Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგისტრალთან მდებარე საოკუპაციო საგუშაგო თანამედროვე ელექტრონული სისტემებით აღჭურვეს


ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა კიდევ ერთი საოკუპაციო საგუშაგოს ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს. ამჯერად საქმე ეხება ცენტრალურ ავტობანთან დაახლოებით 500 მეტრში მოწყობილ საოკუპაციო ძალების საგუშაგოს. ქაცარავას თქმით, რუსმა ოკუპანტებმა დიდი ხნის წინ მოწყობილი საგუშაგო მძლავრი სოლარსისტემით, სათვალთვალო კამერით და ანძით აღჭურვეს. მისი განმარტებით, ეს, დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ საგუშაგო ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და შეიძლება ემსახურებოდეს შესაბამის რადიოლოკაციური გადაჭერის მიზნების განხორციელებას.

„ყვითელი ფერი ამ შემთხვევაში ნიშნავს ფსბ-ს სპეციალურ სადამკვირვებლო და სადაზვერვო სადგომს, რომელიც კონკრეტული მანქანის მოდელისთვის გამოიყენება და რომელიც რუსებს სამაჩაბლოში სულ 3 ჰყავთ ბაზირებული. ეს გამოიყენება რადიოელექტრონული ომისთვის. ეს ნიშნავს, რომ რუსები ამ მანქანებს გამოიყენებენ მობილური სიხშირის ჩასახშობად, მოსასმენად და ა.შ", - ამბობს ქაცარავა. მისი ამ განცხადების პასუხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თითოეულ აქტივობაზე რეაგირება ადეკვატურად ხდება.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს. თითოეული აქტივობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება ინდივიდუალურად. ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით".- აცხადებს სუს-ი.

1 ივნისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების სპეციალისტების წვრთნის შესახებ. სწავლებაში 1500-მდე სპეციალისტი და 600-მდე ტექნიკა მონაწილეობდა.

„მოხდა ელექტრონული მონაცემების გადაცემა რადიოსიხშირეების ჩახშობის პირობებში. სწავლებაში ჩართული იყო ისეთი თანამედროვე კომპლექსები, როგორიცაა, «Редут-2УС», რადიოსარელეო სადგურები Р-419Л1, Р-419 ანტენის მოდულები R-431AM და რადიოსადგურები R-149AKSH, პორტატიული თანამგზავრული საკომუნიკაციო სადგურები "ბელოზერო" და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.

რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი იყო.

„სუს-ში ჩემი მუშაობის პერიოდში ვიცოდით, რომ ჰყავთ მანქანა პორტატიული, მობილური, საპელინგაციო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი. მაგ მანქანას პერიოდულად ატარებენ საოკუპაციო ხაზზე, განსაკუთრებით, თუკი რაიმე გადაადგილება იყო ჩვენი მხრიდან, მათ შორის, საპოლიციო ღონისძიებები, სწავლებები და ასე შემდეგ. ეს საპელინგაციო აპარატურა იჭერს რადიოტალღოვან სიხშირეებს. თუ ამ დროს ღია ტელეფონით ვინმეს ურეკავ, მომენტალურად ეგრევე ითვისებენ და სიგნალის გადაჭერა ხდება. კადრებიდან გამომდინარე, მგონია, რომ სწორედ პელინგატორი აამოქმედეს“, - გვითხრა კახაბერ ქემოკლიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG