Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რჩება თუ არა დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების საკითხი?


შარლ მიშელი, კრისტიან დანიელსონი
შარლ მიშელი, კრისტიან დანიელსონი

ევროკავშირის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გრძელდება. რა საკითხების ირგვლივ იქნება შესაძლებელი შეთანხმება? 

თბილისში დაბრუნებულმა მედიატორმა, კრისტიან დანიელსონმა მთავარი შეხვედრების დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, 28 მარტს, საგანგებოდ შეაქო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული გეგმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ამ გეგმაში პროგრესულ, მომავალზე ორიენტირებულ და გარდაუვალ კომპრომისებს ხედავს. შარლ მიშელის ჩარჩოგეგმიდან არასამთავრობო ორგანიზაციების 6-პუნქტიან ჩამონათვალში არ არის მოხვედრილი ვადამდელი/ადრეული არჩევნები - საკითხი, რომელიც ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს და რასაც კატეგორიულად გამორიცხავს „ქართული ოცნება“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 29 მარტს, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგაც გაიმეორეს ბოლო პერიოდის მთავარი გზავნილი - ვადამდელი არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, მმართველი პარტიის ეს პოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მედიატორის მიერ შეთავაზებული საკითხების ერთი ნაწილი პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა შეთანხმდეს.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა:

  • „მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება... არ იქნება არცერთ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები“;
  • „დღეს აქედან (შარლ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმიდან) 2-3 პუნქტზე გვქონდა საუბარი... ყველა პუნქტი განიხილება - დღეს საუბარი გვქონდა რამდენიმე პუნქტზე“;
  • „მოდერატორი გვთავაზობს თავის დღის წესრიგს, რაც არის ნორმალური მოვლენა... მას აქვს მოდერატორის ფუნქცია... მას ჰქონდა გარკვეული წინადადებები და ამასთან დაკავშირებით აინტერესებდა ჩვენი პოზიციები და ჩვენ ეს პოზიციები გავაცანით“;
  • „გარკვეულ საკითხზე პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ; გარკვეულ საკითხებზე დღეს მოგვიანებით, მომდევნო შეხვედრის დროს დავაფიქსირებთ პოზიციას“;
  • „დამატებით განხილვა გვექნება, მათ შორის - პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ დამატებით შევჯერდებით პოზიციაზე“;
  • „ჩვენი პოზიციების გათვალისწინებით გაგრძელდება დისკუსია ოპოზიციის მონაწილეობით და შემდეგ ერთად დავსხდებით ალბათ მაგიდის გარშემო“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მთლიანად აირია ოპოზიციურ პარტიებთან კრისტიან დანიელსონის შეხვედრების გრაფიკი. მაგალითად, 7 საათისკენ გადაიწია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ 3 საათისთვის დანიშნული შეხვედრა და კიდევ უფრო გვიან დაინიშნა შეხვედრები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, შარლ მიშელის გეგმის გარშემო თავიანთი პოზიციები კიდევ ერთხელ დაადასტურეს და პროცესი 30 მარტს გაგრძელდება.

მხარეების ერთობლივი შეხვედრა, სავარაუდოდ, ასევე 30 მარტს გაიმართება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 29 მარტის შეხვედრებზე არ იყო განხილული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული გეგმა.

მას შემდეგ, რაც 27 მარტს საქართველოში დაბრუნდა, კრისტიან დანიელსონმა მრავალჯერ გაიმეორა, რომ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება აუცილებელ კომპრომისებს მოითხოვს. დეტალები მას არ დაუკონკრეტებია და არც იმაზე ულაპარაკია, იგულისხმება თუ არა კომპრომისებში, მაგალითად, უვადო არჩევნების დანიშვნის საკითხის დათმობა ოპოზიციის მიერ.

მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, 28 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, მან ხაზგასმით მოიწონა მე-3 სექტორის მიერ შემუშავებული 6-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც რიგგარეშე არჩევნები საერთოდ არ არის ნახსენები. სამაგიეროდ, ლაპარაკია ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე - პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გამოშვებისა და ძირეული სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ.

ეს ფაქტი არ გამოჰპარვიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა გვითხრა, მე-3 სექტორმა სავარაუდოდ თავი შეგნებულად აარიდა ამ საკითხს, თუმცა ოპოზიცია არ აპირებს რიგგარეშე არჩევნების თემის დათმობას და არც ოპოზიციის ერთიანობას ემუქრება საფრთხე. წიკლაური გვეუბნება, რომ ასეთივე ერთიანია პოზიცია პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებითაც.

„მესმის, რომ ასეთი ვითარება, ასეთი პოლიტიკური ტურბულენტობა მისაღები არ არის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის... და შესაძლოამ ისინი ამით კიდეების მომრგვალებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან პრინციპულია და ამას ჰაერზე არ ვამბობ.

შეიძლება არის ტაქტიკური განსხვავებები და არიან ისეთი პარტიებიც, რომლებსაც უფრო უნდათ (შარლ მიშელის) 6-პუნქტიანი გეგმის სრულად შესრულება, მაგრამ ამ ორი მთავარი საკითხის გარეშე, არ ვვარაუდობ, რომ ჩვენს შორის გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში შევა.

ასეთ შემთხვევაში პარლამენტი დარჩება ერთპარტიული. ჩვენი ბლოკის წარმომადგენლები და, რამდენადაც მე ვიცი, არც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ შევლენ პარლამენტში“, - გვეუბნება წიკლაური.

გასული კვირის მიწურულს, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკიდან, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხელი არ მოაწერა ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილის ერთობლივ წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები უცვლელ პრიორიტეტებად რჩება. „რესპუბლიკელებმა“ ფაქტი იმით ახსნეს, რომ მათთვის მიუღებელია წინაპირობების წამოყენება მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ.

29 მარტს რადიო თავისუფლებას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ უთხრა, რომ კრისტიან დანიელსონთან გაგრძელდება მსჯელობა ვადამდელი არჩევნების საკითხზეც, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ წინასწარ შემუშავებულ გეგმაში და არ არის მე-3 სექტორის მიერ ჩამოყალიბებულ საკითხებს შორის. არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმიდან სამნიძის მოწონებას იმსახურებს ყველა ტიპის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა - „სერიოზული და საჭირო მოთხოვნაა“.

ოპოზიციური პარტიების ერთობლივ წერილს, „რესპუბლიკური პარტიის“ გარდა, ხელი არ მოაწერეს „გირჩმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, თუმცა ხელმომწერთა შორის ვხვდებით, მაგალითად, თაკო ჩარკვიანის პარტიას „კანონი და სამართალი“, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ბლოკშია. თაკო ჩარკვიანი აცხადებდა, რომ განსხვავებული აზრი განხეთქილებაზე არ მიუთითებს.

აქვს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელს“ განსხვავებული პოზიცია და შესაძლოა თუ არა, მან დათმოს ვადამდელი არჩევნების საკითხი?

პარტიის გენერალური დირექტორი, პაატა მანჯგალაძე გვეუბნება, რომ კომპრომისი ამ საკითხში პლებისციტის შეთავაზებას არ გასცდება. პლებისციტს, ანუ ხალხის აზრის გამოვლენას, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზად და კომპრომისად განიხილავს.

„პლებისციტზე მეტი კომპრომისი როგორ უნდა გავაკეთოთ, აბა?! რიგგარეშე არჩევნების თემას ვერ დავივიწყებთ. პოლიტიკური ჩიხიდან რომ გამოვიდეთ, სწორი დემოკრატიული პროცესი უნდა დაიწყოს.

რადგან ხელისუფლება არ მოდის რიგგარეშე არჩევნებზე, უკან ვდგამთ ნაბიჯს და ვეუბნებით - გთავაზობთ პლებისციტის ჩატარებას და თქვენც გადმოდგით ნაბიჯი. თუ ხალხი არ შემოვიყვანეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენ გაგვიჭირდება მათთვის ახსნა და არგუმენტირება თვითმმართველობის არჩევნების დროს.

ხალხი გვკითხავს - თუ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, თვითმმართველობის არჩევნებზე რატომ გადიხართო? ხალხმა გადაწყვიტოს მაშინ, როგორ დალაგდეს სიტუაცია“, - გვეუბნება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი.

ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმაში ვადამდელი არჩევნების საკითხი საერთოდ არ არის მოხსენიებული, პაატა მანჯგალაძისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან, მისი თქმით, ვერანაირად ვერ მოხდება შარლ მიშელის გეგმაში ასახული ამ საკითხის გვერდზე გადადება.

გაიარეს თუ არა გეგმის გამოქვეყნებამდე კონსულტაციები მე-3 სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ გეგმაში ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის და სამაგიეროდ, ნახსენებია ოპოზიციის პარლამენტში შესვლის პერსპექტივა?

ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ გეგმის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნიკა სიმონიშვილს მიმართა.

როგორც სიმონიშვილმა გვითხრა, ასეთი კონსულტაციები არ ყოფილა; გეგმა პრობლემების სამომავლო, ძირეულ გადაწყვეტაზეა ორიენტირებული და თავისთავად არ გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნასაც.

„ამ საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას სჭირდება ოპოზიციის შესვლა და მუშაობა პარლამენტში. როცა საუბარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, პრაქტიკულ განხორციელებაში ოპოზიციის როლი უნდა გაიზარდოს... ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ დათმოს ძალაუფლების ნაწილი და გადაეცეს ოპოზიციას...

თუ დამატებით იქნება შეთანხმება, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მაგალითად, 2022 ან 2023 წელს, ჩვენ ამის წინააღმდეგი კი არ ვიქნებით... ჩვენ ვამბობთ, რომ, რეფორმების განხორციელებამდე, ვერანაირი არჩევნები ვერ იქნება ხალხისთვის სანდო და პროდუქტიული. ვადამდელ არჩევნებს ჩვენ გამოვრიცხავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს რეფორმები არ გატარდება“, - გვეუბნება სიმონიშვილი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ რეფორმებზე სამუშაოდ პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმებაში აისახება შარლ მიშელის გეგმაში ჩამოთვლილი ყველა პუნქტი. ხელისუფლების განცხადებების თანახმად, მათთვის პლებისციტის იდეაც მიუღებელია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG