Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბები დახვრეტილთა ოჯახებიდან


იმ ადამიანთა ხმამ, რომლებმაც საბჭოთა ტერორი გამოიარეს, დღემდე მხოლოდ ახლობლების გადმოცემით მოაღწია. ისინი, ვინც მაშინ პატარა ბავშვი იყო, დახვრეტილი და გადასახლებული ოჯახის წევრების შესახებ ჰყვებიან.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ საბჭოთა ტერორის შესახებ ზეპირი ისტორიების ჩაწერა 2010 წლიდან დაიწყო. ათი წლის განმავლობაში 250-მდე ასეთი ჩანაწერი დაგროვდა. მათი გამოცემა სამ ტომად იგეგმება. უკვე გამოვიდა პირველი ტომი, „პირისპირ“, რომელშიც შესულია 1921-1935 წლებში მომხდარი 26 ამბავი, 26 ადამიანის ისტორია, რომელსაც შთამომავლები იხსენებენ.

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრი ნიკოლოზ ბულეიშვილი სახლიდან რომ წაიყვანეს და გადაასახლეს, მისი შვილი, მარინე ბულეიშვილი, პატარა იყო და ბევრი რამ თავადაც გადმოცემით ახსოვს: ჩემი და შეახტა და მოეხვია და არ უშვებდა და რამდენი ტირილი და რაღაცა ატყდა. ეს ბიბლიოთეკა მთელ სახლში იყო მოფენილი. რას ეძებდნენ, ერთი ვიცოდე... რომ ჩამოვიდა მამაჩემი, მთელი ნათესაობაპერონზედახვდა, მაგრამ მამაჩემი არ ჩანდა. წამოვიდნენ გულდაწყვეტილები, მკვდრები. სულ ყველა ვზივართ სახლში და რაშია საქმე, ვერ გაგვიგია! ჰოდა, უცებ მოვიდა - მოკაკვული, „ბუშლატში“, რაღაცა საშინელი ფეხსაცმელი... ნუ, საშინელება! „ბრადიაგარომ გინახია... ისეთი პეწიანი კაცი იყო...“

საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, ვინც ეს ისტორიები ჩაიწერა, ამბობს, რომ რეპრესიები საქართველოში, დაახლოებით, 250 ათას ადამიანს შეეხო. თუმცა ზუსტი ციფრის დასახელება მაინც ჭირს. რეპრესიები ძირითადად სამ ეტაპად იყოფა: ოკუპაციიდან კოლექტივიზაციამდე (1921-1935 წწ.), კოლექტივიზაციიდან სტალინის სიკვდილამდე (1936 -1953წწ) და პოსტსტალინური ეპოქა, რომელიც 80-იან წლებამდე გაგრძელდა.

„წიგნის მეორე ტომზე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, წელს დავამთავრებთ. აქ თავმოყრილი იქნება 1936-1953 წლების რეპრესიები - ყველზე მასშტაბური და კატასტროფული ტერორი, მეორე მსოფლიო ომი, მასობრივი ეთნიკური დეპორტაციები“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

თოფი და ბუფეტი

მენშევიკი ტატე შუშიაშვილი რამდენჯერმე დააპატიმრეს, ბოლოს კი, 1937 წელს, დახვრიტეს. წიგნში „პირისპირ“ მისი შვილიშვილი, ქეთევან გოჟიტაშვილი, იხსენებს, როგორ ნახა მეგობრის სახლში ულამაზესი ბუფეტი, რომელიც მათი სახლიდან იყო გატანილი: ჩემს მეგობართან (არ მინდა იმის გვარის და სახელის დასახელება)... ვიყავი სახლში. პროკურორი იყო იმისი მამა. სახლში რომ მივედი, დედას ვუთხარი, რომ - დედა, იცი, რა ლამაზი ბუფეტი ედგათ-მეთქი სახლში, და დედაჩემს ცრემლები წამოუვიდა. ჰოდა, რატომ ტირიხარ? - მე ვუთხარი (ჩვენ ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით, აი, ძლივს გაგვქონდა თავი, იმდენად გაჭირვებული იყო დედაჩემი). - ეგო ჩვენი იყოო! ანუ , დაირიგეს იქ, ვინც ამსაქმეშიიყო გარეული“.

ბინისა და ქონების დასაკუთრების გამო დასმენა იშვიათი არ იყო. უფრო მეტიც, ლევან მიროტაძე ნათესავის, გრიგოლ მიროტაძის, ამბავს ჰყვება. გრიგოლს ნადირობა უყვარდა. ორი ძაღლი ჰყავდა და კარგი თოფი ჰქონდა. სწორედ ეს თოფი მოუვიდა ვიღაცას თვალში და სადაც ჯერ არს, იქ დაასმინა.

გრიგოლ მიროტაძე
გრიგოლ მიროტაძე

„როგორ მიხვდნენ ჩვენები, რომ დაკავებულია? - არ გამოჩნდა!.. ძაღლებმა ამოირბინეს, იმიტომ რომ, ხშირად ხომ მოდიოდა აქა, და ჩვენებმაც - კარს ფოთნიდნენ, ფხოჭნიდნენ თურმე! გააღეს ჩვენებმა. ნახეს, გრიგოლის ძაღლებია - აბრეკა და კოლეტა. შემოცვივდნენ ეს ძაღლები, არტყეს სახლში წრე, გაცვივდნენ ისევე. და მერე... ვიღაც მონადირისთვის უთხოვიათ, რომ - წაიყვანე, დაიღუპება. არ ჭამდნენ, არ სვამდნენ. იქ, სახლში, ელოდებოდნენ“.

მტრის ცოლის ან შვილების იარლიყით ცხოვრება ნიშნავდა, რომ სამსახურში არავინ მიგიღებდა და ნათესავებს სამადლოდ უნდა ერჩინე. შენთვის მიუწვდომელი იყო ყველა ის კომფორტი თუ პრივილეგია, რომელიც სხვებს ჰქონდათ, ესეც - უკეთეს შემთხვევაში, რადგან შეიძლება საერთოდ ვერც გადარჩენილიყავი ცოცხალი.

დახვრეტილები და საჯიშედ დატოვებულები

ვენერა ასათიანი ჯერ დაბადებულიც არ იყო, როცა მამამისი, გერასიმე ასათიანი, ცაგერში ანტისაბჭოთა აჯანყებაში მონაწილეობის გამო დახვრიტეს. გერასიმეს ცოლი ორსულად დარჩა, ახალნამშობიარევზე კიდევ მიაკითხეს ოჯახს. ერთმა ჩვილზე თქვა, გავსრისოთ ეს გველის წიწილიო.

მოკვლას მიპირობდა და, სხვათა შორის, მერეც ვნახე ის კაცი. მაშინ ბოლნისში ვიყავი და ბიძაჩემმა დაპატიჟა ცაგერის ხალხი. ჰოდა, იმან ახლა არ იცოდა, მე რომ რუსული ვიცოდი და ამხანაგს უთხრა (რომ გაიგო, ვინ ვიყავი), ეგიო ჩექმით კინაღამ გავსრისეო და რამხელა ქალი არიო?! და ბიძაჩემს რომ ვუთხარი ეგი, გაგიჟდა და ჩხუბი ატყდა მაგიდაში და გამოაგდო დაპატიჟებული ხალხი, კარში გამოყარა“, - იხსენებს ვენერა ასათიანი მკვლევრებთან საუბრისას.

იყო გადარჩენის უცნაური შემთხვევებიც - ხან დროებით, ხან სამუდამოდ. ბოლშევიკმა ვანო სტურუამ რომ გაიგო, ცხენისწყლის პირას ხალხს ხვრეტდნენ, სასწრაფოდ დასავლეთ საქართველოში წასვლა გადაწყვიტა. ხარაგაულში გზა გადაკეტილი დახვდა.

იქ ხომ ამბოხება იყო და რკინიგზა გადაკეტილი დახვდა და დააკავეს... ჰოდა, ამას უთქვია, გამიშვითო, ბიძიკოებოო (ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ). ცხენისწყლის ხიდზე ხალხს ხვრეტენ და მეო გადავარჩენ იქ ხალხსო. ჩემი აქ დაკავება რაო, კიდეც რომ მომკლათ მე, რაო?.. მერე იქ, ეტყობა, ვიღაც ისეთი გამოჩნდა, მოდი, ეს ერთი კაცი გავუშვათო, რა, და - გაუშვეს. მაგან შეაჩერა იქ ის დახვრეტები. აი, დაყოვნების გამო მოხდა, რომ რამდენიმე პარტია ხალხი დაიხვრიტა და რომ ჩამოვიდა, შეაჩერა დახვრეტები“, - ჰყვება გურამ კაკაბაძე, რომლის ბაბუაც სწორედ ცხენისწყლის პირას დახვრიტეს.

გიორგი ალექსი-მესხიშვილი კი, რომელიც წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა, დახვრეტას საკუთარმა გარეგნობამ გადაარჩინა, თუმცა დროებით.

მარჯვნიდან პირველი გიორგი ალექსი-მესხიშვილი
მარჯვნიდან პირველი გიორგი ალექსი-მესხიშვილი

„ორჯონიკიძემ ბრძანება გასცა, გიორგი ალექსი-მესხიშვილი საჯიშედ დატოვეთ!.. რა არის ახლა ეს?! - ძაღლია, კატაა, ცხოველია? აი, პირდაპირ ესე, და გამოუშვეს მაშინ და 37 წელს ვინღა გამოუშვებდა“, - იხსენებს მისი შვილი, ლალი ალექსი-მესხიშვილი.

სწორედ სამხედრო პირთა მასობრივი განადგურება გახდა მიზეზი იმისა, რომ უკვე მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მხრიდან მსხვერპლის მასშტაბი შეუსაბამოდ დიდი იყო.

მასობრივი ტერორის დროს წმენდის ერთ-ერთი სამიზნე იყო წითელი არმიის სამეთაურო შემადგენლობა, საშუალო და მაღალი რანგის ოფიცრები. ომის პირველი წლების კატასტროფის მიზეზი არის ის, რომ გამოცდილი ძველი სამხედრო ნაწილი უკვე თვითონვე ჰყავდათ განადგურებული და სრულიად უსუსურები აღმოჩნდნენ გერმანული მანქანის წინაშე“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ის ლაპარაკობს ასევე იმაზე, თუ რა ზეგავლენა მოახდინა რეპრესიებმა, ზოგადად, მოსახლეობის დემოგრაფიაზე. ამ მხრივ სტატისტიკა არ არის დამუშავებული, თუმცა არსებობს ორგანიზაცია Jumpstart Georgia-ს მიერ გაკეთებული ინფოგრაფიკა. ცესკოს 2010 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ ამომრჩეველთა დაბადების თარიღები დაამუშავა, რის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის ბუნებრივ მატებაში რამდენიმე ჩავარდნაა, მათ შორის ერთი, შედარებით პატარა ჩავარდნა, 37-38 წლებში და გაცილებით მასშტაბური - ომის პერიოდში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG