Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რატიფიცირებულია შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმი


საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით, მხარი დაუჭირა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას.

გაეროს კონვენცია ამ სფეროში ყველაზე მაღალი სტანდარტის ოფიციალური დოკუმენტია. კონვენციით აღიარებული პრინციპები საფუძვლად ედება მონაწილე ქვეყნების ეროვნულ პოლიტიკას.

ფაკულტატური ოქმი მიზნად ისახავს კონვენციის განხორციელების მხარდაჭერასა და მონიტორინგს და ორ პროცედურას ითვალისწინებს:

  1. უფლებების აღდგენის მიზნით ინდივიდუალური საჩივრების განხილვას და რეკომენდაციების მიღებას;
  2. კონვენციის უხეში და სისტემატური დარღვევების საიმედო მტკიცებულებების გამოკვლევას და რეკომენდაციების მიღებას.

ოქმის რატიფიცირებით, საქართველო აღიარებს გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის“ კომპეტენციას, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს პირების, პირთა ჯგუფის, ან მათი სახელით წარდგენილი შეტყობინებები, რომ არიან სახელმწიფოს მიერ კონვენციის დარღვევის მსხვერპლნი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოქმის რატიფიცირებას ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება უწოდა: „ადამიანის უფლებათა დამცველებს და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება... იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ეს გადაწყვეტილება ცხოვრებას უკეთესობისკენ გააუმჯობესებს“.

საქართველომ გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას“ და მის ფაკულტატურ ოქმს ხელი 2009 წელს მოაწერა, თუმცა, დღემდე რატიფიცირებული ჰქონდა მხოლოდ კონვენცია, რომელიც ქვეყანას აკისრებს ვალდებულებას, შშმ პირთა სამოქალაქო ინტეგრაცია და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG