალისწინებული კადრების სიმწირე, არსებული სერვისების რაოდენობა და ხარისხი არ შეფასებულა სათანადოდ“, - აცხადებენ სოციალური მუშაკები და ამატებენ: „ვიმყოფებით პროფესიული და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, რაც ჩვენი შრომის ეფექტიანობას ამცირებს და ვერ ვაწვდით სათანადო დახმარებას ბენეფიციარებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG