Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მზად არის ევროკავშირის განახლებული დოკუმენტის განსახილველად


"ქართული ოცნების" მთავარი ოფისი თბილისში
"ქართული ოცნების" მთავარი ოფისი თბილისში

„ქართული ოცნება“ მზად არის, განიხილოს ევროკავშირის მიერ წარდგენილი განახლებული დოკუმენტი.

მმართველი პარტიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა პანდემიისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად სერიოზული გამოწვევების წინაშეა, აცნობიერებენ პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ქვეყნისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე:

„ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად“.

მმართველი პარტია აფიქსირებს პოზიციას გიორგი რურუას პატიმრობის და სხვადასხვა, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მიმართ:

„ქართული ოცნების“ განცხადებით, რურუა „არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს“.

„ქართული ოცნების“ თანახმად, ამ ნაბიჯებს დგამენ „საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირთან და პრეზიდენტ მიშელთან ერთად“ და „იმ მოცემულობით, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნება გაცხადებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარების შესახებ, რაც ასახულია ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში და რისთვისაც ევროსტრუქტურები ჩაერთვებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების მიზნით შექმნილ კომისიაში“.

მმართველი პარტიის განცხადებითვე, მისი გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიცია, ეფუძნება აუცილებელ პირობას, რომ მომავალში გამოირიცხება ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა:

„ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე - ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას - ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული“.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 2/3-ის პრინციპი უნდა დაზუსტდეს და გაიწეროს ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, ისე, რომ არ მოხდეს პროცესში პოლიტიკური ჩარევა ან მისი ბლოკირება“.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც - განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

18 აპრილს, ღამით ცნობილი გახდა განახლებული ვერსია შეთანხმებისა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ახალ არჩევნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG