Accessibility links

site logo site logo

სქესობრივი განათლების უფლება - რატომ მიმართავს 9 წლის მოსწავლე სასამართლოს?


9 წლის გოგო და მისი უფლებადამცველები სარჩელს ამზადებენ, რომელსაც უახლოეს მომავალში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ. მოპასუხე მხარეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა წარმოადგენს. თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე და მისი ადვოკატი, განათლების სამინისტროს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვენ, უზრუნველყოს სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების სრულყოფილი სწავლება, კერძოდ კი, სკოლებში ცალკე სასწავლო კურსის დანერგვა.

ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი და 9 წლის მოსწავლის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ნაბიჯით, მათ სურთ შექმნან პრეცედენტი, რათა სახელმწიფომ აღიაროს, რომ როდესაც არ უზრუნველყოფს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების სრულფასოვან მიწოდებას, ამით ის არღვევს ბავშვების უფლებებს. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სარჩელის ერთ-ერთი მიზანი ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვაცაა:

„ბავშვის მოთხოვნა ერთადერთია, რომ ის ვალდებულებები, რაც ეკისრება სახელმწიფოს საერთაშორისო კონვენციებით, აღასრულოს. მათ შორის, „ლანზაროტის კონვენცია ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვაზე“, ბავშვთა უფლებების კონვენცია, სტამბოლის კონვენცია. ყველა ეს კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ მოზარდებს ჰქონდეთ წვდომა სანდო ინფორმაციაზე, რომელიც სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შეეხება, რასაც დღეს სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს. არ შეიძლება ველოდოთ კიდევ უფრო მეტ ტრაგიკულ შემთხვევებს და შემდეგ დავიწყოთ ბრძოლა მოზარდების ინფორმირებისთვის. დღეს, ეს ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სკოლაში, განათლებას ვერ იღებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდანვე და არა მაშინ, როდესაც ბავშვები თავად მოიპოვებენ ამ ინფორმაციას არასწორი, ხშირ შემთხვევაში, ძალიან მახინჯი ფორმით. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საგანმანათლებლო კურსის მთავარი მიზანი ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვაა, რადგან ვიცით, როგორი გახშირებულია ბავშვების მიმართ მსგავსი ტიპის ძალადობის შემთხვევები. განათლების სამინისტრომ უნდა აღასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ეროვნულ სასწავლო გეგმაში სრულად შეიტანოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კურსი. დღეს ეს საკითხები გაბნეულია სხვადასხვა საგანში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს უნდა იყოს ცალკე კურსი. აქამდე, ჩვენ, თითქოს ყველა ვერიდებოდით ვიღაცის წყენინებას, მაგრამ როდესაც საქმე ბავშვთა უფლებებს ეხება, არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრე ბავშვების დაცვა. ამიტომ, კი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები, როგორც ცალკე კურსი, ისე უნდა ისწავლებოდეს“.

სექსუალობის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

დღეს არსებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხები ექვს საგანშია გადანაწილებული.

  • ბუნებისმეტყველება (1-4 კლასები);
  • „მე და საზოგადოება“ (3-4 კლასები);
  • „ჩემი საქართველო“ (5-6 კლასები);
  • ბიოლოგია (7-8-9 კლასები);
  • „მოქალაქეობა“ (7-8-9-კლასები);
  • „ფიზიკური აქტივობა და სპორტი (1-6 კლასები).

საერთო ჯამში, ამ საგნებში გადანაწილებულია ისეთი თემები, მაგალითად, როგორიცაა, პირადი ჰიგიენა, ჰიგიენის წესები, ადამიანის ზრდა-განვითარების პროცესის ილუსტრირება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, განსხვავებული რელიგიური შეხედულებისა ან ეთნიკური კუთვნილების პატივისცემა, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემები, განაყოფიერება და ნაყოფის განვითარება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ნაადრევი ორსულობა და რისკფაქტორები, ნიშნები და სიმპტომები, რომლითაც შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენა, ნაადრევი ქორწინება და სხვა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღიარებენ, რომ თემები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელია, კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, დაკონკრეტებას თუ სათანადოდ დანერგვას მოითხოვს. მათ შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პროფესიონალ პედაგოგთა ჩართულობა, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, არცთუ იშვიათად, უჭირთ მოსწავლეებთან ისეთ თემებზე ლაპარაკი, როგორიცაა, მაგალითად, რეპროდუქციული სისტემები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ა.შ.

ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელიც დღეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში არ დევს და რომელიც, თავად განათლების სამინისტროს თქმით, აუცილებელია, რომ გეგმაში დაინერგოს, ეს არის დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მათი უსაფრთხოებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკანასკნელ პერიოდში, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის გახშირებულმა ფაქტებმა, ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენა და უკვე დაწყებულია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის სპეციალურ პროგრამაზე მუშაობა:

„ამ ფაქტებმა, ვფიქრობ, გაზარდა საზოგადოების მზაობა, რომ სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ საკითხები, პირველ რიგში, მართლაც ბავშვების უსაფრთხოებას უკავშირდება. გაეროს მოსახლეობის ფონდთან და ორგანიზაცია „თანადგომასთან“ ერთად დავიწყეთ უკვე ფიქრი იმაზე, რომ რაკი დაწყებით საფეხურზე, ამ კუთხით, არანაირი საგანმანათლებლო საკითხი არ გვაქვს, იქნებ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მომზადდეს კონკრეტული მიმართულებები. 6-7 წლის ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ არსებობს პირადი სივრცე, რომ არსებობს ცუდი და კარგი შეხება. მან უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ცუდი საიდუმლო ან კარგი საიდუმლო. უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს უცხო ადამიანთან, სხეულის რომელ ნაწილზე შეიძლება შეხება და რომელ ნაწილზე არა და ა.შ. ამ ყველაფერზე მიმდინარეობს მუშაობა, გვინდა, რომ სექტემბრისთვის ეს საკითხები უკვე მზად იყოს, რომ პირველ ეტაპზე, საპილოტო დონეზე მაინც დაინერგოს“.

ამ თვალსაზრისით, განათლების სამინისტრო გეგმავს მოამზადოს კურსი სახელწოდებით „ექიმის საათი“. მარიამ ჩიქობავას თქმით, კურსი არ იქნება სავალდებულო, მას არჩევითი ხასიათი ექნება, თუმცა, ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც სკოლები სათანადოდ აუხსნიან მშობლებს, თუ რას გულისხმობს სასწავლო კურსი და რისგან დაიცავს ამ ინფორმაციის ცოდნა მათ შვილებს, მასზე მოთხოვნა დიდი იქნება:

„ჩვენ ვითვალისწინებთ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც გვეუბნება, რომ ამ ტიპის საკითხები ადგილობრივ კონტექსტს უნდა მოვარგოთ. არაერთი უკმაყოფილების ტალღა გვახსოვს, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც მშობლები, ისე სასულიერო პირები, ამიტომ საკითხი უნდა დაინერგოს იმდაგვარად, რომ არ მოხდეს მისი დისკრედიტირება. საზოგადოების ნაწილს დღემდე არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხების სწორად მიწოდება მოზარდებისთვის. მაგალითად, სქესობრივი განათლება მათ, მაინცდამაინც, სექსის სწავლება ჰგონიათ და როგორც კი იგებენ სიტყვებს „სქესობრივი განათლება“, მაშინვე მოდის უარყოფითი რეაქცია და ემოცია. ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ მომზადდეს კურსი „ექიმის საათი“, რომელსაც ჩაატარებენ სკოლის ექიმები. მათი ხელშეკრულების თანახმად, ექიმებს ისედაც ევალებათ საგანმანათლებლო-პრევენციული ხასიათის შეხვედრების ჩატარება. ვფიქრობთ, რომ „ექიმის საათის“ ფარგლებში გადავიტანთ მსგავს თემებს. მშობლებსაც წინასწარ ეცოდინებათ, რა თემებს გაივლიან მათი შვილები. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ეს დაინერგოს დაწყებით საფეხურზე, რათა ბავშვების ცნობიერება მაქსიმალურად გაიზარდოს უსაფრთხოების კუთხით“.

2022 წლის სექტემბრიდან უნდა შევიდეს სკოლებში ბიოლოგიის მეცხრე კლასის ახალი სახელმძღვანელოც, სადაც, მარიამ ჩიქობავას თქმით, „დიდი დოზით იქნება შესული რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები“.

კიდევ ერთი გეგმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლებში სქესობრივი განათლების შეტანას უკავშირდება, ეხება სკოლის საშუალო საფეხურს, ანუ მეათე-მეთერთმეტე კლასებს, სადაც იგეგმება, რომ დაინერგოს ერთსემესტრიანი, არჩევითი სასწავლო კურსი „ჯანმრთელობა“, სადაც მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

რატომ „ახტებიან“ პედაგოგები სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს?

ახალი სასწავლო გეგმის თანახმად, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საკითხები, რომლებიც აქამდე მერვე კლასში ისწავლებოდა, მომავალი წლიდან, მეცხრე კლასში ინაცვლებს. ხათუნა გოგალაძე, ასოციაცია „ბიოს“ დამფუძნებელი, 17 წელია ბავშვებს ბიოლოგიას ასწავლის. ის მენტორი პედაგოგია და თვლის, რომ სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ თემების მეცხრე კლასში სწავლება, უკვე დაგვიანებულია, რადგან, მისი თქმით, მოზარდებში გარდატეხის ასაკი გადმოწეულია და მათ ამ საკითხების შესახებ შედარებით ადრეულ ასაკში უნდა მიიღონ ინფორმაცია.

მისთვის კარგადაა ცნობილი ის პრობლემაც, რომ პედაგოგების ნაწილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს გვერდს უვლის და ცდილობს, სახელმძღვანელოებში აღწერილი ეს თავები ან გამოტოვოს, ან მოსწავლეებს მხოლოდ სახლში წასაკითხად მისცეს. ხათუნა გოგალაძის თქმით, არიან პედაგოგები, რომლებიც სხვა მეთოდსაც მიმართავენ:

„მასწავლებლების ნაწილი კლასს ყოფს, ცალკე გოგოებს უტარებენ გაკვეთილს და ცალკე ბიჭებს. დირექტორებისგან ასეთი შეთავაზებებიც აქვთ ხოლმე და ამას თანხმდებიან. ასეთ დროს პედაგოგები ბიჭებთან ცალკე განიხილავენ ამ საკითხებს და გოგოებთან ცალკე. თუმცა, საბედნიეროდ, მასწავლებლების უფრო დიდი პროცენტი თავისუფლად ხსნის საგაკვეთილო პროცესისას ამ საკითხებს, შეაქვს გაკვეთილზე ატლასები, სხვადასხვა თვალსაჩინოებები და ა.შ.“

იმისათვის, რომ სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე მოსწავლეებში გაჩენილი შესაძლო უხერხულობა დაძლიოს, ხათუნა გოგალაძეს შემუშავებული აქვს სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის, ე.წ. შავი ყუთის მეთოდი:

„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აწვდის ინფორმაციას მასწავლებელი მოსწავლეებს, რამდენად თავისუფლად გრძნობენ მოსწავლეები მასწავლებლებთან თავს, რამდენად ღიად შეუძლიათ დაუსვან კითხვები, რომლებიც მათ აინტერესებთ, მაგრამ ვერ ეკითხებიან, მაგალითად, მშობლებს. წლების გამოცდილებამ დამანახა, რომ როდესაც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს ვიწყებთ, თავიდან ყოველთვის არსებობს უხერხულობის შეგრძნება. ამიტომ მე მაქვს ე.წ. მეთოდი „შავი ყუთი“. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დაგროვილ კითხვებს წერენ ფურცლებზე და შემდეგ ამ კითხვებს ყრიან ყუთში. ეს ყუთი იხსნება და ყველა კითხვაზე პასუხს ერთად ვპოულობთ. ბიოლოგიის საგანში, სასწავლო გეგმით გათვლილი პროგრამა გულისხმობს საკითხის განხილვას მხოლოდ ანატომიურ ჭრილში, მაგრამ ბავშვებს აქვთ ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს არ ეხება, ამიტომ მასწავლებელმა მათ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, რომ შემდეგ მათ ამ კითხვებზე პასუხების ძებნა სხვაგან არ დაიწყონ“.

როგორ და რა ფორმით უნდა ისწავლებოდეს სკოლებში სქესობრივი ჯანმრთელობა - რას ფიქრობენ მშობლები?

რადიო თავისუფლების მიერ, მშობლების ჯგუფში ჩატარებული მცირე გამოკითხვის შემდეგ, იკვეთება, რომ, მათი აზრით, სკოლებში აუცილებელია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება. მათი ნაწილი ფიქრობს, გარკვეული ინფორმაცია სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ მოზარდებმა სკოლის საწყის საფეხურზევე უნდა მიიღონ. ნაწილი კი თვლის, რომ ეს ასაკი დაახლოებით 14-15 წელი უნდა იყოს. მშობლების თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი ინფორმაციას მათ შვილებს დარგის სპეციალისტები, მათ შორის, ექიმები და ფსიქოლოგები მიაწვდიან. ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ ამ თემებზე ბიჭებსა და გოგოებს ცალ-ცალკე გაკვეთილები უნდა უტარდებოდეთ.

მეგი კავთუაშვილი: „მე მომხრე ვარ, რომ ისწავლებოდეს. ამისთვის საჭიროა შესაბამისი პროფილის მასწავლებლების გადამზადება. მათი დამოკიდებულების და ქცევის ცვლილებებზე მიმართული ინტერაქციული ტრენინგებით, რომელიც განსხვავებული იქნება თავისი ფორმითაც. რაც შეეხება ასაკს, არ მგონია, რომ გარდატეხის ასაკში უნდა დავიწყოთ ბავშვებთან მათ ჯანმრთელობაზე საუბარი. მგონია, რომ დაწყებითი ასაკიდან უნდა იყოს პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ასევე, მშობლებისთვის უნდა შეიქმნას პროგრამები და მოხდეს მისი ტირაჟირება. სკოლებში სექსუალური განათლების შეტანა არის აუცილებელი. ამაში ორი აზრი და ხიფათი არ არსებობს. ერთადერთი ხიფათი არის გაუნათლებლობა“.

შორენა ბურდილაძე: „მომხრე ვარ, რომ ეს საკითხები სკოლაში ისწავლებოდეს. ვისურვებდი, ეს ყოფილიყო ექიმი და გოგონებს და ბიჭებს ცალ-ცალკე უტარდებოდეთ. ასე გაცილებით გახსნილები იქნებიან ბავშვები და თამამად ილაპარაკებენ საკუთარ თავზეც, საკუთარ პრობლემებზე და უფრო შედეგიანი იქნება ეს შეხვედრები. ჩემი შვილის სკოლაში იყო ასეთი შეხვედრა და მივხვდი, რომ ბიჭების გარეშე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს გოგოები და უფრო გულწრფელები იყვნენ. ექიმის მხრიდანაც უფრო ბუნებრივი ეჩვენებათ ამ თემების განხილვა“.

ლალი მარდალეიშვილი: „ვინ უნდა ასწავლიდეს? ვფიქრობ, ექიმი - ფსიქოლოგი, შემეცნებითი ფორმით, გასაგებ ენაზე. ასაკი ალბათ 10 წლის ზემოთ“.

მარი ხანჯალიაშვილი: 14-15 წელი დაგვიანებულია და მაგ დროს უკვე ბავშვებს შესაძლოა მთელი რიგი კომპლექსები, სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ ამ თემაზე მიღებული. მე ვფიქრობ, 11 ან მაქსიმუმ 12 წელი კარგი ასაკია ამ ინფორმაციის მისაღებად. შესაძლოა, ეს არ იყოს საგანი, არამედ ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2 დღე შეხვედრაც საკმარისი იყოს. სასურველია, თუ ფსიქოლოგი ჩაატარებს ამ შეხვედრებს, აუცილებლად ახალგაზრდა და ლაღი, მხიარული ადამიანი. ძალიან სერიოზული სახით, დიდაქტიკური ენით, ვფიქრობ, არ დაინტერესდებიან და არ მოუსმენენ“.

როზი დევნოზაშვილი: „კი, უნდა ისწავლებოდეს. რადგან ჩვენი საზოგადოება ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხის მიმართ და ხშირ შემთხვევაში, არაჯანსაღი, ბავშვების ინტერესების საწინააღმდეგო დამოკიდებულება აქვს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, ხალხის, განსაკუთრებით მოსწავლეთა მშობლების, ოჯახის წევრების, ასევე სასკოლო საზოგადოების სხვა მხარეების ცნობიერების ამაღლება. უნდა შევჯერდეთ, რისთვის არის კარგი ამ განათლების მიღება და რა რისკებს უკავშირდება მისი არარსებობა. მაგალითად, აბორტის სამწუხარო სტატისტიკა, მათ შორის მოზარდებშიც, რომ სქესობრივი განათლების არქონასთან პირდაპირ კავშირშია, გასააზრებელი გვაქვს. სხვა დანარჩენ საკითხებზე, ვფიქრობ, ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოვიგონოთ. შევისწავლოთ განვითარებული ქვეყნების გამოცდილებები და მოვარგოთ ჩვენს რეალობას“.

ელა სუხიშვილი: „უნდა ისწავლებოდეს აუცილებლად და ეს უნდა ხდებოდეს დაწყებითი საფეხურიდან. არანაირად არ ვემხრობი მასწავლებლების გადამზადებას. მასწავლებელთა ნაწილს უხერხულობას უქმნის ასეთ საკითხებზე საუბარი. ამიტომ ცუდად ან კომპლექსებით მიწოდებულ ინფორმაციას, სულ არსწავლა უკეთესია. ამ სწავლებას აუცილებლად უნდა ატარებდეს სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი. არც ბავშვების სქესის მიხედვით დაყოფას ვემხრობი, რასაც უფრო კრძალავ, მით უფრო საინტერესოა ბავშვისთვის და ბოლოს აღმოჩნდება დამახინჯებულად ინფორმაციის გაცვლა“.

ნელი აკობია: „რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს სკოლაში დაფარული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. მიდგომები ათასგვარია, მაგრამ მე მომწონს შემდეგი: დამრიგებელი სულ პირველი ასაკიდან სადამრიგებლო საათზეც შეიძლება რაღაცებზე ელაპარაკოს ბავშვებს, რაც მათ ასაკთან შესაბამისია, მით უმეტეს, თუ კითხვები აქვთ, მაგრამ დამრიგებელი ძალიან მოზომილი უნდა იყოს - ყველა საკითხზე კარგად გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტებთან და ეს ისე გააკეთოს. ახლა სკოლებში შედიან აქტიურად სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. მე ვიტყოდი, რომ ასეთ დამხმარე სპეციალისტებთან ერთად, თვეში ერთხელ მაინც დამრიგებლის საათი დამრიგებელმა ამ თემას მიუძღვნას, კარგად მოემზადოს და ისე. ამასთანავე, გვერდით ჰყავდეს დამხმარე სპეციალისტები. ასაკის ზრდასთან ერთად თემებიც გამრავალფეროვნდება და კითხვებიც. მე დიდად არ ვემხრობი გოგონების და ბიჭების დაყოფას, თუმცა, პრაქტიკა მერე აჩვენებს, როგორ იმუშავებს“.

ეთი ბაჩაკაშვილი: „პირველ რიგში, საჭიროა საზოგადოებას და მშობლებს ავუხსნათ, რას მოიცავს ეს თემა ანუ ის, რომ ამ გაკვეთილებზე სექსს არ ასწავლიან. ვფიქრობ, როგორც ცალკე საგანი საჭირო არაა. საჭიროა შედგეს შეხვედრა მეშვიდე კლასიდან. წელიწადში ორჯერ კი საკმარისია ასეთი შეხვედრა. შეხვედრა უნდა იყოს საინტერესო გარემოში, არა მერხებთან ჯდომა და საგნის სწავლა, არამედ წრეში ჯდომით თავისუფალი საუბარი, და რადგან ამ ქვეყანაში ეს ასეთი სასირცხვილო ჰგონიათ და ვერ ხვდებიან, რაზეა საუბარი, მშობლებსაც უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა საკითხებს მოიცავს შეხვედრა“.

თამარ ტატიშვილი: „რეპროდუქციული ჯანმრთელობა და საკუთარი სხეულის შესახებ ინფორმაცია ადამიანმა პირველად 12 და მით უმეტეს 14 წლის ასაკში არ უნდა მიიღოს. ძალიან დაგვიანებულია. ასაკის შესაბამისად, დაწყებითი კლასებიდან შეიძლება ამ თემებზე საუბარი, ფიზიოლოგიას და ანატომიას, სამედიცინო საკითხებს, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს - ყველაფერს ეხება რეალურად“.

მაიკო შარმიაშვილი: „სულაც არაა საჭირო ცალკე საგნად დამატება. ისწავლება ბიოლოგიაში ადამიანის აგებულება და განვითარება. შესაბამისად, ბიოლოგიის მასწავლებელს შეუძლია ამის გაკვეთილთან ერთად მიწოდება“.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საკითხების შეტანა ჯერ კიდევ წლების წინ იქცა აზრთა სხვადასხვაობის, აქციებისა და პროტესტის საგნად.

2016 წელს შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ხელს აწერდნენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის თუ სპორტის სხვადასხვა სახეობის ცნობილი წარმომადგენლები. პეტიციას ემხრობოდნენ სასულიერო პირებიც. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საგანი „მე და საზოგადოება“, რომელიც სწორედ იმ პერიოდში უნდა შესულიყო სკოლაში, როგორც სავალდებულო საგანი, ხელს უწყობდა „დაწყებით კლასებში, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლას, გარყვნას და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარებასა და აღრევას”.

ის, რომ სქესობრივი განათლების თემა ბავშვებში ტაბუდადებულია, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ასევე ჯერ 1998 წელს, შემდეგ კი 2003 წელს, გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გამოცემული წიგნი „მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ“. საზოგადოების უმრავლესობის რეაქცია ამ წიგნზე მკვეთრად უარყოფითი იყო. 2003 წელს, როდესაც წიგნი მეორედ გამოიცა, მისმა მოწინააღმდეგებმა დაწვეს გამომცემლობა „დიოგენეს“ აბრა. იყო მცდელობები გამომცემლობის ოფისში შევარდნისა და სტენდის დარბევის. წიგნის გამოცემით აღშფოთებული მოქალაქეების ნაწილმა, იგი საჯაროდაც დაწვა.

ფსიქოლოგები და სექსოლოგები თანხმდებიან, რომ სქესობრივი განათლება არის ნაადრევი ქორწინების, არასასურველი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების, ძალადობრივი კავშირების პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა.

ამავე თემაზე: თინეიჯერები სექსის შესახებ - ხუთი ამბავი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG