Accessibility links

site logo site logo

დასრულდა შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა


8 თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს დასრულდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა. შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის ხუთივე ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, ვახტანგ ჩიქოვანმა, არასრულწლოვნებმა ზ.ხ-მ და ა.ქ.-მ საბოლოო სიტყვით მიმართეს მოსამართლე ბიძინა სტურუას.

“დღეს იყო ემოციურად დატვირთული პროცესი... ამ მოცემულობით, მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გვაქვს. ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოს უთხრა, რომ ის სრულიად უდანაშაულოა, მას გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანიდან გადმოსვლამდე სიბნელეში გაუჩინარდა შაქარაშვილი. ზოგადად, ჩიქოვანი დიდ მწუხარებას გამოთქვამს, რომ იმ ადგილას იმ დროს აღმოჩნდა, თუმცა, უდანაშაულოა და გამამართლებელ განაჩენს ელოდება",- განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ.

ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილიც გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურად ბრალდების მხარე შეგვეცოდა, რადგან ფაქტობრივად, სამართლებრივი კუთხით გადათელვა მოხდა, ამის თქმა არ მომერიდება.” - თქვა მან პროცესის დასასრულს.

"ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა. მეც მოვკვდი იმ დღეს და თქვენი ბრალია, რომ გიორგის დედას და საზოგადოებას შეუქმენით იმის განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი",- აღნიშნა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მორაგბე, არჩილ გაგნიძემ.

გაგნიძის დედა, ლია გელაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ნამდვილად უდანაშაულოა და არჩილს გული სტკივა იმის გამო, რომ იმ ადგილას აღმოჩნდა, სადაც გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალა, სტიკვა იმის გამო რომ ვერ დაეხმარა გიორგის.

"თუკი სწორ ადამიანებს ციხეში ჩაყრიან არ არის გამორიცხული გავაპროტესტოთ განაჩენი" - თქვა ლია გელაშვილმა, რომელიც ასევე გამოთქვამს იმედს, რომ მოსამართლე გაამართლებს მის შვილს და სხვა ბრალდებულებს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ივნისის ბოლოს, ბრალი წარედგინა 17 ადამიანს, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო, სადაც ბრალი წარედგინათ „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ორ არასრულწლოვანს ზ.ხ-სა და ა.ქ.-ს.

ბრალდებულების წარმოთქმული ბოლო სიტყვები სასამართლოზე პროკურორის თქმით უფრო თავის შეცოდების მცდელობა იყო და არა იმის დასაბუთებული ახსნა, რაც 2020 წლის 19 ივნისს მოხდა.

პროკურორი დავით ყაზარიშვილის თქმით, ბრალდებულებმა იცრუეს სასამართლოზე და მათი სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის ფაქტებთან.

იგი თვლის, რომ საქმეში დევს ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეს მისცემს საშუალებას ხუთივე ბრალდებული ჯგუფურად მკვლელობაში სცნოს დამნაშავედ.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის სასჯელის მაქსიმალურ ზომას, 17 წლით პატიმრობას ითხოვს.

სასამართლოს განაჩენი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG