Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარტოგრაფების ადვოკატები მოწმეთა სიაში ელენე ხოშტარიას დამატებას ითხოვენ


კარტოგრაფების საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და სთხოვა, მტკიცებულებებს დაემატოს მოძრაობა "დროას" მიერ მომზადებული გამოძიება ამ საქმის მნიშვნელოვანი მოწმისა და მტკიცებულებების რუსეთიდან საქართველოში ჩამომტანის, დავით ხიდაშელის შესახებ, მოწმეთა სიას კი - ელენე ხოშტარია, რომელიც გამოძიებაში საუბრობს ხიდაშელის რუსულ სპეცსამსახურებსა და დანაშაულებრივ რეჟიმებთან კავშირებზე.

გამოძიება დავით ხიდაშელის შესახებ ელენე ხოშტარიამ 26 მარტს გამოაქვეყნა. სასამართლოში მსჯელობისას, სახელმწიფო ბრალდების მხარემ თქვა, რომ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ გაეცნონ ამ ვიდეოჩანაწერის შინაარსს და ამის მიხედვით გადაწყვიტონ, მიიჩნევენ თუ არა მას დასაშვებ მტკიცებულებად, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე მომდევნო სხდომაზე, 23 აპრილს მიიღებს. ბრალდებულების ადვოკატები, ამტკიცებენ რა, რომ კარტოგრაფების საქმე არ ემსახურება მართლსაჯულების ინტერესებს და წამყვანი ამ საქმეში პოლიტიკური მოტივია, მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევენ მოწმეთა და მათი ინტერესების, კავშირების შესახებ მტკიცებულების დართვას საქმეზე.

პირველ სასამართლო სხდომაზე სასამართლო ბრალდებულების და მათი ადვოკატების შესავალ სიტყვებს ისმენდა. ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ამ საქმეში არც მას და არც ნატალია ილიჩოვას იოტისოდენა დანაშაული არ აქვთ ჩადენილი და ისინი თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მხოლოდ საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდნენ, ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაშვილმა კი ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქმის პოლიტიკურ შემადგენელს ადასტურებს ისიც, როგორ იბრძვის სახელმწიფო მანქანა მათი დაცვის უფლების შესაზღუდად. ამის მაგალითად გიორგი მახარაშვილმა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოიყვანა, სადაც პროკურატურის მიერ დანიშნულ ექსპერტიზებზე პასუხი 4 დღეში მომზადდა, დაცვის მხარის მიმართვის შემდეგ კი იმავე სირთულის ექსპერტიზა 2 თვის შემდეგ დაინიშნა [ივერი მელაშვილის ადვოკატებმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს დეკემბერში მიმართეს], დასკვნა კი ჯერაც არ მომზადებულა.

"დაცვის მხარე აცხადებს, რომ სექტემბერში, როდესაც ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა, თითქოს ის ოთხ დღეში ჩატარდა, რაც არასწორია, რადგან ამ ექსპერტიზაში მონაწილეობდა შვიდი ექსპერტი, ერთი ექსპერტი 12 დღის განმავლობაში უწყვეტად ატარებდა ამ ექსპერტიზას და მან მხოლოდ ერთ კითხვას გასცა პასუხი. მათ ექსპერტიზის დასკვნა არ მიუღიათ, ასევე არ მიგვიღია ჩვენ", - ასე უპასუხა ადვოკატის შესავალ სიტყვაში გამოთქმულ მოსაზრებას პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მედიასთან საუბრისას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

"ურთულესი კატეგორიის საქმე" უწოდა კარტოგრაფების საქმეს მოსამართლე დალი მეტრეველმა, რომელმაც მომდევნო სხდომები 23 და 27 აპრილს და 14 მაისს ჩანიშნა. სასამართლო შემდეგ სხდომებზე უკვე მოწმეთა გამოკითხვას და მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. ამ საქმეზე პროკურატურას მოწმეთა სიაში 100-ზე მეტი პირი ჰყავს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, ასევე სასულიერო პირები დავითგარეჯის მონასტრიდან და თავად ბრალდებულების კოლეგები სასაზღვრო პოლიციიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მოწმეთა სიაში არ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, დავით ხიდაშელის თქმით, პირადად დაავალა მას რუსეთის არქივებიდან მასალების ჩამოტანა, და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომლის არაერთი თანამშრომელიც იყო ჩართული გამოძიების დროს ფარული მოსმენების და მიყურადების სისტემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG