Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეკლესიის პასუხი ამბოხებულებს” - რატომ სჯის ყველას ეპისკოპოსი სტეფანე? 


ჭყონდიდის ეპარქიაში სინოდის მიერ მივლენილ ეპისკოპოს სტეფანეს ორი თვეც არ დასჭირდა იმისთვის, რომ სამაგალითოდ დაესაჯა 20-მდე სასულიერო პირი და საქმით დაემტკიცებინა ის, რასაც ქადაგებების დროს ამბობს: ყველას, ვინც იხმაურებს, „ფრთებს შეუკვეცავს”.

საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ისეთი ეპარქია, სადაც ეკლესიის წიაღში დაგროვილ პრობლემებზე ღიად მსჯელობენ, სინოდის წევრების უმეტესობას არ მოსწონს.

დასჯილი სასულიერო პირები საეკლესიო კრების მოწვევას და პრობლემებზე იქ მსჯელობას ითხოვენ - გამოუჩნდებათ თუ არა მათ მხარდამჭერები სხვა ეპარქიებიდან, დრო აჩვენებს. დღეს რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა სინოდის 10-ზე მეტ წევრს. მათ უმეტესობას ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურს, მათ შორისაა ჭყონდიდში სტეფანე კალაიჯიშვილამდე დროებით მივლენილი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, რომელმაც თვითონ ითხოვა, გადაეყვანათ ამ ეპარქიიდან წალკაში. ეპისკოპოსების ნაწილი ამბობს, რომ მათი პოზიცია საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის მსგავსია და დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ.

ამ დრომდე საჯაროდ განცხადება ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებზე მხოლოდ ფოთისა და ხონის მიტროპოლიტმა გრიგოლმა გააკეთა, რომელიც თვლის, რომ რაც ჭყონდიდში ხდება, ერთი ეპარქიის პრობლემა არაა და არც სადამსჯელო ღონისძიებებია გამოსავალი.

„ჩვენ, ყველა ვხვდებით, რომ ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე ეპარქიის საზღვრებმა შეიძლება დაიტიოს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველი არის ეკლესიისთვის, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მცირერიცხოვანი ერი ვართ, შესაბამისად, ეს ეკლესია არ არის მხოლოდ წმინდა რელიგიური შინაარსის ინსტიტუცია, თუ შეიძლება ასე ვიხმაროთ ეს სიტყვა, არამედ ეკლესია არის ფუძემდებლური ინსტიტუტი ქართული სახელმწიფოებრიობისა, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა”, - მიიჩნევს მეუფე გრიგოლი, რომელიც თვლის, რომ არსებულ ვითარებაში კანონიკურ, ანუ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებაა საჭირო და შეახსენებს მორწმუნეებს, რომ ქრისტიანობა, გარდა ჯვარცმულისადმი მიმდევრობისა, გონიერებაც არის.

ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმსახურები ერთმანეთს „ცრუ პეტრეს” მომხრეებად და „მონურ მორჩილებაში მყოფებად” ყოფენ. სხვა საეპისკოპოსოები ამ პროცესის მიღმა დარჩენით ცდილობენ იმის ჩვენებას, რომ საქმე ლოკალურ და არა მასშტაბურ პრობლემასთან გვაქვს. ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე თითქმის ორი თვეა ყოველდღე ისმის შეურაცხყოფა ერთმანეთის მიმართ, დავა ქონებაზე და ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ვაკხანალია”, „ობსტრუქცია”, „ჯანყი”, „აყალმაყალი” და სხვა.

„მიბრძანდით მამა ათინოგენთან და გააფრთხილეთ, თუ დღეს წირვის ბოლომდე არ მოვა და საჯაროდ არ მოინანიებს თავის ამბოხებაში მონაწილეობას ეკლესიაში წინააღმდეგ, განიკვეთება. დღეს წირვის ბოლომდე, ორ საათში უნდა მობრძანდეს და ამბიონიდან საჯაროდ მოინანიოს. ამ შემთხვევაში განკვეთა არ იქნება, სხვა შემთხვევაში იქნება. იცის მან, ბოლო გაფრთხილება იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ მიდით და გააფრთხილეთ. გარდა ამისა, გააფრთხილეთ იღუმენი დანიელი, მღვდელი მირიანი, მღვდელმონაზონი ლუკა და დიაკონი ანანია, თუ ასევე წირვის ბოლომდე არ მოვლენ და არ მოინანიებენ, მათ აეკრძალებათ მღვდელმოქმედება. ასევე დღეს, ახლა სანამ დამთავრდება წირვა და სანამ მე გამოვალ საქადაგებლად, დადგნენ ამბიონზე და მოინანიონ, ჩემი კურთხევით, ვინაიდან მათ ეს თავისით არ შეუძლიათ”, - ასე დაიწყო საკვირაო წირვა 4 აპრილს მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის საკათედრო ტაძარში და სასულიერო პირები გააგზავნა „ამბოხებულების” მოსაყვანად. არცერთი მის მიერ ხსენებული პირი თავს დამნაშავედ არ თვლის და არც მოსანანიებლად მისულა კვირა დილას ეკლესიაში.

წირვის დასრულებისას სტეფანემ წაიკითხა მის მიერ გამოცემული ბრძანება #6, რომლის თანახმადაც, არქიმანდრიტი ათინოგენი არქიმანდრიტი აღარ არის და მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია, იღუმენ დანიელს, მღვდელ მირიანს, მღვდელ-მონაზონ ლუკას და დიაკონ ანანიას კი მღვდელმსახურება აეკრძალა.

„ეს ბრძანება ჩემთვის ძალიან მძიმე დასაწერი და გამოსაქვეყნებელი იყო, არ მინდოდა ადამიანებთან ასე საუბარი. ყველაფერი გავაკეთე, უამრავჯერ შევხვდი, მრავალი ვისაუბრეთ, ყველაფერს გავუძელი, მათ ობსტრუქციას, დაცინვას, ტელევიზიით ყველანაირ ცილისმწამებლურ კამპანიას - ეს ყველაფერი, რაც მათ მიმართ განვახორციელე, არის ეკლესიის ერთობის შესანარჩუნებლად, ეკლესიის კეთილწყობილების გასაძლიერებლად”, - თქვა ჭყონდიდში ახლად მივლენილმა ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას, თუმცა, მისი მოქმედებებიდან ცხადი იყო, რომ ბრძანებაც და სასულიერო პირების დასჯაც წინასწარ იყო დაწერილი და გადაწყვეტილი.

საკვირაო ქადაგების ამსახველი ვიდეო ჭყონდიდის ეპარქიის ფეისბუკის გვერდზე სრულად გამოქვეყნდა გრაფიკული მითითებებით, რომ ამ დღეს ეკლესიამ პასუხი გასცა ამბოხებულებს.

მიტროპოლიტ სტეფანეს მყარი არგუმენტები სასულიერო პირების განსაკვეთად სასულიერო სამართლის მიხედვით პუნქტებად ჰქონდა ჩამოწერილი.

  • ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამ ქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა, განიკვეთოს.
  • მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რადგან იგია, ვისაც აბარია ერი ღვთისა და ვისაც მოეკითხება პასუხი მათი სულებისთვის;
  • თუ რომელიმე სასულიერო პირი ეპისკოპოსს აგინებს, განიკვეთოს.
  • თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა არად ჩააგდო სამღვდელო წყობა და ხალხი, მღვდლობა აეკრძალოს. მრევლს უნდა ასწავლო არა აყალმაყალი, ამბოხი, ჩხუბი და დავიდარაბა, არამედ ეკლესიური ცხოვრება.

მიტროპოლიტმა სტეფანეს ორი თვეც კი არ დასჭირვებია იმისთვის, რომ დაესაჯა 20-მდე სასულიერო და კიდევ უფრო მეტი საერო პირი, რომელთაც ის „ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების მონაწილეებად” მიიჩნევს. ამ დრომდე გამოცემული 6 ბრძანებიდან 5 სასულიერო პირებისთვის ზიარების უფლების ჩამორთმევას, მღვდელმსახურების უფლების აკრძალვას, მონასტრიდან გაძევებას ემსახურება. მის მიერ ჭყონდიდში ჩატარებული ორივე კრება ხმაურით დასრულდა.

ეპისკოპოს სტეფანეს გამოცემული ბრძანებები
ეპისკოპოს სტეფანეს გამოცემული ბრძანებები

„როცა სინანული არ არის, საჭიროა გარკვეული ზომების მიღება - უწესრიგობა ეკლესიაში ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას”, - ამბობს მეუფე სტეფანე და იქვე განმარტავს, რომ უწესრიგობას, რაც მას დახვდა ჭყონდიდში, თავისი შემოქმედი ჰყავს - მისი წინამორბედი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა, რომელსაც ის „ცრუ პეტრეს” უწოდებს. პეტრე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ჭყონდიდის ეპარქია მარტივად სამართავი არ არის და ამ ხალხისთვის, ვინც ახლა სტეფანეს წინააღმდეგ იბრძვის, მხოლოდ სამართლიანი მმართველობის ფორმაა მისაღები - გამჭვირვალობა, დიალოგი და პატივისცემა. „ამბოხებულებიც” არ მალავენ იმას, რომ პეტრე ცაავასთან მათ სხვაგვარი კომუნიკაცია ჰქონდათ, ყოველთვის გვისმენდა, პრობლემებს ერთად განვიხილავდით, თუ გვსჯიდა, გვიხსნიდა, რაში ვიყავით დამნაშავეები და როცა რამე გვაწუხებდა, ყოველთვის ვიცოდით, რომ მასთან ამაზე ლაპარაკი შეგვეძლოო, ამბობენ.

„ჩემს ეპარქიაში მოაწყო მან ამბოხი, ყოვლად მიუღებელი ქმედებები, უაზრო მოქმედებები”, - ამბობს მეუფე სტეფანე. ისინი კი, ვისაც ის „ცრუ პეტრეს” მიერ გზასაცდენილებად მიიჩნევს, ამბობენ, რომ დროებით მმართველს არა პეტრეს, არამედ სიმართლის გამო უპირისპირდებიან. მათი არგუმენტები ეპისკოპოს სტეფანეს წინააღმდეგ ასეთია:

  • არ აპირებს გამოიჩინოს ინიციატივა, გაიმართოს სასულიერო კრება, სადაც განიხილება ის ბრალდებები, რაც პეტრე ცაავამ პატრიარქის მისამართით გააჟღერა;
  • თავს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად მიიჩნევს, მაშინ როცა პეტრე ჯერ კიდევ ამავე სტატუსს ატარებს;
  • თვითონ არის ამქვეყნიურ საზრუნავს შემდგარი: მონაზვნებს მანქანების ჩამორთმევას უპირებს, განკვეთილ სასულიერო პირებს იმ ხალხის სიის გადაცემას სთხოვს, ვინც მათ ტაძრებს წლების განმავლობაში ფულს სწირავდა ან სხვაგვარად ეხმარებოდა, მართავს ხალხმრავალ წვეულებებს ხალხის გულის მოსაგებად;
  • არ ზრუნავს მათი სულების გადასარჩენაზე და მხოლოდ სჯის;
  • თავად აგინებს პეტრეს და მის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებს აჟღერებს, რომლის მიზანიც მისი დისკრედიტაციაა;
  • არათუ ქრისტიანულად, ადამიანურადაც კი არ იქცევა, როცა მონაზვნებს მონასტრის კარს უკეტავს, მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს, ეპარქიის ეზოში დაშავებულების მიმართ ყურადღებას არ იჩენს, გალობს, როცა ელაპარაკებიან და ჩხუბობს, როცა კითხვას უსვამენ.

სტეფანემ, რომელიც მედიის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევა, ცაგერში 3 აპრილს შეკრებილ მრევლს უთხრა, რომ დეზინფორმაციის ნაკადში ისინი უკეთ გადარჩებოდნენ, თუკი მხოლოდ საპატრიარქოს ტელევიზიას უყურებდნენ და ამბებს იმის შესახებ, რა ხდებოდა ჭყონდიდის ეპარქიაში, იქიდან გაიგებდნენ.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემ ცხოვრებაში იქნებოდა ასეთი დრო, როცა მომიწევდა ამხელა დიდი მანქანის წინააღმდეგ დგომა, სიცრუის მანქანის წინაშე დგომა, რომელიც არის პირადად ჩემს და ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ“;

„არავის არ ეგონოს, რომ სატელევიზიო შტურმით შეაჩერებს იმ სიმართლეს, რაც უნდა აღესრულოს. ვისაც უნდა, სინანულით მოვიდეს და ყველაფერი კარგად იქნება, ვისაც ჩხუბი უნდა, იმათ ჩხუბის საშუალებას არ მივცემთ, შევუკვეცთ ფრთებს. ეკლესიის წიაღში ასეთი ამბოხის სული დიდხანს ვერ იქნება”;

„დიალოგი რას ნიშნავს, იცით, მათი გაგებით? თუ მე მათ მხარეზე დავდგები, ესე იგი დიალოგი შედგა, თუ არ ვეთანხმები, მაშინ ცრუ ვარ. ეს არის მათი დიალოგის ფორმა. ყველაფერში უნდა ვიყო თანახმა, რასაც მეუბნებიან”;

„გირჩევთ, ცრუ საინფორმაციო ველში ნუ დატოვებთ თქვენ თავს - პირველ რიგში არის საპატრიარქოს არხი და იქ შეგიძლიათ ნახოთ გადაცემები და ყველაფერი, რაც ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში, იქ შეგიძლიათ ნახოთ მიკერძოების გარეშე”.

ეს არის ფრაგმენტები მეუფე სტეფანეს მიერ 3 და 4 აპრილის ქადაგებებიდან. ის თითქმის ყველა ქადაგების დროს ნეგატიურ კონტექსტში ახსენებს მედიას, საპატრიარქოს ტელევიზია მხოლოდ მის მიმართ კეთილგანწყობილ ვრცელ სიუჟეტებს ამზადებს, საპატრიარქოს პრესმდივანი ანდრია ჯაღმაიძე კი მედიასთან ამბობს, რომ მეუფე სტეფანეს საპატრიარქოს სრული მხარდაჭერა აქვს, იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

რამდენიმე დასჯილი

დედა სოსანა

დედა სოსანა ერთ-ერთია იმ 20-მდე პირს შორის, ვინც მეუფე სტეფანემ დასაჯა - ის მარტვილის დედათა მონასტრიდან ცაგერში, ლაჩხურიის მონასტერში ისე გაამწესა, რომ მონაზონმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ეპისკოპოსი ამბობს, რომ მონაზვნის დასჯა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის თბილისში დაუკითხავად წავიდა პეტრე ცაავას მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ამგვარი „პოლიტიკოსის და ენჯეოშნიკის” მსგავსი ქცევა მონაზონს არ შეეფერება, დასჯილი მონაზონი კი ამტკიცებს, რომ მისი თვითმიზანი აქციაში მონაწილეობა არ ყოფილა და საპატრიარქოსთან იმისთვის მივიდა, რომ პატრიარქისთვის მოეყოლა, როგორ ცუდად იქცევა სინოდის მიერ ჭყონდიდში მივლენილი ეპისკოპოსი. საპარტიარქოში ის არ მიიღეს და აქციას შეუერთდა.

„თქვენ ნახეთ, თავდასხმა არ გამოუვიდათ, მიტინგი მოაწყვეს ფაქტობრივად, მაგრამ არ გამოუვიდათ, ძალიან ცოტა იყვნენ”, - ასე აღწერა ქადაგების დროს ეპისკოპოსმა სტეფანემ პეტრე ცაავას აქცია საპატრიარქოსთან.

როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ გასული კვირის ხუთშაბათს მარტვილის მონასტერში დაბრუნებულ მონაზონ სოსანას და ხანდაზმულ მორჩილ ნინოს კარი დაკეტილი დახვდათ და კომენდანტის საათის დროს ისე აღმოჩნდნენ წვიმაში გარეთ, რომ სენაკებიდან პირადი ნივთების აღების უფლებაც კი არ მისცეს.

მანძილი მარტვილის მონასტრიდან ცაგერამდე, სადაც ის მონასტერია, რომელშიც დედა სოსანა გაამწესა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მანძილი მარტვილის მონასტრიდან ცაგერამდე, სადაც ის მონასტერია, რომელშიც დედა სოსანა გაამწესა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მონაზონი უარს აცხადებს ცაგერში წასვლაზე, ეპისკოპოსმა იმ მონასტერში, სადაც ის 14 წლის განმავლობაში მსახურობდა, სხვა მონაზვნები ჩამოიყვანა და გადაბარების კომისია შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სოსანას ადგილმონაცვლისთვის ეკლესიის ჩაბარება.

კომისიას მეუფე სტეფანეს ძმა ხელმძღვანელობს, რომელიც ამავე დროს ეპარქიის ფინანსების გამგებლადაც არის დანიშნული. მისი გადაწყვეტილებითაც დედა სოსანას თავის სენაკში შესვლა პირადი ნივთების ჩასალაგებლად მხოლოდ პოლიციის თანდასწრებით შეეძლება მას შემდეგ, რაც მის შემცვლელს გადასცემს გასაღებებს, დოკუმენტაციას, ინფორმაციას მონასტრის შემოსავლის და გასავლის შესახებ, გადააბარებს მონასტრის მაღაზიას და ყველაფერს, რასაც განკარგავდა.

არქიმანდრიტი ათინოგენე

მეუფე სტეფანემ არქიმანდრიტ ათინოგენეს არქიმანდრიტის ხარისხი ჩამოართვა და თქვა, რომ ის ვეღარასოდეს, საჯაროდ მონანიების შემთხვევაშიც კი ვეღარ დაიბრუნებს მღვდელმსახურების უფლებას. თეოლოგების განმარტებით, ეპისკოპოსს არ აქვს უფლება, ერთპიროვნულად, წმინდა სინოდის გარეშე განკვეთოს არქიმანდრიტი და ჩამოართვას მას სტატუსი, რომელსაც პატრიარქი ანიჭებს სასულიერო პირებს. სტეფანე ამ გადაწყვეტილებით საეკლესიო სამართალს არღვევს.

მრევლის წევრები

მეუფე სტეფანე სჯის არა მხოლოდ მღვდელმსახურებს, საერო პირებსაც. მის მიერ გამოცემული ბრძანებებით ზიარების უფლება აქვს ჩამორთმეული ყველა იმ საერო პირს, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას. როგორ მოახდენს მათ იდენტიფიცირებას და ამ სასჯელით დასჯას მღვდელმთავარი, სასულიერო პირებს ამის განმარტება უჭირთ.

მღვდელი ანდრია სარია

კიდევ ერთი მღვდელმსახური, რომელიც ეპისკოპოს სტეფანეს არ დაუსჯია, მაგრამ პეტრე ცაავას თანამოაზრეების გამო ისჯება, ანდრია სარიაა. მის შესახებ საეკლესიო კრებამ პარასკევს იმსჯელა და საკითხი გადასაწყვეტად სინოდს გადასცა - საპატრიარქოს მღვდლის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები არ მოსწონს.

ჭყონდიდის ეპარქიის დასჯილი მღვდელმსახურები ამბობენ, რომ ამ დრომდე გამოცემული 6 ბრძანებით მეუფე სტეფანემ დასაჯა ყველა, ვისაც შეეძლო მისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ეს დასჯა იქნება გაკვეთილი სხვებისთვის, რომ თუკი ხმას ამოიღებენ, მათაც იგივე მოელით. მათ არც იმის იმედი აქვთ, რომ სხვა ეპარქიებიდან გამოუჩნდებათ მხარდამჭერები - პირად საუბრებში სულ გვეუბნებოდნენ მღვდლები, რომ ჭყონდიდში ხმამაღლა ლაპარაკი პრობლემებზე ადვილია, სხვაგან ამას ვერ გავბედავთო, - გვიყვება დეკანოზი სოსანა.

„სანამ არ დაიბარებენ მიტროპოლიტ პეტრეს საეკლესიო სასამართლოზე და იქ არ გადაწყვეტენ ყველაფერს სჯულის კანონის მიხედვით, მანამ არეულობა არ დასრულდება“, - თქვა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ 2 აპრილს. ის თვლის, რომ „გადაყენება, განკვეთა, დასჯა, გაგდება და ა.შ. არ უშველის არაფერს” და რომ საეკლესიო სამართლის აღსრულებამდე „სულ იქნება ასეთი გაუთავებელი სკანდალები”, რაც ახლა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში.

XS
SM
MD
LG