Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რიონის ხეობის მცველებმა" ხელისუფლებას მოთხოვნები გააცნეს. ხელისუფლებამ პასუხისთვის დრო ითხოვა - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 აპრილს


ვარლამ გოლეთიანი: გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე

ოთხ საათს გაგრძელდა "რიონის ხეობის მცველების" შეხვედრა ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრიდან გამოსულმა ვარლამ გოლეთიანმა, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი ლიდერია, თქვა, რომ პროცესი "კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადავიდა".

"ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის. რას გულისხმობს ეს: შეწყდეს ის რეპრესიული ფორმები, რაც არის რიონის ხეობაში, გამოვიდნენ იქიდან პოლიციელები, აიღონ რკინის ბარიკადები, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავუბრუნდეთ პროტესტის ადგილს ნამოხვანში. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ იქ", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ამ პირობებზე პასუხის გასაცემად ხელისუფლებამ დრო ითხოვა და ეს პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

"მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებულები რამდენიმე დღე, რა პასუხს გაგვცემენ. პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად. იმისთვის, რომ გადავიდეთ დიალოგის შემდეგ ეტაპზე, ეს სამი პირობა უნდა იქნას დაკმაყოფილებული მათი მხრიდან", - დაამატა მან.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, პირობების დაკმაყოფილების შემდეგ დადგება დღის წესრიგში ჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების შინაარსობრივი ნაწილის განხილვა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრას გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორი გუბერნატორი - იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მხარის და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

„გამოძიება არ არის დამოკიდებული დაზარალებულის პოზიციაზე, გამოძიება უნდა დაიწყოს“

33 წლის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მსახიობი არ აპირებს გამოკითხვაზე მისვლას. მისი თქმით, 11 წლის შემდეგ ძალადობის შესახებ იმიტომ ალაპარაკდა, რომ მსხვერპლ ქალებს დადგომოდა გვერდში.

რას ცვლის ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება სამართლებრივ პროცესში? შსს რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოძიების დაწყების საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ნინუცა მაყაშვილს გამოკითხავენ, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ ისედაც შესაძლებელია გამოძიების დაწყება.

როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტავს იურისტი და ქალთა უფლებადამცველი, გოგა ხატიაშვილი, საქართველოს სისხლის საქმეთა საპროცესო კოდექსის თანახმად, იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს, სავარაუდო დაზარალებულის ჩვენება არ არის საჭირო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2010 წლის რედაქციამ სრულად ჩაანაცვლა 1998 წლის საპროცესო კოდექსი, სადაც დაზარალებულის ჩვენება აუცილებელი იყო რიგ საქმეებზე გამოძიების დასაწყებად.

მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას გუშინ უკვე ქალთა მოძრაობის ვრცელი განცხადებაც მოჰყვა. ქალთა აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ მას და მოუწოდებენ კულტურის მინისტრს, გამოეხმაუროს ამ ფაქტს. აქტივისტები თეა წულუკიანს მოუწოდებენ ასევე, შეაფასოს რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას განცხადებები, რომლებიც მსახიობის ინტერვიუს მოჰყვა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ

ხორავას ქუჩის საქმეზე სამი წლის თავზე კიდევ ერთი ბრალდებულია დაკავებული, რომელსაც ბრალს დღეს, 16 აპრილს წაუყენებენ.

15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გიორგი მენაბდე დააკავა.

დაკავებულ გიორგი მენაბდეს, დეკანოზ შიო მენაბდის შვილს, დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პრეზიდენტი თბილისში და სომხეთი ვადამდელი არჩევნების მოლოდინში

ორ მეზობელ ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზით გამწვავებული შიდაპოლიტიკური კრიზისისა და სახიფათო რეგიონული გამოწვევების ფონზე, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.

ბრიფინგს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მედია არ დასწრებია - შესაბამისად, ვერც შეკითხვები დაისვა. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს რეგიონში შექმნილ რთულ, სახიფათო ვითარებაზე, ამ ვითარების მთავარი შემოქმედის - რუსეთის ხსენების გარეშე. რუსეთის მოკავშირე სომხეთი რიგგარეშე არჩევნების მოლოდინშია. ექსპერტები ამ არჩევნებს სომხეთში დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების ერთგვარ შეჯიბრად განიხილავენ.

ილაპარაკეს თუ არა პრეზიდენტებმა ყარაბაღის ზავის შემდეგ, რუსეთის აქტიურობით ინიცირებულ პლატფორმაზე „3+3“?

ამ პლატფორმის მონაწილეთა ჩამონათვალშია სომხეთი და, ექსპერტთა აზრით, რუსეთი აქტიურად ცდილობს ჩაითრიოს საქართველოც. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ არმენ სარქისიანს საქართველოში სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებული მოსკოვის მესიჯები ჩამოეტანა. მედიას დღეს შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

აშშ-ის ახალი სანქციების ქვეშ აღმოჩნდა პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი და პრიგოჟინთან დაკავშირებული პირები

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 15 აპრილს სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსეი გრომოვი და ასევე რამდენიმე პირი და კომპანია, რომლებიც დაკავშირებული არიან ოდიოზურ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან. მთლიანობაში, 16 ფიზიკური და 16 იურიდიული პირი.

გრომოვის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაშია მითითებული, გრომოვი იყენებდა მედიას აშშ-ის საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისა და დაძაბულობის შექმნისთვის.

ცნობილია, რომ გრომოვი კრემლში პასუხს აგებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელევიზიების მუშაობაზე.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სიბნელე ფსიქიატრიულის ფანჯრებში: როცა არავის სჭირდები

„ყოველ ჯერზე მთხოვდა, რომ არასოდეს წამეყვანა უკან, ფსიქიატრიულში, მაგრამ როცა ვითარება მწვავდებოდა, სხვა გზა აღარ გვრჩებოდა. ყველაზე აუტანელი კი ის იყო, რომ საბოლოოდ დაყოლიების, სასწრაფოს გამოძახების და წაყვანის შემდეგ, საავადმყოფოში ადგილი არ იყო ხოლმე. მერე იწყებოდა რეკვა ნაცნობ ფსიქიატრებთან, რომ როგორმე, დაგვეწვინა იქ, სადაც ყოფნა სძულდა. ვტოვებდი, ჩემთვის კი ურთულესი იყო იმის აღიარება, რომ ამოვისუნთქე. ის კი - ჩემი ძმა, იქ გავუშვი, სადაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა დარჩენა“, - უყვება რადიო თავისუფლებას ანა (სახელი შეცვლილია), რომლის ძმასაც შიზოფრენიის დიაგნოზი 10 წლის წინ დაუსვეს და დროდადრო ისევ სჭირდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსის გავლა.

წარმოიდგინეთ, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ დაიბანოთ საპნით. ტანსაცმელი გასარეცხად გამოგართვან და თქვენი ნივთების ნაცვლად, სხვისი პერანგი და წინდა დაგიბრუნონ. წამლები ძალით ჩაგაყარონ პირში. სახლში არ დაგარეკინონ. გიყვირონ. დაგაბან, უგემური საჭმელი გაჭამონ და თან გიჟიც გიძახონ, - ასე აღწერდა სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი სპეციალურ ანგარიშში ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების ყოფას ერთ კონკრეტულ, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და იქ არსებულ ვითარებას აფასებდა როგორც „დაუცველს ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან“.

ომბუდსმენის წლის შემაჯამებელ, საპარლამენტო ანგარიშში, გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებას კიდევ ორ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული სურათიც დაემატა, რომელიც წლიდან წლამდე უკეთესობისაკენ არ იცვლება. უცვლელი და შეუსრულებელი რჩება თითქმის ყველა ძირითადი რეკომენდაციაც.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

შუა საუკუნეების დროინდელი ქრისტიანული წმინდა ადგილი სომხეთში წარმოადგენს აკუსტიკურ საოცრებას, იშვიათობას, რომელიც მთელი კავკასიიდან იზიდავს მომლოცველებს. მათ, ვინც იცის, სად არის ეს ადგილი, გეღარდის მონასტრის კლდეში გამოკვეთილი სამლოცველო საოცარი ჰანგებით აჯილდოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG