Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგვიცავს თუ გვითვალთვალებს ინტერნეტში(ც) სახელმწიფო?


საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 10 ივნისს "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა. ამით პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებულ უწყებას საშუალება გაუჩინა, წვდომა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებებისა თუ კერძო კომპანიების ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ კანონის შინაარსმა ეჭვი გაუჩინა, რომ მიზანი კიბერუსაფრთხოების მოგერიებასთან ერთად, ჩვენი კომუნიკაციის გაკონტროლებაც შეიძლება იყოს.

კანონის ასამოქმედებლად პრეზიდენტის ხელმოწერაღაა საჭირო. მისი თანხმობის შემთხვევაში სუს-ის დაქვემდებარებულ უწყებას უფლებები 2021 წლის 30 დეკემბრიდან გაეზრდება.

რომელ უწყებებს შეეხება კანონი

კანონი გავრცელდება სამი ტიპის ორგანიზაციებზე:

  • სახელმწიფო უწყებებზე;
  • ინტერნეტპროვაიდერებზე;
  • კომერციულ ბანკებზე.

სახელმწიფოს შეფასებით, ამ ორგანიზაციებს „კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურა“ აქვთ, რაც მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

რა ვალდებულებები ექნებათ ორგანიზაციებს

ყველაზე მკაცრი ვალდებულებები სახელმწიფო უწყებებს ეკისრებათ - მათ უნდა დააყენონ მოწყობილობები, რომლებიც სავარაუდო კიბერთავდასხმის შემთხვევებს აღმოაჩენენ. ამ მოწყობილობებზე წვდომა უნდა ჰქონდეს სუს-ის დაქვემდებარებულ უწყებასაც.

ბანკების და ინტერნეტპროვაიდერები - ანუ კერძო კომპანიების შემთხვევაში ორგანიზაციები თავად გადაწყვეტენ, მისცენ თუ არა წვდომა სახელმწიფოს შესაძლო კიბერშეტევებზე. თუმცა, საჯარო დაწესებულებების მსგავსად, ვალდებულება აქვთ, ჰყავდეთ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი. გარდა ამისა, აუცილებელია შეიმუშაონ უსაფრთხოების ზომები.

წესების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები.

კონკრეტულად რაზე, როგორ და ვის ექნება წვდომა ორგანიზაციების ინფორმაციაზე

იმის მიუხედავად, რომ კანონით სუს-ის დაქვემდებარებულ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს სახელმწიფო დაწესებულებებსა თუ ინტერნეტპროვაიდერებში ინტერნეტით გადაცემულ შინაარსზე წვდომა ეკრძალებათ, მსგავსი ინფორმაციის მოპოვების ცდუნების საფრთხეს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ერთი შეხედვით, ეს კანონი პრობლემას არ ქმნის და პირიქით, პრობლემის იდენტიფიცირებისთვისაა საჭირო, თუმცა აჩენს საფრთხეებს. იმის მიუხედავად, რომ კანონი გამორიცხავს მედიასაშუალების ბაზებზე წვდომას, შესაძლოა ინტერნეტპროვაიდერების საშუალებით დაადგინონ მედიასაშუალების მიერ გადაცემული ან მიღებული ინფორმაციის შინაარსი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.

როგორ იქცა კანონპროექტი სახიფათო კანონად

„ამ კანონის ინიცირება დროში საეჭვოდ დაემთხვა რამდენიმე სახელმწიფო საიტზე თავდასხმას. ამან თავიდანვე გააჩინა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო საბაბი, რომ ამ კანონის განხილვას ლეგიტიმაცია მომატებოდა“, - ამბობს სიმონიშვილი და არ გამორიცხავს, რომ სუს-მა სახელმწიფო უწყებებსა თუ ინტერნეტპროვაიდერებზე „ხელოვნური თავდასხმებით“ სცადოს მონაცემებზე წვდომის მოპოვება.

ის კიბერთავდასხმა, რომელზეც საია-ს თავმჯდომარე საუბრობს, კანონპროექტის ინიცირებიდან რამდენიმე კვირაში მოხდა. 2019 წლის 28 ოქტომბრის დილას, რამდენიმე ათას ვებგვერდზე, მათ შორის სამთავრობო, არასამთავრობო, პრეზიდენტის, საკრებულოებისა თუ მედიასაშუალების ვებგვერდებზე, საქართველოს ექსპრეზიდენტის ფოტო გამოჩნდა წარწერით "I’LL BE BACK".

ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

ეს კანონი ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში უნდა მიეღოთ, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ახალი მოწვევის პარლამენტს მიეღო. არსებობდა მოლოდინი, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში მათი ეჭვების გასაფანტად რაიმე შეიცვლებოდა. მათი თხოვნა ვადის გადადებაზე შესრულდა, თუმცა არ გამქრალა ეჭვები, რომელიც ამ საკითხზე არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG