Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია კიევში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა


ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ თანახმად, უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ პარტიის წევრები: კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

როგორც „ფორმულას“ უკრაინაში გაფრენის წინ უთხრა ნიკა მელიამ, იგი ექსპრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს.

"ორწელიწად-ნახევარია კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს, მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის - თავისას", - უთხრა მელიამ „ფორმულას“.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გრძელდება კონსულტაციები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას, თავისი ანგარიშის გავლით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ერთიანი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული "შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გამჭვირვალედ იქნება მიღებული. იგი არ გამორიცხავდა, რომ ისევე, როგორც მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებაც "ფეისბუკზე" გამოკითხვის საფუძველზე იქნეს მიღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG