Accessibility links

logo-print logo-print

გერმანიაში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


გერმანიაში 10 წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს ერაყელ სასულიერო პირს, რომელიც, როგორც იტყობინებიან, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დე ფაქტო ლიდერი იყო გერმანიაში. აჰმად აბდულაზიზ აბდულა აბდულა, რომელიც აბუ ვალაას სახელით არის ცნობილი, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის გაასამართლეს.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ ის ხელმძღვანელობდა ჯიჰადისტურ ქსელს, რომელიც ევროპაში ახალგაზრდების რადიკალიზაციას ეწეოდა და მათ ერაყსა და სირიაში გამგზავრებაში ეხმარებოდა.

ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ცელეს სასამართლომ 37 წლის აბდულა დამნაშავედ ცნო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობაში, ძალადობრივი აქტების მომზადებაში და ტერორიზმის დაფინანსებაში.

აბდულა იმამი იყო ქალაქ ჰილდესჰაიმის მეჩეთში, რომელიც მთელი გერმანიიდან იზიდავდა ისლამისტებს და რომელიც მოგვიანებით დახურა ხელისუფლებამ.

აბდულასთან ერთად გაასამართლეს კიდევ სამი პირი, რომელთაც რვა წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

კიდევ ერთ სასამართლო პროცესში ქალაქ კობლენცში სასამართლომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა სამოქალაქო პირების წამების ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG