Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 12 მაისს დაიწყება


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 12 მაისს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

NCDC-ის ცნობით, „სინოფარმის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას კი მოქალაქეები ირჩევენ სურვილისამებრ.

12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

იმ მოქალაქეებისთვის კი, რომლებსაც სურთ, ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე - 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20:00 საათიდან.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინპლატფორმაზე booking.moh.gov.ge ან ნომერზე 1522.

დღეს, 11 მაისს, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინით, „სინოვაკით" ვაქცინაციის დაწყებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გავლამდე. საქართველოში „სინოვაკის" 100 ათასი დოზა ვაქცინა არის ჩამოტანილი, რომელიც ჩინეთის საჩუქარია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით პირველი დოზით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG