Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონფრიდი: საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია


კარენ დონფრიდი, ჯიმ რიში
კარენ დონფრიდი, ჯიმ რიში

ავტორი: ქართლოს შარაშენიძე, "ამერიკის ხმა"

კარენ დონფრიდი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. დონფრიდი ამბობს, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ის გააგრძელებს ძალისხმევას, 19 აპრილის შეთანხმების სწრაფი და სრული განხორციელებისთვის.

"დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის და მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. რთულია საკმარისად ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს დისტანცია. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას. გავაგრძელებთ მხარდაჭერას, საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერეზე" - აცხადებს დონფრიდი.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, დონფრიდმა საქართველოს შესახებ, სენატორ რიშის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. სენატორი რიში ამბობს, რომ ის და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.

„თავად მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წელს, როცა არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ჩამოდიან ვაშინგტონში, მუდამ, სხვადასხვა პარტიები და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენთან ჩაერთოს, კავშირი ჰქონდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი“ - აცხადებს სენატორი რიში.

კარენ დონფრიდი, სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას დაიკავებს. ამ პოსტზე ის პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG