Accessibility links

site logo site logo

"თვალს რომ დავხუჭავდი, მღვრიე ენგურს ვხედავდი” - რას ჰყვება გალელი ქალი, რომელმაც შვილთან ერთად ენგური გადმოცურა


მდინარე ენგური

49 წლის ქალი სოფელ თაგილონიდან ახლა ოჯახთან ერთად თბილისშია. მან 2020 წლის აგვისტოში ენგური შვილთან ერთად გადმოცურა. ამბობს, რომ 7 აპრილს მომხდარმა ტრაგედიამ, ენგურში 4 გალელის დახრჩობამ, უკიდურესად შეაძრწუნა:

“გამახსენა ის საზარელი დღე, როდესაც შვილთან ერთად სიკვდილს შევხედე თვალებში. ძალიან შემაძრწუნა ამ ტრაგედიამ. განვიცდი ისე, რომ დღეს, ალბათ, ხუთჯერ ვიტირე. ჩემი მშობლები პენსიის ასაღებად ხიდამდე მოდიან და უკან ბრუნდებიან. ზუგდიდში ვერ გადმოდიან, ვერც ჩვენ ჩავდივართ. მხოლოდ ტელეფონით ვუკავშირდებით ერთმანეთს”, - გვეუბნება ქალი, რომლის თხოვნით მის ვინაობას არ ვასახელებთ.

ის რადიო თავისუფლებასთან შვილთან ერთად ენგურის გადმოლახვის საკუთარ ისტორიას იხსენებს:

“რადგან პანდემიის გამო სასაზღვრო პუნქტი ჩაკეტილი იყო, მე და ჩემს ბიჭს [აფხაზეთიდან] გადმოპარვა მოგვიწია.

წყალი ჯერ მუხლამდე იყო, მერე ყელამდე გვწვდა, ხელიხელ ჩაკიდებულებმა დინებას მივყევით

ჯერ ტყე უნდა გაგვევლო, მაგრამ რუსის სამხედრომ დაგვიჭირა, კიდევ კარგი, რუსულად საუბარი შემიძლია და იმდენი ვთხოვე და ვეხვეწე, რომ გაგვიშვა დიდის ამბით და იმის იმედით, რომ ენგური ადიდებული იყო და მაინც ვერ გადავიდოდით. ჯერ არ მომხდარა, დაჭერილი გაეშვას რუსს. პირობა მივეცი, ოღონდ არ დავეჭირეთ და უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ მაინც სხვა გზით ვარჩიე გზის გაგრძელება.

მივადექით ადიდებულ ენგურს. გაღმა ბიჭებს ვთხოვე, არ წახვიდეთ, წყალმა რომ წაგვიღოს თქვენ მაინც იცდიდეთ-მეთქი. ცურვა არ ვიცით, ვერ დაგეხმარებითო. ვერც ავხსნი იმ მოკლე დროში რა როგორ იყო.

წყალი ჯერ მუხლამდე იყო, მერე ყელამდე გვწვდა, ხელიხელ ჩაკიდებულებმა დინებას მივყევით და ნაპირამდე გავედით, მეტრი და 85 სანტიმეტრი - ჩემი შვილი, მე თვითონ - მეტრი და სამოცდათხუთმეტი - მოკლედ, მაღლები რომ ვიყავით... ბედი”.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

მდინარის გადალახვის შემდეგ დედა-შვილს ახლა ენგურის მეორე ნაპირზე კარანტინისთვის უნდა აერიდებინა თავი.

“მოვხვდით მოსაზღვრე სოფელ შამგონაში. ნაპირთან მისული დავეცი მუხლებზე. სველებმა სული მოვითქვით, მაგრამ იმის შიშიც გვქონდა, ქართულ მხარეს რომ არ დავეჭირეთ და კარანტინში არ წავეყვანეთ. ამასაც გადავურჩით. გამოვიძახეთ ტაქსი და მივედით ზუგდიდის ავტოსადგურამდე, იქიდან კი - თბილისში. სამი დღე მაციებდა და თვალს რომ დავხუჭავდი, მღვრიე ენგურს ვხედავდი.

დავეცი მუხლებზე. სველებმა სული მოვითქვით, მაგრამ იმის შიშიც გვქონდა, ქართულ მხარეს კარანტინში არ წავეყვანეთ.

ეს იყო აგვისტოს ბოლოს, დღემდე ასე წვალობს ხალხი.

ქართულმა მხარემ უნდა მისცეს საშუალება ისედაც გაჭირვებაში, სიღატაკეში, სტრესში მცხოვრებ ხალხს გზა გაუხსნას, უკან რომ მშვიდობით მაინც დაუბრუნდნენ გაჭირვებულ ცხოვრებას. დღევანდელი უბედურების მიზეზი ორივე მხარეა”.

ენგურის ხიდი, ერთადერთი დამაკავშირებელი გზა აფხაზეთის გალის რაიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის, 2020 წლის 14 მარტს დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის საბაბით დაკეტა. მას შემდეგ მიმოსვლა ერთი მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე დღით აღდგა. ასე რომ, აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ გადაადგილება კვლავ შეუძლებელი იყო. 2021 წლის 11 თებერვლიდან ხიდზე მიმოსვლა განახლდა. მაშინ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ და ე.წ. სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ მარტო იანვარ-თებერვალში “უკანონოდ კვეთის” 1000-ზე მეტი შემთხვევა იყო და ხიდზე გადაადგილების აკრძალვის შემსუბუქება ამის გამო გადაწყვიტეს. თუმცა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა გალის რაიონის მხოლოდ იმ მცხოვრებლებს შეუძლიათ, ვისაც აფხაზეთში „ბინადრობის ნებართვა“ აქვს და რეგისტრირებული არიან საქართველოში, სადაც პენსიას და სოციალურ დახმარებას იღებენ.

ენგურზე მგზავრები ვალდებული არიან თან იქონიონ კორონავირუსზე არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი, ზუგდიდში კი მათ სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის გავლა უწევთ სპეციალურ ზონაში.

2020 წლის დასაწყისში სოხუმში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 90-იანი წლების ეთნიკური წმენდის შემდეგ მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები 250 ათასზე მეტი მოსახლეობიდან 51% (125 974) ეთნიკური აფხაზია, რასაც 19 %-ით (46 905) ქართველები (მათ შორის 3 259 სოხუმის მიერ „მეგრელებად“ ჩაწერილი ჯგუფი), 17 %-ით (41 870) სომხები, 9 %-ით (22 468) კი რუსები მოსდევენ. გალის რაიონში 30 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ქართველია. მათ შეზღუდული აქვთ თავისუფალი გადაადგილებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG