Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლებას რთული არჩევანი აქვს, ნაცმოძრაობა ჩემთვის მიუღებელია


"იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას.

ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს - საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში", - ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მან ასევე გააკეთა განმარტები, მისივე თქმით, "სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის" და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით მისთვის სრულიად მიუღებელია. ასევე თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცველების ძალის გადაჭარბებას გმობს, თუმცა არ ამართლებს დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, ამავდროულად, ესმის გავრილოვის მიერ პარლამენტში წაყვანილი სხდომის შემდგომი პროტესტის და მის მიმართ სოლიდარულია.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.

XS
SM
MD
LG