"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა 13 აპრილს გაგრძელდება. მიმდინარე სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ მისი სხდომათა დარბაზში დაბრუნებაზე იმსჯელა და დააკმაყოფილა.
არსებობდა მოლოდინი, რომ შესაძლო იყო დღეს მისი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადახედილიყო, თუმცა ეს საკითხი არ განხილულა.
მელიას პროცესის პარალელურად მის მხარდასაჭერად ადგილზე მისული იყო რამდენიმე ათეული ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული პოლიციელიც.
17 აპრილს 2 თვე შესრულდება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, ეს კი კანონით სასამართლოს ავალდებულებს გადახედოს წინა გადაწყვეტილებას.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით, რაც სსასამართლომ დააკმაყოფილა. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.
საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო. მისი, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში.