Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ამბავი გურამ დოჩანაშვილზე


მოხუცი კაცი უშველებელი ფრთებით“, - რადიო თავისუფლებასთან მწერლებმა გურამ დოჩანაშვილთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს.

დაშლილ წიგნში წაკითხული

ბესო ხვედელიძე, პროზაიკოსი: ,,სამოსელი პირველი“ მეექვსე კლასში წავიკითხე. თხელყდიანი წიგნი იყო, ნაწილ-ნაწილ იშლებოდა. წავიკითხე და თმები ყალყზე დამიდგა. მას მერე 22-ჯერ მაქვს წაკითხული, ლამის ზეპირად ვიცი. ყოველ წაკითხვაზე ახალ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე. შარშან აღმოვაჩინე, რომ სიუჟეტი გამოგონილი კი არ არის, რეალური ამბავია. კანუდოსის აჯანყება მართლა მოხდა სამხრეთ ამერიკაში, პერსონაჟების სახელებიც ნამდვილია.

მგონია, რომ „სამოსელი პირველი“ ძალიან ბევრ ენაზე უნდა ითარგმნოს. იმდენი რამე ვისწავლე მისგან, ვერც მშობელი, ვერც ქუჩა რომ ვერ გასწავლის. ძალიან დიდი სინათლე მოდიოდა ამ წიგნიდან. ადრე უფრო ემოციური ვიყავი და ძალიან ბევრჯერ მიტირია კითხვისას. ვიცი, რომ მსოფლიო ლიტერატურამ ძალიან დიდი ადამიანი დაკარგა“.

წერტილი სიტყვაში

ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი, ლიტერატორი: „მე-20 საუკუნის ქართული პროზა ძალიან საინტერესოა, გურამ დოჩანაშვილი კი - ყველაზე ორიგინალური. მარტო სათაურებიც რომ წაიკითხო, მიხვდები, რომ დოჩანაშვილისაა. მისი შემოქმედება ორ ნაწილად იყოფა. პირველი ის ეტაპია, როცა „სამოსელი პირველი“ დაწერა და მეორე - „ლოდი ნასაყდრალი“. ამ დროს უკვე სტილიც შეცვალა. პუნქტუაცია-ორთოგრაფიას შეგნებულად ამახინჯებდა. განათლებით ისტორიკოსი-არქეოლოგი იყო. ერთგან წერს კიდეც, მე რომ გრამატიკა მცოდნოდა, მწერალი კი არ გამოვიდოდიო. იმის გამო, რომ არ იცოდა გრამატიკა (ვითომ არ იცოდა), უფრო თამამი იყო.

გურამის მეორე პერიოდის ნაწარმოებების თარგმნა შეუძლებელია. სიტყვის შიგნით აქვს სასვენი ნიშნები დასმული, შრიფტიც კი განსხვავდება. ერთგან წერს კიდეც: „დაგენძრა, მთარგმნელო?“ ამ ნაწარმოებებს ბევრი მკითხველი არ ეყოლება, მაგრამ უფრო ძვირად ღირებული იქნება - ისე, როგორც ჯოისის „ულისეა“.

ყველაზე ძვირფასი

ბესო სოლომანაშვილი, პროზაიკოსი: „ჩემთვის გურამ დოჩანაშვილი მარკესის გმირი იყო - აი, ძალიან მოხუცი კაცი რომ არის, უშველებელი ფრთებით...

ერთხელ თეოლოგიური ფილმი გადავიღეთ. არ ვიცი, რამდენად კარგი გამოვიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გურამ დოჩანაშვილმა ნახა და მოეწონა. შემთხვევით შევხვდით სადღაც ღონისძიებაზე. უცებ იღებს თავის ორტომეულს და მაწვდის. ფილმი მომეწონა. სხვა არაფერი ძვირფასი არა მაქვს და ამას ხომ მიიღებო. ამას მეუბნება „სამოსელ პირველზე“ და „მოთხრობების კრებულზე“, თავისი ხელმოწერით. ეს ისეთი გამაოგნებელი იყო...

„სამოსელი პირველი“ ჩემთვის ძველი და ახალი აღთქმის ქართული მხატვრული ტექსტია. საბჭოთა კავშირი ვერც მიხვდა, რომ უნდა აეკრძალა. თან იმდენად უყვარდა დოჩანაშვილი მკითხველს, რომ კომუნისტები ამასაც ერიდებოდნენ. ეს იყო კაცი, რომლის გამოც შეიძლებოდა პატარ-პატარა რევოლუციები მომხდარიყო“.

„არაფერი აკლდა, არც სიმამაცე, არც გამბედაობა“

ბესიკ ხარანაული, პოეტი: „ვმეგობრობდით, ძალიან ახლოს ვიყავით. „სამოსელი პირველი“ მე მივიტანე „მნათობში“, კარგი რომანია-მეთქი. მაშინ გიორგი ნატროშვილი იყო რედაქტორი. მარტივად დაუბეჭდა. ეს რედაქტორისგან იმ დროს კარგი საქციელი იყო.

გურამს არაფერი აკლდა, არც სიმამაცე, არც გამბედაობა, მაგრამ, ამავე დროს, ბავშვივით იყო. თავიდანვე კულტურულ წრეში მოხვდა, ძალიან თანამედროვედ ცხოვრობდნენ, ყველაფერს კითხულობდნენ არალეგალურად, ცდილობდნენ მსოფლიოს დასწეოდნენ. თვითონაც ვიოლინოზე დადიოდა, უკრავდა. საპროტესტო მოძრაობა „გორგასლიანის“ წევრი იყო. ამოდენა სახელმწიფო რომ დაგეჯახება, გადატანა ხომ უნდა? ეს დევნა რომ გადაიტანეს პატარა ბიჭებმა, ამან დაავაჟკაცა ნაადრევად“.

„ქრისტე არ იკვეცება“

ნანა აკობიძე, პოეტი, ჟურნალისტი: „პუბლიკაცების სერიას ვამზადებდი თემაზე „ძალაუფლება“. ქართველი მწერლებიდან ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ სერიისთვის მოვიაზრე, გურამ დოჩანაშვილი იყო. „ღმერთმა დაგვიფაროს გამარჯვებისგანო“ - ბოდიშის მოხდით ციტატა წაიკითხა თავისივე წიგნიდან (საერთოდ, ბოდიშობდა, როცა საკუთარ თავზე უწევდა რაიმეს თქმა, ან საკუთარი წიგნებიდან მოჰყავდა მაგალითი). თქვა, რომ ძალაუფლების გზაზე დამარცხებულები უფრო სიმპათიურები არიან მისთვის, ვიდრე გამარჯვებულები და ამ კონტექსტში თავისი კლასელი და მეგობარი ზვიად გამსახურდიაც გაიხსენა.

ჩვენი სამსაათიანი შეხვედრა გასცდა ამ ფორმატს. ბუნებრივია, 81 წლის ჯანმრთელობაშერყეულ მწერალს პირდაპირ არ ვკითხავდი, რასაც წიგნებიდან გვეუბნებით, იმის გარდა რას გვიბარებთ-მეთქი, და ამ ფორმით ვკითხე: კაცობრიობის აღსასრული რომ დგებოდეს, რა იქნებოდა თქვენი უკანასკნელი გზავნილი?. „სახარება რომ ვიკითხოთ ადამიანებმა. სახარებისთვის ამოუწურავი არის დაბალი სიტყვა. შეუძლებელიც დაბალი სიტყვააო“,- თქვა. - „მე არ მიყვარს სიტყვა ქრისტიანი. არსებობს ქრისტეიანი - ქრისტე არ იკვეცება! “

ძალაუფლებაზე საუბრისას ტკივილის ძალაუფლებაზეც ვისაუბრეთ (ვიცით, რომ შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და უდიდესი ტკივილით იცხოვრა). აქ თქვა ჩემთვის გამაოგნებელი ფრაზა: ეს უბედურება - ბედნიერება როგორ ვთქვა, მაგრამ - წყალობაა საიმისოდ, რომ ადამიანი ამაღლდესო.

ჩემ წინ იჯდა ადამიანი, რომელიც ყოველგვარ ამქვეყნიურს, დიდი ხანია, გასცდა, სხვა სიმაღლეზე, სხვა განზომილებაში იყო და ისევე უკვირდა თავისი 81 წელი, როგორც ვაშლის ყვავილობა...“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG