Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაურიანი ბრალდებები გახარიას მისამართით - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 ივნისს


გახარიას „ღალატი“ და „ხელისუფლების აყირავების“ გეგმა

ბიძინა ივანიშვილი ისევ გამოჩნდა. 7 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში მან ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას თანაგუნდელებისა და სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი და ეჭვები გამოთქვა მისი პოლიტიკაში ახალი გუნდით შემოსვლასთან დაკავშირებით.

ივანიშვილი „სახელმწიფო გადატრიალებას“ არ ახსენებს, მაგრამ წერილში ხაზგასმული ეჭვები და შეკითხვები ზუსტად ემთხვევა არგუმენტებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთქმულების გეგმაზე საუბრისას იშველიებს. ამ საკითხზე ერთი კვირით ადრე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მან დახატა „ხელისუფლების აყირავების“ სცენარი, რომელიც ენმ-ის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებით უნდა დაგვირგვინებულიყო.

გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ ამ თემაზე კომენტარებს ერიდებიან. თუმცა, თუკი გამოქვეყნებული განცხადების შინაარსით ვიმსჯელებთ, გიორგი გახარიასთვის „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.

კონკრეტულად რაში ადანაშაულებს „ოცნება“ გახარიას და რატომ არის სახიფათო სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკი საგამოძიებო მოქმედებებისა და დამნაშავეების გამოვლენის გარეშე? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ფილიპ რიკერი: ველით ამნისტიის კანონს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერმა 7 ივნისს საქართველოში შეხვედრები გამართა მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე ილაპარაკა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ყველა პარტიისგან მოელის შეთანხმების სულისკვეთების გათვალისწინებას და სამი მიმართულებით წინსვლას. ესენია: ამნისტიის შესახებ კანონი და სასამართლო და საარჩევნო რეფორმები.

„19 აპრილის შეთანხმება, რა თქმა უნდა, მოითხოვს პარტიებისა და მათი ყველა წარმომადგენლისგან იმოქმედონ ერთად, კეთილსინდისიერად - ამ 19 აპრილის შეთანხმების მხოლოდ პუნქტების კი არა, სულისკვეთების გათვალისწინებით“, - თქვა ფილიპ რიკერმა და დასძინა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინაშე დგას, ღრმა პოლარიზაციის შესუსტებაა, „რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიის წინსვლას“.

როგორ ხედავს ფილიპ რიკერი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს და რა გზავნილები ჩამოიტანა მან ვაშინგტონიდან საქართველოს მხარდაჭერის კუთხით? წაიკითხე მეტი აქ.

დატოვებს თუ არა ნინოწმინდის პანსიონს ყველა ბავშვი?

ნინოწმინდის პანსიონატიდან, ბოლო ორ დღეში გაყვანილი მოზარდები აღმზრდელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტებთან ლაპარაკობენ. ისინი ასახელებენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს და აღწერენ დასჯის იმ მეთოდებს, რომლებსაც აღმზრდელები ბავშვების მიმართ იყენებენ. მოზარდები ამბობენ, რომ აღმზრდელები ბავშვებს ჯოხებით სცემდნენ, ღამეებს ათენებინებდნენ.

პანსიონიდან გაყვანილ ექვს მოზარდს ელაპარაკა 6 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ის ბავშვებს მცირე ტიპის საოჯახო სახლში შეხვდა. მან თქვა, რომ ბავშვებმა დაუდასტურეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რომელიც მათ მიმართ მცირეწლოვნების ასაკიდან ხორციელდებოდა.

რადიო თავისუფლებამ ზრუნვის სააგენტოსგან ამ დრომდე ვერ მოიძია ზუსტი ინფორმაცია, რამდენი მოზარდი რჩება ნინოწმინდის პანსიონში, იგეგმება თუ არა უკლებლივ ყველა მოზარდის გაყვანა დაწესებულებიდან, როდის სრულდება მოზარდთა გაყვანის პროცესი, რამდენი ბავშვია გადაყვანილი საოჯახო ტიპის დაწესებულებაში, რამდენი მოზარდი დაბრუნდა ოჯახში.

წაიკითხე მეტი.

ენმ პარლამენტში შედის

7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში მიდის. ფრაქციას, რომელიც ამ ოპოზიციური პარტიისგან შეიქმნება, 32-წევრი ეყოლება. მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. თავმჯდომარის მოადგილეები კი იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ამრიგად, ეს პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაისის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ, თუმცა მას ხელი არ აქვს მოწერილი „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

დამოუკიდებლობის დღეს პრემიერს და მის მეუღლეს ძვირფასი არადეკლარირებული საათები ეკეთათ

ირაკლი ღარიბაშვილის საათი, დაახლოებით, 36 ათასი ლარი, ნუნუკა თამაზაშვილის კი, დაახლოებით, 18 ათასი ლარი ღირს. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ეს ნივთები პრემიერს ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს.

2021 წლის 26 მაისს სოციალურ ქსელში, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ასახულია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები. ერთ-ერთ ფოტოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლეა აღბეჭდილი - ფოტოზე მკაფიოდ ჩანს ორივე მათგანის მაჯის საათი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს უკეთია IWC-ს ბრენდის საათი, მოდელი პორტოფინო (PORTOFINO AUTOMATIC). საქართველოში ამ ბრენდს იცნობენ როგორც შაფჰაუზენს და მისი საბაზრო ღირებულება დღეს, დაახლოებით, 36 ათასი ლარია. პრემიერ ღარიბაშვილს ქონებრივ დეკლარაციებში ამ ორი მაჯის საათიდან არცერთი არა აქვს მითითებული.

წაიკითხე მეტი გიორგი მგელაძის სტატიაში.

ჰააგის სასამართლოში იწყება მოსმენა 2014 წელს ჩამოგდებული Boeing 777-ის თაობაზე

ორშაბათს ჰააგის საოლქო სასამართლოში იწყება მოსმენა 2014 წლის 17 ივლისს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის (რეისი MH-17) ჩამოგდების შესახებ. ლაინერი ასრულებდა რეისს ამსტერდამი - კუალა-ლუმპური. კატასტროფის შედეგად დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის 80 ბავშვი. მათი უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქეები იყო. კატასტროფის თაობაზე სასამართლო 2020 წლის 9 მარტს დაიწყო ამსტერდამში. ბრალდება წაუყენეს ოთხ ადამიანს, რომლებიც უკრაინელ სეპარატისტებთან არიან დაკავშირებული. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ერთი - უკრაინისა.

2014 წლის 17 ივლისს, ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ სამ საათზე უფრო ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, „მალაიზიის ავიარეისების“ Boeing 777 რაკეტა „ბუკით“ ჩამოაგდეს.

ვინაიდან დაღუპულთა უმრავლესობა ნიდერლანდელი იყო, უკრაინამ ნიდერლანდს გადასცა გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება. ნიდერლანდის უშიშროების საბჭო და გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი (JIT) მივიდნენ დასკვნამდე, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

წაიკითხე მეტი.

გაბრიაძის ადამიანური ფიზიკა

გემახსოვრებათ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქვევრი“, რომლის სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა. გემახსოვრებათ ამ ფილმის პერსონაჟების, მილიციელების, „ღრმა მეცნიერული მსჯელობა“ ქვევრში ადამიანის გაჭედვის კანონზომიერებისა თუ პარადოქსის შესახებ.

„ამოდენა ნახვრეტში თავი თუ გამოეტია, ტანი რატომ არ ეტევა?“ - იკითხავს მილიციის უფროსი.

„ეს ხომ წრეა? ლავუაზიეს კანონია!“ - უპასუხებს ხელქვეითი და კანონის ექსპერიმენტით დადასტურებას დააპირებს...

ცხადია, მსგავსი არაფერი ხდება პირანდელოს მოთხრობაში, რომლის მიხედვითაც დაიწერა „ქვევრის“ სცენარი. „ლავუაზიეს ეპიზოდი“ რეზო გაბრიაძის იმ ფიქრის ნაყოფია, რომელიც სულ მუდამ დასტრიალებდა მათემატიკისა და ფიზიკის კანონების წვდომის წყურვილს და რომელსაც ხაზგასმული დილეტანტიზმითა და დახვეწილი იუმორით იკლავდა ლამის ყველა სცენარსა თუ მოთხრობაში.

ცხადია, ლავუაზიეს (იგივე ნივთიერების შენახვის) კანონი არაფერ შუაშია არც ადამიანის თავისა და მხრების სიგანესთან და არც ქვევრის ყელის დიამეტრთან, თუმცა გაბრიაძის სამყაროში, სადაც მხოლოდ გაბრიაძის ფიზიკა მოქმედებს, ლავუაზიეს „უცნაურად ჩამოყალიბებული“ კანონი მაინც ძალაშია და ერთნაირად მოქმედებს როგორც ძვალმსხვილ მილიციელზე, ასევე ქვევრში გამომწყვდეულ გამხდარ აბესალომზე.

გაბრიაძის შერეკილი მეცნიერებისა და ბუნების გასაოცარი კანონების შესახებ წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

უცნობია ზუსტი რიცხვი, რამდენი ახალგაზრდა ტოვებს ყოველ წელს დიდი ზომის და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს. რა პირობებში უწევთ ამ ბავშვებს და ახალგაზრდებს ცხოვრება? რა არის მათი მომავალი და რა პერსპექტივები აქვთ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლისები ხდებიან?

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG