Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია ეპისკოპოს იაკობთან შეხვედრის შემდეგ: ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის კარგი ბავშვებისთვის


ნინო ლომჯარია და ეპისკოპოსი იაკობი 17 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ
ნინო ლომჯარია და ეპისკოპოსი იაკობი 17 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონის მმართველთან ეპისკოპოს იაკობთან გამართული შეხვედრის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ თანხმდებიან იმაზე, რომ დიდი ზომის დაწესებულებები ბავშვებისთვის კარგი არ არის. მისი თქმით, რელიგიური დაწესებულებების მფარველობის ქვეშ თავშესაფრების არსებობა, იქნება ეს ბავშვთა, მოხუცთა თუ შშმ პირთა, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, მთავარია რომ აღნიშნული სახლები სტანდარტებს შეესაბამებოდეს. რაც შეეხება კონკრეტულად ნინოწმინდის პანსიონს, ნინო ლომჯარიას თქმით, მისი გადაკეთება მომავლის საკითხია:

„მთავარია, რომ იქ იყოს პერსონალი, რომელსაც შეუძლია ბავშვებთან მუშაობა გადამზადებული და იყოს გამჭვირვალე და ღია მათი საქმიანობა. რაც შეეხება გადაკეთებას, ეს უკვე სამომავლო განხილვის თემაა, ტერიტორიულად სად შეიძლება იყოს. არსებითად ახალი ტიპის საცხოვრებლებზე არის საუბარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ბავშვები ვინც იქ არიან, ყველანი წავლენ. დარჩენილი ბავშვების საჭიროებები შეფასდება და მათი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინოწმინდის პანსიონის ახალმა მმართველმა, ეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველთან დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნინოწმინდის პანსიონის ადგილას დღის ცენტრი გაიხსნება. ნინოწმინდაშივე, ოღონდ სხვა ადგილას, მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტის შესაფერისი ბავშვთა სახლები, რომლებშიც სავარაუდოდ მსოფლიო სტანდარტის შესაბამისად, 6 ბავშვი განთავსდება.

დღეს 17 ივნისს, ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველს ეპისკოპოს იაკობსა და სახლახო დამცველ, ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ომბუდსმენმა, განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მომავალ კვირაში, სავარაუდოდ კვირის ბოლოს ბოდბელ ეპისკოპოსთან იაკობთან ერთად ეწვევა.

ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ საქართველოს სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან გულითადი საუბარი ჰქონდათ. მისივე სიტყვებით პანსიონს დატოვებს ყველა ის აღმზრდელი, ვისაც ბავშვები ადანაშაულებენ.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს იქ მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის პანსიონში, სადაც 56 ბენეფიციარი ცხოვრობდა, რჩება 20 აღსაზრდელი. პანსიონი დატოვა 20-ზე მეტმა აღმზრდელმაც. მათი რაოდენობა 19-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG