Accessibility links

site logo site logo

სამადაშვილი: რურუას გათავისუფლება არის პირველი შედეგი, რომელსაც "მიშელის დოკუმენტზე" ხელმოწერით მივაღწიეთ


სალომე სამადაშვილი

საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას შეწყალების აქტის გამოცემა არის პირველი და ნათელი შედეგი იმ შეთანხმებისა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით მიაღწიეს. მისი თქმით, ოპოზიცია განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ უნდა დაიხუროს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა შემდეგ არჩევნებამდე მაინც, რათა თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნების გზით, ხელისუფლების შეცვლის საფუძველი შეიქმნას:

„ეს არის ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ეს არის ის შეთანხმება, რომლის განხორციელებაც დღეს დაიწყო აქ საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ვაპირებთ, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად და შეუპოვრად უზრუნველვყოთ ამ შეთანხმების განხორციელება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ბევრი ადამიანი, ვინც დღეების განმავლობაში უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ხელი მოაწერა „შარლ მიშელის შეთანხმებას“, გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ მიხვდება, რომ ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი რურუას შეწყალების ფაქტზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული პირველი შეფასებების შემდეგ, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. მან განაცხადა, რომ აპირებს პენიტენციურ დაწესებულებასთან შეხვდეს გათავისუფლებულ გიორგი რურუას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოსცა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი რურუა მას შემდეგ შეიწყალა, რაც ოპოზიციის ნაწილმა შეწყვიტა ბოიკოტი და პარლამენტში შევიდა.

გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი გათვალისწინებული იყო ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით მომზადდა.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG