Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ფულს ხარჯავს და არ იცის, რისთვის - განვიხილავთ საზღვარგარეთ სწავლის პროგრამას


2018 წელს კანცელარიასთან IBSU-ს სტუდენტების ორგანიზებით გამართული აქცია
2018 წელს კანცელარიასთან IBSU-ს სტუდენტების ორგანიზებით გამართული აქცია

საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს ეხმარება ხარისხიანი განათლების მიღებაში. პირობა მარტივია: სახელმწიფო აფინანსებს სწავლას, სტუდენტი ვალდებულია სამშობლოში დაბრუნდეს და მინიმუმ 3 წლის განმავლობაში თავისი სპეციალობით იმუშავოს.

პროგრამა ხარისხიან განათლებაზე წვდომას და ქვეყანაში კვალიფიციური სპეციალისტების გაჩენას უწყობს ხელს - თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დეკლარირებულ მიზნებშია მითითებული.

თაკო ძაგანია ერთ-ერთია მათ შორის, ვისი სწავლაც პარიზის ბიზნესის სკოლაში კულტურის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფომ დააფინანსა. სანამ წავიდოდა ცენტრთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, სადაც გაწერილი იყო მისი ვალდებულებები, მათ შორის ის, რომ სწავლის დასრულებიდან 1 თვეში საქართველოში დაბრუნდებოდა და შემდეგ უკვე ცენტრში წარადგენდა ცნობას საზღვრის კვეთის და სამსახურის დაწყების შესახებ. თაკო საფრანგეთში სასწავლებლად 2018 წელს წავიდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი სამსახურს უშედეგოდ ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის პირობა დაიცვა, რასაც მისი ხელშეკრულება ითვალისწინებდა და სახელმწიფო სტრუქტურებშიც იყო გასაუბრებაზე, მისთვის შესაბამისი სამსახური ვერ მოიძებნა. საჯარო სამსახურში პირდაპირ უთხრეს შენთვის აქ მუშაობა ჩვენი ბიუროკრატიის გამო მოსაწყენი იქნებაო. თაკო ამბობს, რომ საფრანგეთში სწავლის დროსაც და შემდეგაც სულ იმედგაცრუებული იყო: სწავლის დროს არასათანადო კომუნიკაციის და ინტერესის გამო, სწავლის დასრულების შემდეგ იმის გაცნობიერებით, რომ მისი ცოდნა არც ისე საჭირო აღმოჩნდა.

თაკო ერთადერთი არ არის, ვისაც სახელმწიფომ სწავლა დაუფინანსა და შემდეგ მისი ცოდნის გამოყენებით აღარ დაინტერესებულა. არსებობის განმავლობაში განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც ამ პროგრამას მართავს, 1000-ზე მეტი სტიპენდია გასცა - აუდიტის სამსახურმა შეისწავლა პროგრამის ეფექტურობა და დაადგინა, რომ ახალგაზრების 30% ვერ ახერხებს პროგრამის პირობის შესრულებას, იმუშაოს თავისი პროფესიით უკან დაბრუნების შემდეგ.

მცირე ნაწილი ამ პროგრამის ბენეფიციარების, არც ბრუნდება საქართველოში. არიან ისეთებიც, ვინც დიპლომსაც არ იღებს.

2014-2016 წლებში სახელმწიფო გარდა იმისა, რომ სტიპენდიანტს ავალდებულებდა საქართველოში დაბრუნებას და დასაქმებას, თვითონაც იღებდა პასუხისმგებლობას, რომ ხელს შეუწყობდა მათ საჯარო უწყებებში დასაქმებას. საბოლოო ჯამში ცენტრმა 134 ბენეფიციარიდან მხოლოდ 13-ს შესთავაზა დასაქმება. 2016 წლიდან სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება მოიხსნა, მაგრამ სტიპენდიანტები კვლავ ვალდებული არიან, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ ქვეყანაში. აუდიტის სამსახურმა აღრიცხა 6 ისეთი შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარმა ცენტრს წარუდგინდა ცნობა დასაქმების შესახებ, თუმცა გაირკვა, რომ იმ პერიოდში აღნიშნული პიროვნება ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

სწავლის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოში დაბრუნების ვალდებულება შეიძლება გადავადდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი სტაჟირებას დაიწყებს. თუმცა არ არის მკაფიო, რა პრინციპით იღებენ გადაწყვეტილების კომისიის წევრები.

აუდიტის სამსახურის თანახმად 2015-2020 წლებში ცენტრს საზღვარგარეთ სტაჟირების გაგარძელბის მოთხოვნით 57-მა ბენეფიციარმა მიმართა. მათგან კომისიამ ერთ პირს მისცა 14 თვით − დადგენილ ნორმაზე 2 თვით მეტით, დარჩენის უფლება, მაშინ როცა 3 ბენეფიციარს უარი უთხრეს.” ზოგადად, აუდიტი თვლის, რომ კომისიის მუშაობა დასახვეწია და საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების [DAAD, Erasmus +] პრაქტიკის გადმოტანის რეკომენდაციას იძლევა.

პროგრამის პრობლემურ მხარედ მიიჩნევა ისიც, რომ სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული, რა სფეროებში არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა - შესაბამისად, სტიპენდიანტების უმეტესობა საზღვარგარეთ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სასწავლებლად მიდის, ისეთ დარგებში, კი სადაც თანამედროვე ცოდნის და გამოცდილების დეფიციტია და რაც მნიშვნელოვნია ქვეყნის განვითარებისთვის, მაგალითად ჯანდაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლების, სახელმწიფო მართვის თუ არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულებით გაცილებით ცოტა ადამიანი იღებს განათლებას ამ პროგრამის საშუალებით.

2018 წელს ცენტრმა საჭირო კადრების შესახებ ცენტრმა ინფორმაცია გამოთხოვა 12 სხვადასხვა სამინისტროდან. პასუხები მხოლოდ 7-მა სამინისტრომ დაუბრუნა - ამ ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე საჭირო ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო და აგრარული მიმართულებების სპეციალისტები არიან.

“მიუხედავად გამოკითხვის შედეგებისა, დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობის განსაზღვრის დროს ცენტრს ამ პროფესიის კონკურსანტებისთვის პრიორიტეტი არ მიუნიჭებიათ.

სამინისტროებისთვის საჭირო მიმართულებებით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია. სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ინჟინერიის მიმართულებით დაფინანსებულია სტუდენტთა მხოლოდ 5%, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე − 7%, ხოლო აგრარულ მეცნიერებებზე − 4%. სადოქტორო პროგრამებზე კი ამ სამი მიმართულებიდან დაფინანსებულია მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები − 14%“ - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

2014-2019 წლებში განათლების საერთაშორისო ცენტრმა 800-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 33 456 451 ლარი დაუჯდა, 2020 წელს პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 6 980 000 ლარი - არც განათლების სამინისტროს და არც ცენტრს არ უკვლევიათ, რამდენად ასრულებს პროგრამა მიზნებს და არის თუ არა საზღვარგარეთ მიღებული განათლება ქვეყანაში სათანადოდ რეალიზებული.

2021-2022 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ და საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამებზე ცენტრი 5 აპრილამდე ახალი სტიპენდიანტების საბუთებს იღებს.

აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ არაფერი თქმულა განათლების სამინისტროს მხრიდან პრიორიტეტების განსაზღვრის, კომისიის მუშაობის ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობაზე. განათლების სამინისტრო გარდა ცენტრისა, აფინანსებს ასევე ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას. 2019 წელს განათლების სამინისტრომ დააფინანსა საგრანტო კონკურსი კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებისთვის - კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა “კურსდამთავრებულთა საკონსულტაციო პროგრამა” - ანუ სამინისტრომ თავის მიერ შექმნილი ცენტრის კურდამთავრებულთა ასოციაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა პროგრამა, რომელსაც ფაქტობრივად ის უნდა გაეკეთებინა, რაც ცენტრის მოვალეობაა.

XS
SM
MD
LG