Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სასამართლომ ძალაში დატოვა რატკო მლადიჩის განაჩენი - სამუდამო პატიმრობა


გაეროს სასამართლომ ჰააგაში 8 ივნისს არ დააკმაყოფილა ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის საჩივარი მის განაჩენზე.

სასამართლო დახურული იყო ჟურნალისტებისთვის.

სააპელაციო პალატა „სრულად უკუაგდებს მლადიჩის საჩივარი..., სრულად უკუაგდებს პროკურორის აპელაციას..., ადასტურებს სამუდამო პატიმრობის განაჩენს, რომელიც მლადიჩს სასამართლო პალატამ გამოუტანა,“ ნათქვამია განაჩენში.

მლადიჩს, რომელიც ესწრებოდა სასამართლოს სხდომას, გენოციდში ედება ბრალი. ამ განაჩენით დაიხურა "ბოსნიის ყასბად" წოდებული სამხედრო პირის საქმე. 79 წლის მლადიჩი ცხოვრების დარჩენილ ნაწილს საპატიმროში გაატარებს.

მლადიჩმა გაასაჩივრა მისთვის 2017 წელს გამოტანილი სამუდამო პატიმრობის განაჩენი, გენოციდისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა და სამხედრო დანაშაულებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის 1992-95 წლების ომში.

(რა ხდებოდა გაეროს ტრიბუნალის დარბაზში 2017 წელს, როცა ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილ სარდალ​ს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს)

დანაშაულები მოიცავს 1995 წლის ხოცვა-ჟლეტას ბოსნიის ქალაქ სრებრენიცასა და მის შემოგარენში, როცა ბოსნიელი სერბების ძალებმა დახოცეს 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სრებრენიცაში მომხდარი სისხლისღვრა ყველაზე მასშტაბური იყო ევროპის ტერიტორიაზე.

მლადიჩი თავს უდანაშაულოდ აცხადებს. მისი საჩივრის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო მლადიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და მოგვიანებით COVID-19-ის პანდემიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG