Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ პარლამენტში დაარეგისტრირა ამნისტიის შესახებ საკუთარი კანონპროექტი


არქივის ფოტო
არქივის ფოტო

საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილი სამართალდარღვევების ამნისტიის პროექტი, რომელიც „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ მომზადდა.

კანონპროექტი პარლამენტის კანცელარიაში დეპუტატებმა პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ და შალვა შავგულიძემ წარადგინეს. როგორც შალვა შავგულიძემ მოგვიანებით მედიასთან განმარტა, ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებას და მოთხოვნებს:

„იქ არის აღნიშნული, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევისა და დაკავების... ანუ ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს. იმ მოვლენების დროს რა ბრალდებებიც აქვს წარდგენილი პოლიციის თანამშრომლებს, მათი ქმედებებია ამნისტირებული და აქციის მონაწილეებსაც რა ბრალიც აქვთ წაყენებული, მათი ქმედებებია. ხოლო ხელისუფლების კანონპროექტი შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლებითაც დევნა მიმდინარეობდა ამ ორი წლის მანძილზე და ზოგზე განაჩენიც არის დაყენებული, არამედ ჰიპოტეტურად ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს და ასევე ჰიპოტეტურად მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ არის ძალიან გაუმართლებელი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამნისტია არის არაგანჭვრეტადი“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი განმარტებით, ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2 მნიშვნელოვან დათქმას ითვალისწინებს:

„არ გავრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და მეორეც, პოლიციელების მიმართ ის გავრცელდება კონკრეტულად მათ საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობით“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. მისი განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, თანხმობა არ არის საჭირო იმ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულები პოლიციელები არიან.

„ეს არის სრულიად სამართლებრივად გამართული პოზიცია. არ შეიძლება ერთნაირად იყოს მიდგომა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელისა და მოქალაქის მიმართ. სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, რომ ამ აქციის აღკვეთის თუ მიმდინარეობის დროს საპოლიციო ღონისძიებები ისე უნდა განეხორციელებინათ, რომ დანაშაული არ ჩაედინათ. ანუ მათ მიმართ მოთხოვნა მეტია პასუხისმგებლობისა. ესეთი არის სტანდარტი"-განმარტა შალვა შავგულიძემ.

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ პარლამენტს განსახილველად 2 კანონპროექტი წარედგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გუშინ, 27 აპრილს დაარეგისტრირა.

ოპოზიციის მოთხოვნით, ამნისტირებული უნდა იქნეს ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და, მეორე მხრივ, იმ პოლიციელთა მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ამნისტირება არ უნდა შეეხოს მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და ყველა სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს.

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტის შექმნას ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს.

ამნისტიის საკითხზე არსებული განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

XS
SM
MD
LG