Accessibility links

site logo site logo

კულტურის სამინისტრომ კონკურსები გამოაცხადა, ცნობილია პრიორიტეტებიც - რა შეცვალა მინისტრმა წულუკიანმა?


კულტურის სახლი კახეთში, 2018 წელი

კულტურის სამინისტრო კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსს აცხადებს შემჭიდროებული ვადებით, მწირი ბიუჯეტით და პირობით, რომ ხელოვანები წინასწარ გათვლიან ყველა მოსალოდნელ შედეგს, მათ შორის, მათ პროექტზე შესაძლო უარყოფით გამოხმაურებასაც. 

„მთავარია კულტურის სამინისტრომ შეგიწყოს ხელი იქ, სადაც ხარ”, „კულტურის სამინისტრო არ არის და არც იქნება ძველმოდური, ჩვენ წავახალისებთ ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ახლებურად ფიქრობს”, „კულტურა არ არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც არანაირი სპეციალური საჭიროება არ აქვს”, - ამ ფრაზებით გამოაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 23 ივნისს 10 სხვადასხვა შემოქმედებითი კონკურსი, რომელიც კულტურის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ დროისთვის სულ 15 კონკურსია გამოცხადებული, პრიორიტეტები კი ივნისის დასაწყისში გამოქვეყნდა.

ხელისუფლებამ, რომელიც პანდემიამდე დამოუკიდებელი, 50-მილიონიანი ფონდის შექმნას ჰპირდებოდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, პანდემიის მეორე წელს, ზაფხულში პირველად გამოაცხადა 3 მილიონამდე ლარის დაფინანსების გაცემის გადაწყვეტილება. სამინისტროს მიერ გამოცხადებული ვადები მჭიდროა - დაინტერესებულმა პირებმა და ორგანიზაციებმა 2 კვირაში უნდა წარადგინონ განაცხადი დოკუმენტურ ფილმებზე, კომპიუტერულ თამაშებსა და სხვა მიმართულებებზე. არც ბიუჯეტია უხვი - თითო მიმართულებით მინიმალური ჯამური ბიუჯეტი 50 000 ლარია, მაქსიმალური - 800 000.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ როგორც კონკურსების დაგვიანებით, შუა წელში გამოცხადების გამო, ასევე იმის გამო, რომ პრიორიტეტები გაურკვეველი პრინციპითაა შედგენილი და სისტემა იგივე რჩება.

როდესაც კულტურისა და განათლების სამინისტროები ერთმანეთს გამოეყო, კულტურის სფეროში მომუშავე დამოუკიდებელ არტისტებს გაუჩნდათ სურვილი და მოლოდინი, რომ დაფინანსების წესი უფრო გამჭვირვალე და ნაკლებად დამოკიდებული გახდებოდა სამინისტროს თანამშრომლების ნებაზე. დღეს ისინი ამბობენ, რომ მინისტრმა წულუკიანმა ეს მოლოდინი ვერ გაამართლა. საკონკურსო კომისიაში კვლავ შედიან სამინისტროს თანამშრომლები და, მეტიც, სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში მოქმედი საკონკურსო კომისიების შემადგენლობაც მინისტრმა უნდა დაამტკიცოს - ამას უკან გადადგმულ ნაბიჯადაც მიიჩნევენ.

სამინისტრომ კინოსა და ლიტერატურის მიმართულებებითაც გამოაცხადა კონკურსები, მაშინ, როდესაც კინოცენტრისა და მწერალთა სახლისთვის კინოსა და ლიტერატურის კონკურსების გამოცხადება - მათი კომპეტენცია და სამინისტროსგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაა.

რა კონკურსები გამოცხადდა კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ივნისის თვეში

  • „ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარება: ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა”; ჯამური ბიუჯეტი: 50 000 ლარი
  • „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“; ჯამური ბიუჯეტი: 250 000 ლარი
  • „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“; ჯამური ბიუჯეტი: 80 000 ლარი
  • „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“; ჯამური ბიუჯეტი: 150 000 ლარი
  • „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“; ჯამური ბიუჯეტი: 120 000 ლარი
  • „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“; ჯამური ბიუჯეტი: 60 000 ლარი
  • „სახელოვნებო სკოლების/სასწავლებლების მუსიკალური პროექტების ხელშეწყობა“; ჯამური ბიუჯეტი: 50 000 ლარი
  • „თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობა“. ჯამური ბიუჯეტი: 800 000 ლარი
  • „მუსიკოსების, მწერლებისა და სხვა თავისუფალი ხელოვანების ხელშეწყობა“; ჯამური ბიუჯეტი: 800 000 ლარი
  • „საფრთხეში მყოფი მე-20 საუკუნის ქართული მოზაიკის აღრიცხვა/რესტავრაცია“; ჯამური ბიუჯეტი: 40 000 ლარი
  • „ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან“; ჯამური ბიუჯეტი: 90 000 ლარი
  • „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“. ჯამური ბიუჯეტი: 200 000 ლარი
  • „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“; ჯამური ბიუჯეტი: 200 000 ლარი
  • „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“; ჯამური ბიუჯეტი: 700 000 ლარი
  • „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით“; ჯამური ბიუჯეტი: 150 000 ლარი

კონკურსში მონაწილე პროექტებს საკონკურსო კომისია განიხილავს, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისგან შედგება, სულ 5 წევრისგან. კომისიას გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი. კომისიას აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ დაფინანსების გაცემის ან არგაცემის, არამედ პროექტის კორექტირების შესახებ. ცალკეული პროექტის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს მინისტრის თანხმობით, ამ წესისგან განსხვავებული პირობით.

საპროექტო განაცხადის შევსებისას ყველა მონაწილემ უნდა უპასუხოს კითხვას, რა დადებით გავლენას იქონიებს მის მიერ დაგეგმილი ღონისძიება/პროექტი კულტურის სფეროში და განიხილოს ყველა მოსალოდნელი შედეგი, მათ შორის, მიუთითოს მოსალოდნელი უარყოფითი გამოხმაურებაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

სამინისტროს პრიორიტეტები

კულტურის სამინისტროს 10 ივნისს დასახელებული პრიორიტეტების სია უკვე მოიცავს ისეთი სახელოვნებო პროექტებს, როგორიცაა, მაგალითად, ლიტერატურული პრემია „ლიტერა”, ჟურნალი „კულტურა პლუსი”, ფესტივალები არტ-გენი, ფესტინოვა, არტისტერიუმი, „ცოცხალი წიგნები” და სხვა, რაც წინასწარგანსაზღვრულობის შეგრძნებას ქმნის სხვა ინიციატივებისთვის. პრიორიტეტების სიაშია ისეთი მიმართულებებიც, რომელიც არა სამინისტროს, არამედ მუნიციპალიტეტების კულტურული პროგრამებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს: მაგალითად, თეატრების გასვლები რეგიონებში, საესტრადო კონცერტები თბილისს გარეთ, „ერთი შემოქმედი სოფლად” და წიგნზე წვდომის უზრუნველყოფა. პრიორიტეტების დასახელებისას არაფერი თქმულა ბიუჯეტზე - რა თანხა იქნება თითოეული მიმართულებით გამოყოფილი 2021 წლის.

„ბუნდოვანი და გაუგებარია პრიოტიტეტები, რომლის მიხედვითაც ეს კონკურსები გამოცხადდა. ძალიან გვიანაც გამოცხადდა კონკურსები და ამ დაგვიანების მიზეზად სახელდებოდა ის, რომ “მინისტრი ერკვევა ვითარებაში”, ეს ძალიან დილეტანტური ამბავია. სანამ მინისტრმა ყველა სსიპ-ი და უწყება არ შემოიარა, ქვეყანაში გაჩერებული იყო კულტურული პროცესები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კულტურის მკვლევარმა, ნიკოლოზ ნადირაშვილმა. ის თვლის, რომ ერთადერთი, რაც კონკურსების პრაქტიკაში მინისტრ წულუკიანის მოსვლის შემდეგ დადებითად შეიცვალა, ისაა, რომ საკონკურსო განაცხადების მიღება სამინისტრომ ონლაინ რეჟიმში დაიწყო. ყველა სხვა მანკიერი პრაქტიკა წინა მმართველების, იგივე დარჩა.

ამ დროისთვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული პრიორიტეტების სია 12 მთავარი კატეგორიით, ასე გამოიყურება:

  • ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა: აქ შედის საქართველოში ლიტერატურული ფესტივალების/წიგნის ბაზრობების ხელშეწყობა, ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ და მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი, სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა, ჟურნალი „კულტურა პლუსი“, პროექტები „ახალი ქართული წიგნი“ და „ცოცხალი წიგნები”. ეს კატეგორია უზრუნველყოფს ასევე იშვიათობად ქცეული და საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლებას და წიგნი-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემას, მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობას და ქართული საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერას.
  • ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა - ეს კატეგორია მოიცავს, პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას სადადგმო ან სხვა ხარჯით; რეგიონულ თეატრებში სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის, რეგიონების პროფესიული თეატრების სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯების, თანამედროვე დრამატურგიის განვითარების, კერძო თეატრებისა და ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობას.
  • ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა - ამ პრიორიტეტის მიხედვით ხელი შეეწყობა მუსიკალურ ფესტივალებს, სტუდენტთა და პროფესორთათვის მასტერკლასებს, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებს, კლასიკური მუსიკის კონცერტებს, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებსა და მასტერკლასებს სახელოვნებო სკოლების/სასწავლებლების მუსიკალური პროექტებისათვის. ასევე ცალკეა გამოყოფილი კლავირის და პარტიტურის ელ.ვერსიის შექმნა - რევაზ ლაღიძის „ლელასთვის“.
  • ქართული კინოს ხელშეწყობა - მოიცავს ქართული კინომემკვიდრეობის დაცვას (ჩამოტანა, აციფვრა, რესტავრაცია), ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის სარეკლამო კამპანიის, საერთაშორისო კინოფესტივალებზე ქართული კინოს მონაწილეობის უზრუნველყოფას, დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობასა და პროექტს „საჯარო კინოდარბაზი”.
  • სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით სამუზეუმო ფონდების შევსებას, საფრთხეში მყოფი ქართული მოზაიკის აღრიცხვასა და რესტავრაციას და ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობას გულისხმობს პროექტით „ქართული კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა”. ამ პრიოტიტეტის ფარგლებში მოხვდება ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფორუმი „არტისტერიუმი” და ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova.
  • სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება, ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ორგანიზება, ასევე კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების მხარდაჭერა, ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა, ხალხური საკრავებისა და ქართული სასცენო სამოსის აქსესუარების ოსტატთა ხელშეწყობა. პრიორიტეტულია ასევე ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის ჩატარება და საყმაწვილო სკოლების მხარდაჭერა.
  • ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ფოლკლორის ცენტრისა და ფესტივალ „არტგენის” მხარდაჭერას, ფოლკლორული ექსპედიციების ორგანიზებას, ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობას, ხალხური ცეკვის მასტერკლასების მოწყობას, რეგიონებში სალოტბარო სკოლების გაძლიერებას და ქართული ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო-ჰარმონიის სახელმძღვანელოს შექმნას. ​
  • კულტურაზე ხელმისაწვდომობა. ამ პრიორიტეტის ფარგლებში იგეგმება ბავშვების მიერ წიგნზე წვდომის ზრდა, სკოლებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში კლასიკური მუსიკალური კონცერტების მოწყობა. ასევე რეგიონებში ქართული ესტრადის და ფოლკლორული ანსაბლების კონცერტების და თბილისის თეატრების წარმოდგენების გამართვა. გაჩნდება ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა რეგიონებში, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან. ამოქმედდება პროექტი ერთი შემოქმედი (მსახიობი, მხატვარი, მწერალი, ხელოვნებათმცოდნე და სხვ.) სოფლად და შესაძლებელი გახდება შემოქმედებითი და საგამომცემლო პროდუქციის რეალიზაციის კონცეფციის შემუშავება.
  • მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება ჯაზფესტივალების ხელშეწყობა, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, ასევე საიუბილეო ღონისძიებების, ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა. ​
  • ინოვაციური და თავისუფალი პროექტები, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშები, შემუშავდეს ტურისტული გიდებისათვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდული, ხელოვანთა სასტიპენდიო/სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობის პროგრამა, ინკლუზიური სახელოვნებო პროექტები. ხელი შეეწყობა ლიტერატურული აგენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას და პროექტს „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“. ​
  • კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა ინტერესის საგნად ასახელებს ქართული კინოსა და კინოინდუსტრიის, ქართული თეატრის პრობლემატიკის, ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებული საკითხების და საბჭოთა პერიოდის ქანდაკების კვლევას. ასევე კვლევის საგანი შეიძლება იყოს შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის „საგანძურში“ დაცული ექსპონატების „თავგადასავალი“.
  • COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის დაფინანსდება პროექტები ფერწერის, ქანდაკების, ინსტალაციის მიმართულებით. ასევე ხელი შეეწყობა მუსიკოსებს, მწერლებსა და სხვა თავისუფალ ხელოვანებს.




დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG