Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები: გუმათში გზა მეორე დღეა უკანონოდ არის გადაკეტილი


რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის ფაქტს, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად და უფლებების დარღვევად აფასებენ უფლებადამცველები.

ისინი ადგილზე ადევნებენ თვალს სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას.

სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი, მადონა ბასილაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ გადაადგილებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი, ზაალ გორგიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ პოლიციას უკანონოდ აქვს გადაკეტილი გუმათისა და ნამოხვანის დამაკავშირებელი გზა:

„გადაადგილების უფლება მოქალაქეს შეიძლება შეეზღუდოს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და აუცილებელია, რომ ამ დასაბუთების შესახებ განაცხადოს შსს-მ. ამ უწყებას არანაირი დასაბუთება არ ჰქონდა, გადაადგილება შეზღუდულია დასაბუთების გარეშე. გუშინ, როდესაც ადგილზე ვესაუბრე პოლიციელებს, ამბობენ, რომ ზემოდან არის მითითება. სხვა პასუხი არ ჰქონდათ და განმარტებასაც ვერ აკეთებდნენ, რადგან უკანონოდ ჰქონდათ გადაკეტილი გზა გუშინაც და დღესაც გრძელდება“.

სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი და ისინი სოფელ ნამოხვანში გადასვლის უფლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორიაზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც.

სოფელ გუმათში, ნამოხვანისკენ მისასვლელი გზა, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება, მეორე დღეა ბლოკირებულია პოლიციის მიერ. 3 აპრილს, იქ დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა.

3 აპრილს, ღამით, პოლიციამ „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც გუმათიდან ნამოხვანში აპირებდნენ გადასვლას და იმედი ჰქონდათ, რომ თავს ხეობაში განთავსებულ კარვებს შეაფარებდნენ.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა ქუთაისშიც.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG