"სინოფარმის" ვაქცინის პირველი დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მონაცემების შეყვანით ან ცხელი ხაზზე 1522-ზე დარეკვის შემთხვევაში. ამ დროის მონაცემებით [10:50], ვებგვერდზე წვდომა შეზღუდულია.
"გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება.
ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის", - წერია ვებგვერდზე შესვლის დროს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ნახევარ-ნახევარი მილიონი ჩინური წარმოების ორი ვაქცინა - "სინოფარმი" და "სინოვაკი", რომლითაც ვაქცინაცია საქართველოში მანამდეც მიმდინარეობდა.
500 ათასი ვაქცინა 250 ათასი ადამიანისთვის არის გათვლილი. კორონავირუსის ეს ვაქცინები ორჯერ, დაახლოებით 3-კვირიანი შუალედებით კეთდება.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრირებული ადამიანების აცრა ორშაბათს, 5 ივლისს დაიწყება.
2 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 266 161 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.