Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი ვადამდელი არჩევნების მოლოდინში


„სამოქალაქო შეთანხმება“ და „ჰაიასტანი“ („სომხეთი“)
„სამოქალაქო შეთანხმება“ და „ჰაიასტანი“ („სომხეთი“)

20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფავორიტებად ითვლებიან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ და ბლოკი „ჰაიასტანი“ („სომხეთი“), რომელსაც სომხეთის ექსპრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში.

სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მათ გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ. ორივე პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს ამომრჩეველთა 24-24%.

დაძაბული ფონი - ანტირეიტინგების ბრძოლა

18 ივნისი სომხეთში წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. შესაბამისად, ორივე წამყვანი პოლიტიკური ძალა დასკვნითი მიტინგების გამართვას სწორედ 18 ივნისს გეგმავდა დედაქალაქ ერევნის მთავარ რესპუბლიკის მოედანზე, მაგრამ თავიდან რომ აეცილებინათ შეტაკება მოწინააღმდეგე ბანაკის მომხრეებთან, ნიკოლ ფაშინიანმა ერთი დღით ადრე, 17 ივნისს, ჩაატარა შეხვედრა თავის მხარდამჭერებთან.

სომხეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა აპრილის ბოლოს მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თანამდებობა დატოვა და ოფიციალურად გაუხსნა გზა საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც უნდა განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან ომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.

მაგრამ 44-დღიან ომში განცდილი მარცხის შედეგად სომხეთის საზოგადოება კვლავ საკმაოდ პოლარიზებულია. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და მანამდეც ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებდა ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვასა და ეროვნული ინტერესების ღალატში.

„სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი კი 8 ივნისს, არმავირში შეხვედრის დროს, შეეცადა ამომრჩევლები დაერწმუნებინა, არ დაეშვათ ხელისუფლებაში იმ ძალების მოსვლა, რომლებსაც „სამოქალაქო ომის პროვოცირება სურთ“.

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 16 ივნისს, იმავე არმავირში მყოფმა „ჰაიასტანის“ ლიდერმა, რობერტ ქოჩარიანმა, განაცხადა, რომ მხოლოდ მისი ლიდერობით მოქმედ ბლოკს ხელეწიფება ამჟამინდელი მმართველი პარტიის დამარცხება, რომლის „არაკომპეტენტურობამ ქვეყანა ტრაგედიამდე და დიდ დანაკარგებამდე მიიყვანა“.

სომხეთში პოლიტიკური ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე პოლიტიკურ ძალებს მაქსიმალური თავშეკავების, პასუხისმგებლობისა და მოთმინებისკენ მოუწოდა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა, რომელიც მტრობით და სიძულვილით გამსჭვალულ რიტორიკას და, განსაკუთრებით, ძალადობისკენ მოწოდებებს დაუშვებლად მიიჩნევს.

სწორედ პოლიტიკური მოწინააღმდეგის უკიდურეს დემონიზებას მიიჩნევენ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამორჩეულ პოლიტტექნოლოგიურ თავისებურებად ანალიტიკოსები, რომლებიც ამ ბრძოლაში უპირატესობას ჯერჯერობით ნიკოლ ფაშინიანის მხარეზე ხედავენ.

„ჩემი აზრით, ეს არის ღრმად უარყოფითი კენჭისყრა. ანუ ეს არის არა რეიტინგების, არამედ ანტირეიტინგების ბრძოლა. და მე ვფიქრობ, რომ, ამ მხრივ, ფაშინიანს აქვს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური უპირატესობა, რადგან მან მოახერხა თავისი კამპანია აეგო მთავარ პრინციპზე: მან დაამტკიცა, რომ ისინი, ვინც მას უპირისპირდება, მასზე კიდევ უფრო უარესები არიან და წინა ხელისუფლებები სულ მინიმუმ არანაკლებ არიან პასუხისმგებელი იმაში, რაც აქამდე მოხდა, ვიდრე მისი ხელისუფლება. და საკმაოდ პრიმიტიული საშუალებებით და სიგნალებით ფაშინიანმა შეძლო მოეგო ეს ანტირეიტინგების გამალებული ბრძოლა, დაამტკიცა რა, რომ მისი მეტოქეები კიდევ უფრო უარესები არიან“, - ამბობს „ეხო კავკაზას“ მიმომხილველი, ვადიმ დუბნოვი.

ძირითადი კანდიდატების ძირითადი მესიჯები

18 ივნისს, „სიმშვიდის დღის“ დადგომამდე ერთი დღით ადრე, ძირითადმა ფავორიტებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რობერტ ქოჩარიანმა, ამომრჩევლებს მიმართეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს ის მესიჯები, რომლებითაც მათი წინასაარჩევნო კამპანია იყო გამსჭვალული.

ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

„სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, მისი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში სომხეთის მოსახლეობას მეტ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ აღმავლობას, სამართლისა და სამართლიანობის განმტკიცებას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ჰპირდება.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში გეგმავს უზრუნველყოს რუსეთსა და ირანთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა და ბლოკ „ჰაიასტანის“ („სომხეთი“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა 12-დღიანი წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს, 18 ივნისს, ვიდეომიმართვა გაავრცელა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააკეთონ არჩევანი ღირსეულ ცხოვრებასა და დამამცირებელ მდგომარეობას, კეთილდღეობასა და უიმედო სიღატაკეს შორის.

რობერტ ქოჩარიანი
რობერტ ქოჩარიანი

„მოგიწოდებთ, მოდი, კვლავ ავაღორძინოთ ჩვენი სახლი, ჩვენი სომხეთი! დავამყაროთ ხანგრძლივი მშვიდობა, მოვარჩინოთ იარები, უკვდავყოთ ჩვენი გმირების ხსოვნა და მივანიჭოთ საზრისი მათ გმირობას“, - განაცხადა რობერტ ქოჩარიანმა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი მალევე მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მას შემდეგ, რაც 2018 წლის აპრილის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად ქვეყანაში შეიცვალა ხელისუფლება და ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

იმავე 2018 წელს რობერტ ქოჩარიანს წაუყენეს კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდება, რომელიც უკავშირდება ერევანში 2008 წელს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს, როცა საპროტესტო გამოსვლებისას დაიღუპა რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი.

მაგრამ სამი წლის შემდეგ, 2021 წლის აპრილში, ერევნის სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, ადვოკატების საკასაციო სარჩელი და გამოაცხადა, რომ მეორე პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დახურულია მისი არაკონსტიტუციურობის გამო.

სასამართლო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა სომხეთში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა და 2018 წლის სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის“ გმირის, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა, რომელსაც სათავეში სწორედ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ედგნენ.

ისინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას ადანაშაულებენ 2020 წლის შემოდგომაზე ყარაბაღის გარშემო ომში განცდილ მარცხსა და კაბალურ სამმხრივ შეთანხმებაზე (ერთობლივ განცხადებაზე) ხელის მოწერაში, რომლითაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბერს განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის - რაიონი.

ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად მთიან ყარაბაღში მალევე რუსეთის 2 000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

რუსული ფაქტორი სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში

სომხეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნა მთიან ყარაბაღში რეგიონში „სტაბილურობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“.

44-დღიან ომში განცდილი მარცხის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, მკვეთრად გადაიხარა რუსეთისკენ.

მალევე, რუს მინისტრებთან შეხვედრის დროს, ფაშინიანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივით გამოვიდა, ხოლო მოსკოვთან არსებული ურთიერთობა დაახასიათა, როგორც „სტრატეგიული, ძმური და მეგობრული“.

იგივე სანტიმენტები აქვთ რუსეთისადმი სომხეთის ძირითად პოლიტიკურ ძალებს.

შესაბამისად, ამ ფონზე ოდენ რიტორიკულად ჩანს კითხვა, აქვს თუ არა რუსეთის ფაქტორს მნიშვნელოვანი გავლენა 20 ივნისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.

„პრობლემა ისაა, რომ სომხეთის ნებისმიერი ხელისუფლება, ჩემი წარმოდგენით, მზად არის რუსეთს მისცეს იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც რუსეთს სინამდვილეში არც სჭირდება. რუსეთს კონკრეტულად სჭირდება მთელი ამ სივრცის გახსნა და, ამ მხრივ, ფაშინიანის გამარჯვება, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს სწორედ სომხეთის შიდა პოლიტიკის დემითოლოგიზების თვალსაზისით“, - მიიჩნევს ვადიმ დუბნოვი.

„ფაშინიანს მიცემული აქვს ამ ქვეყნის გახსნის შანსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად ფაშინიანი პოლიტიკურად ღრმად უპრინციპო ადამიანია (ეს არ არის ლანძღვა, არამედ ერთგვარი პოლიტიკური დახასიათებაა). მას არაფერი ამძიმებს. მას ნებისმიერი როლის თამაში შეუძლია და ამით ის იმაზე უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, როგორშიც ახლაა. სწორედ მას ხელეწიფება - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე - სომხეთის პოლიტიკური ცხოვრების დემითოლოგიზაცია. სწორედ მას ძალუძს ხმამაღლა ილაპარაკოს სომხეთის საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციაზე, რაც სომხების ყურს საშინლად ჩაესმის, რადგან ეს სომხური სამყაროს მითის დასასრულს უდრის, დასასრულს იმ უსაზღვრებო სომხეთის შესახებ მითისა, რომელიც მის ისტორიულად - და, მაშასადამე, პოლიტიკურად - კუთვნილ ტერიტორიებს მოიცავს. და შესაძლოა, რომ სწორედ ფაშინიანს ხელეწიფებოდეს ამ მითის შერყევა, მისი პოლიტიკური უპრინციპობიდან გამომდინარე. ლევონ ტერპეტროსიანი (სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი) შეეცადა ამ მითის დამსხვრევას, მაგრამ ამის მიღწევას ცდილობდა მტკიცე პოლიტიკური პრინციპებით, რაც არ გამოუვიდა. ფაშინიანს კი ეს შეუძლია რუსეთისადმი მხარდაჭერით, რომელსაც მთელი ამ სივრცის გახსნა და ყველა სახის კომუნიკაციის განბლოკვა სწადია. რუსეთს სწორედაც რომ ხელს აძლევს ფაშინიანის მსგავსი ლიდერი, რომელსაც მთელი ამ პოლიტიკური კონსტრუქციის დემითოლოგიზება ძალუძს“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი.

თავად რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შორს დაიჭიროს თავი და აცხადებს, რომ სომხეთის 20 ივნისის ვადამდელ არჩევნებში მას საკუთარი ფავორიტი არ ჰყავს.

შეკითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს კრემლი, რუსეთის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი მხოლოდ კეთილი სურვილებით შემოიფარგლა.

„უახლოეს მეზობლებსა და პარტნიორებს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ვუსურვებთ“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ჰყავს ცნობილი 102-ე გიუმრის ბაზა.

ამას 10 ნოემბრიდან დაემატა რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, მძლავრი სამხედრო პლაცდარმი ეთნიკური სომხებით დასახლებულ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებულ, მთიან ყარაბაღში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG