Accessibility links

site logo site logo

პატრიოტული კიბერთამაშები და ჯარი ყველა ოჯახში - ხელისუფლება ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს ასწავლის


თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ჯერ კიდევ დამტკიცებამდე, პარლამენტში თქვა, რომ სამინისტრო მუშაობს „პატრიოტიზმზე ორიენტირებული” ქართული კიბერთამაშის შექმნაზე, რომელიც არა მხოლოდ ჯარისკაცებს, არამედ ფართო საზოგადოებასაც დააინტერესებს. 

ჯუანშერ ბურჭულაძე არ არის თავდაცვის პირველი მინისტრი, რომელიც თავის ამოცანად თვლის ჯარში, და არამხოლოდ, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას. მისმა წინამორბედმა, ორგზის პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ჯარის პოპულარიზაცია საბავშვო ბაღებიდან არის დასაწყები და „ჯარის თემა ყველა ოჯახში უნდა შევიდეს“.

კიდევ უფრო ადრე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ფუნქციონირებდა “პატრიოტთა” ბანაკები, სადაც ახალგაზრდები ყოველ დილას ჰიმნით იწყებდნენ - ამ ბანაკების ლიდერების ნაწილი მმართველ პარტიასთან იყო აფილირებული. ახალგაზრდებში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების საჭიროებაედუარდ შევარდნაძეც კი ხედავდა 2000 წელს და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს ერთ-ერთ მიზნად სწორედ ამას უსახავდა.

  • რას გულისხმობენ პოლიტიკოსები, როცა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე საუბრობენ?
  • არის თუ არა ჩინოვნიკების ზრუნვა მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე პოპულიზმი?
  • შეიძლება თუ არა, მოქალაქეებს სამშობლოს სიყვარული ხელისუფლებამ ასწავლოს?
  • რა ზრდის ჯარის მიმართ პატივისცემას - მწყობრი და გააზრებული პოლიტიკა თუ პატრიოტთა თამაშები კიბერსივრცესა თუ რეალობაში?

„კიბერთამაშები ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და გვინდა შევქმნათ ქართული თამაშები, რომელიც იქნება პატრიოტიზმზე ორიენტირებული და საინტერესო იქნება როგორც ჯარში მოხმარებისათვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან 21 თებერვალს.

რადიო თავისუფლება შეეცადა, გაერკვია მეტი დეტალი ამ პროექტის შესახებ, მაგალითად, რამდენი და როგორი თამაში შეიქმნება, რა დაჯდება თამაშების წარმოება, ვინ ქმნის მათ და როდის იქნება მზად. ჩვენს კონკრეტულ კითხვებს თავდაცვის სამინისტრომ ამ ზოგადი წერილით უპასუხა:

„საზოგადოებაში და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში სამხედრო-პატრიოტული ცნობიერების ამაღლებას თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს. აღნიშნულ მიზანს ემსახურება სამინისტროს ისეთი პროექტები როგორიცაა, „ჩვენი ჯარი“, „ჯილდო ცოდნისთვის“, „საქართველოს სამხედრო ისტორია“, „ერთი დღე ჯარში“.

სამინისტრო მუშაობს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა პოპულარულ კომპიუტერულ თამაშებში (მაგ. PUBG), სამხედრო გამოცდილების გათვალისწინებით, ვირტუალური მაკეტების შექმნას, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდები („გეიმერები“), მათ შორის თინეიჯერები, შესაბამის კიბერ-სპორტში იასპარეზებენ და ვირტუალურ ოპერაციებს ჩაატარებენ. აღნიშნული შეჯიბრებები, წარმოაჩენს, თუ როგორია მსგავსება და სხვაობა სამხედრო ქვედანაყოფის მიერ ოპერაციის დაგეგმვა-აღსრულებასა და გამოცდილი მოთამაშეების მიერ ჩატარებულ ვირტუალურ ოპერაციას შორის.

აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით უწყებაში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი”, - მოგვწერეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან.

ვითხოვეთ სპეციალური ჯგუფის წევრებთან დაკავშირება თამაშების შესახებ მეტის გასაგებად. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ „კიბერ-სპორტში მოასპარეზე არაერთმა ახალგაზრდამ სურვილი გამოთქვა მოირგონ სამხედრო უნიფორმა, აღჭურვილობა და შეეცადონ საწვრთნელ ობიექტზე ვირტუალურ სივრცეში ჩატარებული ოპერაციის გამეორება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აღნიშნულ აუდიტორიაში თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას და საკონტრაქტო და სარეზერვო სამხედრო სამსახურის კომუნიკაციას”.

"თუ თამაში უნდათ, გამოაცხადონ ღია კონკურსი"

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ჩოგოვაძე ამბობს, რომ ახალი ქართული თამაშის შექმნა ცუდი იდეა არ ჩანს, მაგრამ, თუკი ამაში ფულს სახელმწიფო იხდის, კონკურსის პირობები ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.

„თუ სახელმწიფოს ან რომელიმე სამინისტროს უნდა, ამაში [კიბერსპორტში] ჩაერთოს, გამოაცხადოს ღია კონკურსი, მიიღებენ მასში კომერციული ორგანიზაციები მონაწილეობას და ვინც გაიმარჯვებს, იმას დაეხმარონ, მაგრამ თვითონ რომ თავისი ინიციატივით რაღაც გააკეთონ, არასწორია. ჩვეულებრივი ბიზნესია ეს და თვითონ კონკურსის გარეშე არ უნდა გადაწყვიტონ, ვის გადაურიცხონ თანხა. ეს ხომ ბიუჯეტის თანხაა”, - ამბობს დავით ჩოგოვაძე და იხსენებს 11 წლის წინ ასევე სახელმწიფოს ინიციატივით შექმნილ თამაშს “პოლიცია”, რომლის შესაფასებლადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ მიიწვია, როცა თამაში თითქმის დასრულებული იყო, პროდუქტი საკმაოდ მდარე ხარისხის აღმოჩნდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო თამაშის შექმნის მიზნად ადგილობრივი ინდუსტრიის ხელშეწყობას ასახელებდა. გუნდი, რომელსაც ეს საქმე დაევალა, ახალბედა და დამწყები სპეციალისტებისგან შედგებოდა. შემოქმედებით ჯგუფთან ერთად თამაშის შექმნაში მაშინ პოლიციის აკადემიის ინსტრუქტორებიც იყვნენ ჩართული.

„თამაშები მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ბიზნესია, ეს ჩვენთან არ არის ჯერ ისეთი პოპულარული, თორემ კინოინდუსტრიასავით არის. ერთ თამაშზე შეიძლება იმაზე მეტი ადამიანი მუშაობდეს, ვიდრე ჰოლივუდის ფილმზე. მე ვლაპარაკობ კარგ, კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე თამაშზე, მაგრამ ესეც კინოსავით არის - შეიძლება ძალიან კარგი თამაში გააკეთო და ვერ გაყიდო ისე, რომ მოგება მოგიტანოს, შეიძლება პირიქით - ერთი რამ ნამდვილად არის, რომ კიბერთამაშების ინდუსტრია ძალიან დიდი ინდუსტრიაა და ბევრი ფული ტრიალებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ჩოგოვაძემ, რომელსაც უჭირს შეაფასოს, რა თანხა შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოს ახალი თამაშის შექმნა, ან არსებულის გადაკეთება, თუკი ამ გზით წავა. თამაშები ბევრნაირია და მათი ფასიც რამდენიმე ათასიდან რამდენიმე ასეულ მილიონამდეა.

კომპიუტერული თამაშების სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს უკვე არსებობს არაერთი უფასო ძრავი თამაშებისთვის, რომელზეც შეიძლება ავთენტური სიუჟეტისა და დიზაინის მორგება - ხარჯები მზა ძრავის შემთხვევაშიც განსხვავებულია იმის მიხედვით, რა კვალიფიკაციის და რაოდენობის სპეციალისტებს ჩართავ პროექტში, რა სიმძლავრის თამაშს შექმნი და რა რესურს დახარჯავ მის მარკეტინგში.

"ჯარისკაცი დღეს არავის არ ედარდება"

„სანამ თავდაცვის სამინისტროში პროფესიონალი კადრების გადინებას არ მიეხედება, სანამ სამხედრო პენსია არ იქნება ღირსეული და სანამ სამხედრო მოსამსახურის სტატუსი არ იქნება თვითონ სამინისტროში აღქმული, როგორც ყველაზე საამაყო, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე პრესტიჟული პროფესია, მანამდე ვერანაირი კომპიუტერული თამაში ვერ აწევს ეროვნულ სულისკვეთებას. თუ ერთი ხელით თავდაცვის მინისტრი შეგნებულად გაანადგურებს სამხედრო ავიაციას, და მეორე ხელით მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს გაუშვებს ემიგრაციაში, დატოვებს მათ ოჯახებს მშიერს - ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს არ ესმის ის გამოწვევები, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და მისი თავდაცვისუნარიანობა დგას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკატერინე ქვლივიძე, პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მან სამხედრო სამსახური 2019 წელს 12-წლიანი სამხედრო კარიერის შემდეგ ისე დატოვა, რომ სამინისტრო კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტისთვის 28-ათასლარიანი ჯარიმის დაკისრებით ემუქრებოდა. მაშინ ეკა ამბობდა, რომ სამხედრო სამსახურის დატოვება იძულებითი იყო: 2016 წლის შემდეგ აღარ მისცეს ფრენის უფლება, უარი უთხრეს მისიებში მონაწილეობაზე, იყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი. ძვირადღირებულ სამხედრო წვრთნას, რომელიც ამერიკულმა მხარემ დააფინანსა, ქართულ ჯარში არ აფასებდნენ და მას დაწინაურების ნაცვლად ეუბნებოდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა, ეს ფული კაცი მფრინავების გადამზადებას მოხმარებოდა.

სამხედრო მფრინავი ქალი ფრენის უფლების გარეშე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:41 0:00

დღეს ეკა ამბობს, რომ მფრინავები, ვინც მაშინ ჯარში დარჩნენ და ამ დრომდე იქ არიან, მთელი ამ დროის განმავლობაში საფრენი წვრთნების გარეშე დარჩნენ - ეს დაახლოებით იგივეა, ქირურგი რომ წლობით ოპერაციას არ აკეთებსო, ამ ანალოგიით ცდილობს ყოფილი მფრინავი ვითარების სიმძიმის ახსნას. მისთვის ჯარის შესახებ სასკოლო სწავლებები ან ეროვნულ თემატიკაზე „კიბერთამაშების” შექმნა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თავდაცვის მინისტრებს პრობლემის არსი არ ესმით:

„ამგვარი მინისტრები, სამწუხაროდ, მგონია, სპეციალურად ინიშნებიან იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონდეს ის ფუნქცია, რაც მას სინამდვილეში აქვს. ჩვენი ჯარისკაცები ამას არ იმსახურებენ. საქართველოში ჩვენ ჩვენი ჯარისკაცების დაფასება არც არასოდეს გვიჭირდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბოლო პერიოდში ზოგადად ნიჰილიზმით არის ყველაფერი სავსე - დღევანდელ სამხედრო მოსამსახურეს პირველ რიგში იმის განცდა სჭირდება, რომ სახელმწიფო დგას მის უკან და მყარად იდგება. რომ თავდაცვის სამინისტრო მას დააფასებს - მინიმალური ხელფასებია, პენსია საერთოდ დამცინავია.

20-წლიანი მსახურობის შემდეგ სამხედრო პენსიაზე თუ გახვალ, განწირული ხარ შიმშილისთვის და ერთადერთი, რაც გრჩება, არის ის, რომელიმე კერძო დაცვის კომპანიაში იმუშაო და სამ დღეში ერთხელ ღამე ათიო - ასეთი ბედისთვის ჰყავს ჩვენს ქვეყანას დღეს ტანკისტები, სამხედრო მფრინავები, არტილერისტები განწირული. ქვეყნებში, ვისთვისაც ჯარი მნიშვნელოვანია, ძირითადად ხელფასის 80% მაინც უნარჩუნდებათ პენსიაზე გასვლის შემდეგ სამსახურში და იმას აღარ მოვყვები, რამდენად განსხვავებულია მოქმედი სამხედროების ანაზღაურება სხვაგან და ჩვენგან”, - ამბობს ყოფილი სამხედრო მფრინავი. ჯარიდან წამოსვლის შემდეგ ის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს ასწავლიდა ფრენას. მერე პოლიტიკურ პარტია „ლელოში” გაწევრიანდა და უნივერსიტეტის დატოვებაც მოუწია. მისთვის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმის საჩვენებლად, რომ ჯარში მსახურება არათუ პრესტიჟული და სასურველი, არამედ ტანჯვასთან არის ასოცირებული ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის, „გირჩის” „ბიბლიურ თავისუფლებაში” გაწევრიანებული წვევამდელები არიან, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან ასარიდებლად „გაურკვეველ რელიგიურ ორგანიზაციაში” წევრიანდებიან და ფულსაც კი იხდიან ამ ვალდებულების გადავადებაში. სამინისტრო სწორედ ამაზე უნდა მუშაობდეს - სისტემის რეფორმასა და პროფესიული ჯარის გაძლიერებაზე, ამ ვითარებაში კიბერთამაშების დაანონსება თავდაცვის მინისტრის მხრიდან დაცინვაა და სხვა არაფერიო, - ამბობს ეკა.

"მთელი ჩვენი ხელისუფლების მოქმედებები არის თამაში პატრიოტიზმზე"

„თავდაცვის სამინისტროს, მთლიანად მთავრობის და ზოგადად ხელისუფლების ვალია, კარგი მართვის, ტოლერანტობის, თანასწორობის მაგალითები აჩვენოს ამ ქვეყნის მოსახლეობას, დიდსაც და პატარასაც. როცა სწორად არ იქცევი, სახელმწიფოებრივად არ მოქმედებ და მეორე წუთში ამბობ, მე შენ კომპიუტერულ თამაშს გაგიკეთებ პატრიოტიზმზეო, ანეკდოტური სიტუაციაა, აბსურდია. თან როცა ამას აკეთებ მაშინ, როცა მთელი სამყარო შენ წინააღმდეგ არის აჯანყებული, იმის გამო, რომ დემოკრატიული პროცესები არ მიდის შენს ქვეყანაში, ტოტალიტარიზმისკენ მიდიხარ, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ არ გიყვარს შენი ქვეყანა და არც პატრიოტი ხარ. ამ დროს იმის თქმა, რომ „დიჯითალ კონტენტებს შექმნი პატრიოტიზმზე”, დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ამბობდე, რუსეთის გუბერნია გავხდები, მაგრამ ფლაერებს დავბეჭდავ და დავარიგებ ქუჩაში სამშობლოს სიყვარულზეო”, - ამბობს რევაზ აფხაზავა, განათლების მკვლევარი, რომელიც ეროვნული სულისკვეთების ამაღლების და პატრიოტიზმის სწავლების ინიციატივების პასუხად გვახსენებს, რომ ამ საკითხებს ისედაც მოიცავს და ფარავს როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები - დოკუმენტები, რომელზეც დგას სასკოლო განათლება და რომელიც უკვე წლებია, მოქმედებს.

რეზო აფხაზავა ამბობს, რომ პრობლემა სწავლებაშიც, ურთიერთობებშიც და სახელმწიფოს მართვაშიც მაშინ იწყება, როცა სიტყვები და მოქმედებები ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც არ შეიძლება, მასწავლებელი ბავშვებს არწმუნებდეს იმაში, რომ ტყუილი ცუდია და თვითონ ამბობდეს მათ გასაგონად ტყუილებს, ისე არ შეიძლება, გადაწყვეტილების მიმღები პირები საუბრობდნენ სამშობლოს სიყვარულზე და სასიკეთოს არაფერს აკეთებდნენ ქვეყნისთვის.

„სამწუხაროდ, მთელი ჩვენი ხელისუფლების მოქმედებები არის თამაში პატრიოტიზმზე და ამას აღარ უნდა დიჯილატიზაცია და დაინსტალება, ისედაც ვუყურებთ ამ თამაშს. ეს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, არის ტრაგედია და ეს ტრაგედია გვეხება ჩვენ და ჩვენს შვილებს. დღეს, შეცვლილი გეოპოლიტიკის პირობებში, ქვეყანა ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ნატოს გაფართოების ტალღაში მოჰყვეს საქართველოც და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ - თურმე თამაშს პატრიოტიზმზე”, - ამბობს რეზო აფხაზავა. ის თვლის, რომ განათლების რეფორმაც, რომლის საჭიროებაც წლებია არსებობს, შეიძლება შევადაროთ მრავალ ფრონტზე ერთდროულად წარმოებულ ომს გამარჯვებისთვის, მაგრამ ამ მეტაფორის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მოხელეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რჩებოდნენ და ნაკლებად აკეთებდნენ პოპულისტურ განცხადებებს სამშობლოს სიყვარულის სწავლის აუცილებლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG