Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცირამუა: ფრთხილად! სპონტანური ნაბიჯები ამ ბავშვებს კიდევ უფრო დააზიანებს


წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბავშვი, ხართ გალავანს მიღმა, გარეთ კი დგას ხალხი, ვიზეც გეუბნებიან, რომ ისინი თქვენი მტრები არიან - ამ ადამიანებს შიგნით შემოსვლა უნდათ, ეს ადამიანები ამბობენ, რომ თქვენ ძალადობის, პედოფილიის მსხვერპლი ხართ. შემოსვლა უნდა სახალხო დამცველს, რომელზეც ასევე გითხრეს, რომ მას "თქვენი გარყვნა უნდა" და "პანსიონის დაშლა" - თქვენ კი არაფერი იცით, იმიტომ, რომ უბრალოდ ინფორმაცია არ გაქვთ. იცით მხოლოდ ის, რაც პანსიონში გითხრეს - ფსიქოლოგი მაია ცირამუა გვირჩევს წარმოვიდგინოთ ეს სურათი და იმაზეც დავფიქრდეთ, როგორ გადავჭრათ ნინოწმინდის ობოლ და უპატრონო ბავშვთა პანსიონში მცხოვრები ბავშვების პრობლემები ისე, რომ სავარაუდოდ, ისედაც დასტრესილი მოზარდები კიდევ უფრო არ დავაზიანოთ.

რადიო თავისუფლება: მაია, როგორია თქვენი, როგორც ფსიქოლოგის შეფასება ნინოწმინდაში ნანახსა და მოსმენილზე?

მაია ცირამუა: მოდით, გავყოთ ნანახი ორად - ჩვენ გუშინ მოვუსმინეთ ადამიანს, რომელიც იქ აღარ ცხოვრობს, მაგრამ საუბრობდა საკმაოდ მძიმე ტრავმულ გამოცდილებაზე გარკვეული ფაქტების თანხლებით, სადაც წამების და არაჰუმანური მოპყრობის შესახებაც კი შეიძლება ვისაუბროთ. და მგონია, რომ ეს საკითხი ცალკე შეფასებას საჭიროებს.

და მეორე სურათი, როცა ბავშვები ნინოწმინდის პანსიონიდან საუბრობდნენ, რა კარგია იქ, როგორ უყვართ ისინი. მსგავსი რამე, მე, როგორც სპეციალისტს, არაერთხელ მომისმენია და ჩემთვის ეს არის ხოლმე ერთგვარი მარკერი ბავშვებზე ორკესტრირებული თავსმოხვეული ემოციური ზეწოლისა. ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი.

რადიო თავისუფება: რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მოსმენილის შემდეგ? ვგულისხმობ იმ ეჭვებს, რაც არსებობს პანსიონში მცხოვრები ბავშვების მიმართ მოქცევასთან დაკავშირებით?

მაია ცირამუა: ნინოწმინდის პანსიონის მაგალითითაც რომ არ ვიმსჯელოთ, ისედაც არაერთი კვლევით და ფაქტებით არის დადგენილი, რომ დიდი ინსტიტუციები არის საშიში, სასტიკი და შემაფერხებელი ბავშვის განვითარებისთვის, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და ა.შ. ანუ აქაც, ერთმნიშვნელოვნად უნდა ვივარაუდოთ, რომ პანსიონში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ემოციური პრობლემები - ესენი არიან ბავშვები, რომელთა ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანა მოხდა ძალიან ადრეულ ასაკში. კიდევ იმიტომ, რომ ასეთ ჩაკეტილ სისტემაში, გამორიცხულია მათთან ინდივიდუალური მიდგომა არსებობდეს - ამას სხვა რესურსი სჭირდება. ძალიან ხშირად ამ ბავშვებს აქვთ სიყვარულის, ემოციური კავშირის შიმშილი, რაც თავისთავად იწვევს უკვე ქცევით და ემოციურ პრობლემებს. აი, ამას სჭირდება მართვა.

ნინოწმინდა - ეს არის დახურული დაწესებულება და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ეს არის ბავშვზე ორიენტირებული ან ის, რომ იქ ქცევის მართვის მეთოდები იქნება გამოყენებული. მითუმეტეს, რომ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა კომპეტენციის ადამიანები მზრუნველობენ ამ ბავშვებზე. ანუ სავარაუდოდ, აქ არიან ბავშვები, რომლებიც ყოველდღიური ძალადობის რეჟიმში ცხოვრობენ.

მეორე მომენტიც არსებობს - თუ სტოკჰოლმის სინდრომიდან ამოვალთ, როგორი დამოკიდებულება არსებობს მოძალადის მიმართ. მის მიმართ, ვინც შენი პატრონია, ვინც შენ გაჭმევს. ცნობილია მსხვერპლის ამბივალენტური განცდების შესახებაც - რაღაც ნაწილი არის სიყვარული, რაღაც ნაწილი არის შიში და ა.შ. და ამიტომ, წარმოიდგინეთ, ეს ბავშვებიც, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან.

ისინი, ერთი მხრივ, ვალდებულად მიიჩნევენ თავს, რომ არ გაწირონ ის ადამიანები, ვისთანაც აქვს ასეთი დამოკიდებულებები და მეორე მხრივ, როცა ვხედავ, რომ ყველა ბავშვი ერთსა და იმავე ამბობს, ეს ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისთვის, არის ნიშანი, რომ ამ ბავშვებზე იმუშავეს და გარკვეული ემოციური ზეწოლის, და ვალდებულების გამო ათქმევინეს ის, რაც ათქმევინეს.

და ამიტომ არის გამორიცხული, დავიჯეროთ იქ შეშვებული ტელევიზიების გადაღებული კადრებიდან, რომ ეს ბავშვები იქ ბედნიერად არიან. მოკლედ, ეს მეორე სურათი ჩემთვის არის არადამაჯებელი და ძალიან მტკივნეული.

რადიო თავისუფლება: ამ პროცესში არსებობს საფრთხე, რომ თუნდაც ამ ხმაურის, პროტესტის, აქტიური მედიაგაშუქების პირობებში ეს ბავშვები კიდევ უფრო დაზიანდნენ? რა გზა უნდა აირჩეს, რომ თან კიდევ უფრო არ დაისტრესონ ისინი და თან პრობლემაც გადაიჭრას?

მაია ცირამუა: დღეს ჩემს კოლეგებსაც მივმართე საჯაროდ, რამე ერთობლივი მიმართვა მაინც გავაკეთოთ და ვთხოვოთ მთავრობას, გააზრებულად გადაიდგას ყველა ნაბიჯი, და რაც დაიგეგმება, ეს აუცილებლად იყოს შეთანხმებული საკონსულტაციო ჯგუფთან, რომელშიც იქნებიან ამ სფეროში გამოცდილი ადამიანები.

კი, მე მგონია, რომ ახლა ყოველი ნაბიჯი უნდა ზედმიწევნით გაითვალოს, რომ როგორმე ეს ბავშვები დამატებითი სტრესის ქვეშ არ აღმოჩდნენ.

ყველა სიტყვა, რომელსაც ამბობს თითოეული მოქალაქე, უნდა იყოს გააზრებული.

მე, მაგალითად, არ მომწონს ტრანსფარანტები, რომ ისინი „პედოფილების ხელში არიან“ - უნდა დავფიქრდეთ, რას ფიქრობენ ამ დროს ეს ბავშვები, რა იარლიყს ხედავენ, რა საშიშროებას.

წარმომიდგენია, ვარ ბავშვი, ვარ ამ დაწესებულების შიგნით, გარეთ არის ხალხი, რომელზეც მეუბნებიან, რომ ეს ხალხი შენი მტერია - და მე არაფერი ვიცი მათზე.

სამაგიეროდ, მითხრეს, რომ სახალხო დამცველი გამრყვნის და ეს ადამიანი იბრძვის აქ შემოსვლისთვის.

რადიო თავისუფლება: გაისმა ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოუყვანის მოთხოვნაც.

მაია ცირამუა: დიახ და ამიტომ ვთვლი, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გაითვალოს. სპონტანური მოქმედება ამ ისედაც დაზიანებულ ბავშვებს კიდევ უფრო დააზიანებს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით იქ რამდენი ბავშვია, რა ასაკის, რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან ისინი.

და არც მათი სადმე გადაყვანა იქნება ასე მარტივი და უმტკივნეულო. პირველი, რაც ახლა სასწრაფიოდ უნდა მოხდეს, რომ ეს ბავშვები კიდევ უფრო არ დავაზიანოთ, მთავრობამ სასწრაფოდ შექმნას მულტიდისციპლინერუბული გუნდი, რომელიც მოიფიქრებს, როგორ გამოიყვანოს და სად წაიყვანს ბავშვები ნაკლები ზიანით. იმიტომ, რომ დღეს ყოველი მომდევნო დღე ამ ბავშვებს კიდევ უფრო დააზიანებს და ეს კრიზისი პირველ რიგში უნდა დაძლიოს მთავრობამ, რადგან ეს მისი პასუხისმგებლობაა.

ნინოწმინდში ვითარება სწრაფად იცვლება - საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე შევიდნენ - მათ უნდა შეამოწმონ პანსიონის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება.

ხოლო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ გაავრცელა ამბავი, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი იქ მცხოვრებმა 16-მა ბავშვმაგამოთქვა.

ამ პროცესის პარალელურად კი, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ორგანიზაცია მოსამართლისგან ითხოვს გამოსცეს განჩინება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG