Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არცერთი ორგანიზატორი - ვინ დაიჭირა პოლიციამ 5 ივლისის გამო


5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს, დასავლელი პატრნიორები კი თვლიან, რომ ძალადობა სწორედ ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებმა და პოლიციის უმოქმედობამ წაახალისა. 

5 ივლისს თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებზე მასობრივი და ორგანიზებული თავდასხმებიდან 2 კვირის შემდეგ, დაკავებულია 26 ადამიანი - მათგან არცერთს ბრალი არ ედება ძალადობის ორგანიზებაში.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალადობისკენ მოწოდების საჯარო განცხადებების ვიდეოჩანაწერები, ამ დრომდე ძალადობრივი მოწოდებებისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით არავინ არის დაკავებული. თავად დაკავებულთა ნაწილი კი სასამართლო პროცესებზე ამბობს, რომ გამოძიება მათ წინააღმდეგ მტკიცებულებებს არ ფლობს.

გიორგი ნასყიდაშვილი 11 ივლისს დააკავეს, სასამართლო პროცესზე ის ამტკიცებდა, რომ რუსთაველზე ფეხით იმ დღეს შემთხვევით მოხვდა, რადგან აქციის გამო პროსპექტი გადაკეტილი იყო და ტრანსპორტი არ დადიოდა. ნასყიდაშვილი, მისი უფლებადამცველის თქმით, ხელოსანია და იმ დღესაც მასალების შესაძენად მიდიოდა ელიავას ბაზრობაზე.

„ყოველდღიურად ფეხით გადავაადგილდები, საკუთარი ავტომანქანა არ მყავს, მთელ ქალაქს ფეხით ვუვლი და ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, რომ რამე დამირღვევია.

5 რიცხვში რა მაისურიც მეცვა, სამართალდამცავებს ჩემი ხელით მივეცი, ვინმემ დამიმტკიცოს, რამე ჯგუფში ან ერთ მიტინგზე მაინც თუ ვჩანვარ, ამ ბრალდებას მთლიანად ავიღებ. თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვგრძნობ, მოძალადე ადამიანი მე არ გახლავართ, გამოძიებას არ მივემალები, 5 წლის შვილი მყავს, შვილს მივემალო?” - თქვა გიორგი ნასყიდაშვილმა სასამართლო სხდომაზე. მას სხვა ბრალდებულების მსგავსად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ. საზოგადოებისთვის უცნობია, გიორგის ან სხვა ბრალდებულების შემთხვევაში რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას და იკვეთება თუ არა ამ მტკიცებულებებიდან სხვა პირთა დანაშაულებიც.

როგორ იძიებს სახელმწიფო 5 ივლისს მომხდარს

„უკვე აშკარად იკვეთება სამინისტროს და სახელმწიფოს განზრახვა, არ მისცეს პასუხისგებაში ამ ყველაფრის ორგანიზატორები მაშინ, როცა აშკარაა ორგანიზება მათივე განცხადებებიდან და მათი ქმედებები.

ძალიან მალე შეეძლოთ ორგანიზატორების დაკავება და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა. ყველანაირი მტკიცებულება არსებობს ორგანიზატორების მიმართ, იქნება ეს მათი საჯარო განცხადებები, ფეისბუკზე აქტივობები, სატელევიზიო გამოსვლები თუ წინარე პროცესები. 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები ბევრად მძიმეა, ვიდრე ის, რაზეც ჩატარებულია ძალადობის ორგანიზების მუხლით გამოძიებები”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას GDI-ის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.

5 ივლისს მომხდარ ძალადობაში მონაწილეობისთვის ამ დრომდე დაკავებული 26 ადამიანიდან 23-ს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, 3-ს სხვისი ქონების განადგურება, ანუ „თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმა და ერთს ცისარტყელასფერებიანი დროშის გამო მოქალაქეზე ძალადობა ედება ბრალად. დაკავებულები ჯამში 9 ძალადობრივი ეპიზოდის მონაწილეები არიან.

5 ივლისს დაკავებულ პირთა უმეტესობა ამბობს, რომ პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაში მოძღვრის, პატრიარქის ან ეპისკოპოსის კურთხევით მონაწილეობდა. მათი დიდი ნაწილი უმუშევარი ან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა, რამდენიმე რეგიონიდან ჩამოვიდა თბილისში აქციაში მონაწილეობის მისაღებად, დაკავებულთაგან ორი წარსულში ნასამართლევია.

ძალადობის თითოეულ შემთხვევაში მსხვერპლთა მონათხრობით იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე დაკავებულია. მაგალითად, რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს თავს დაესხა მინიმუმ 10 პირი, მათგან მხოლოდ ერთია დაკავებული. ათზე მეტი პირი ჩანს „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევის კადრებშიც - დაკავებულია მხოლოდ 3, ათეულობით ადამიანი ესხმოდა თავს „ფორმულას“ ჟურნალისტ რატი წვერავას, ამ ეპიზოდზე მხოლოდ 1 პირია დაკავებული.

ყველაზე მეტი, 8 ადამიანი „TV პირველის” გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის გამოა დაკავებული. ლექსო ამბობდა, რომ მას 50-მდე ადამიანი ურტყამდა. 8 შესაძლო თავდამსხმელიდან 4 მისი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. მათგან ერთი, დავით კუტალაძე, რომელიც 5 ივლისის შემდეგაც ღიად იყენებდა სიძულვილის ენას ფეისბუკზე, ლექსოს სიკვდილიდან მის დაკავებამდე პერიოდში ამტკიცებდა, რომ ოპერატორი არა 5 ივლისს მიღებული ტრავმების შედეგად, არამედ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა - ამ ვერსიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მიანიშნებდა.

„ჩხუბში მუშტი ვის არ მოხვედრია? წარბი გამხეთქვია, თვალი გამსიებია, ჩხუბის ელემენტარული მოვლენაა, ამდენ ადამიანთან შეხებამ მოუწია და ამბობს, არაფერი ისეთი, ოდნავ დაზიანება მაქვსო, ვიდეოს ლინკს დავდებ და გადააზიარეთ ყველგან. გვტენიან, რომ ადამიანი ისე ვცემეთ, ყბა დავუმტვრიეთ, სახის ძვლები დავუმსხვრიეთ და ადამიანი გამოდის და ამბობს, გადავრჩითო”, - ამბობდა დავით კუტალაძე 11 ივლისს და ხალხს სთხოვდა, გაეზიარებინათ ის ვიდეო, სადაც ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მიწვეული ლექსო ლაშქარავა ამბობდა, რომ თავს ძალიან ცუდად არ გრძნობდა კლინიკის დატოვების შემდეგ.

დავით კუტალაძე, შეიძლება ითქვას, ყველაზე აქტიური პირია ამ დრომდე დაკავებულებს შორის. ის გულშემატკივრობდა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას, ავრცელებდა ვიდეომიმართვებს „პრაიდის“ წინააღმდეგ, სადაც ადამიანებს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებდა, ემუქრებოდა აქტივისტ ნატა ფერაძეს 9 ივლისს ანგარიშსწორებით, რადგან მიაჩნდა, რომ იგი შეურაცხყოფას აყენებდა ქრისტიანობას პარლამენტის წინ აღმართული რკინის ჯვრის აღების მოთხოვნით. კუტალაძის ფეისბუკის ღია პროფაილზე ამ დრომდე დევს ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს მისი რამდენიმე თანამებრძოლი. გამოძიებას მათთან კითხვები ამ დრომდე არ გასჩენია.

„ნაღდად გასალახი იყო ["ფორმულას" ჟურნალისტი, რატი წვერავა], ის გოგო ["ტვ პირველის" ჟურნალისტი, მირანდა ბარათურია] რო ეჯდა გვერდზე, ძაან უზრდელი ენის პატრონია ის გოგო, ძაან უზრდელი ენის პატრონია, მან გამოიწვია იქ ხალხი, აგინებდა ხალხის მასას და მის გვერდით ვინც იყო, იმას მოხვდა ხელი. რაც შეეხება იმას, რომ მოკლენ ჟურნალისტები ცემაში და იქ ჩვენი ფოტოები გააჟღერენ, ეს ყველაფერი არის სიცრუე. რომელიმეს თუ მოგეძევებათ ვიდეო, სადაც ჩვენ ვიღაცაზე ვძალადობთ, გვაჩვენეთ. სანამ საბუთი არ გექნებათ დამამტკიცებელი, ენას კბილი დააჭირეთ და რას შეეხება კომენტარებს, რომ "მალე დაგერხევათ", იქით დაგერხევათ ყველას”, - ამბობს დავით კუტალაძის მეგობარი, ბექა ბერიშვილი ფეისბუკის იმ პირდაპირ ჩართვაში, რომელიც მათ ერთობლივად ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გააკეთეს. ბექა ბერიშვილი და დავით კუტალაძე 22 ივნისს ქუთაისიდან თბილისში, კიდევ ერთ თანამოაზრესთან, ზურა არველაძესთან ერთად ჩამოვიდნენ „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მისაღებად.

დავით კუტალაძის და ბექა ბერიშვილის პირდაპირი ჩართვა 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ [მარცხნივ], დავით კუტალაძე, ბექა ბერიშვილი და ზურა არველაძე 22 ივნისს [მარჯვნივ];
დავით კუტალაძის და ბექა ბერიშვილის პირდაპირი ჩართვა 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ [მარცხნივ], დავით კუტალაძე, ბექა ბერიშვილი და ზურა არველაძე 22 ივნისს [მარჯვნივ];

დავით კუტალაძე სასამართლოზეც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ლექსო ლაშქარავა ძალადობის შედეგად არ გარდაცვლილა. მან თქვა ისიც, რომ 5 ივლისის შემდეგ ქვეყნის დატოვებას სთავაზობდნენ.

„მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, სულ ასე ჩემ ერთან ვიქნები. გასაქცევი იმ ადამიანს აქვს, ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს. გადაწყვიტეს, ეს ადამიანი ცემაში მოვკალით და მეორე წუთში დაიდო ის ვიდეოები [შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი] და ყველამ გაიგო სიმართლე”, - თქვა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე 13 ივლისს.

დავით კუტალაძის გარდა, ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ 7 პირი. მათგან ერთის, თორნიკე დავლაშერიძის ოჯახი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოძიებას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, არც ჩანაწერებია საქმეში, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ის „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე.

„ჩემი შვილი ალბათ იმიტომ დაიჭირეს, რომ სხვა ვინმე არ დაეჭირათ, ვინც ძალადობდა. ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, ჩემი შვილი დაცვის სამსახურში მუშაობდა, აფთიაქს იცავდა. იმ დღესაც [5-ში] სანამ წავიდოდა, ღამის მორიგე იყო. ბიჭებმა უთხრეს, უნდა წავიდეთ, ეკლესიასთან აქციააო, ჩემი შვილი მორწმუნეა და ალბათ იმიტომ წავიდა. იმ ბიჭებს მე არ ვიცნობ. არც ჩემ შვილთან მილაპარაკია მაგ დღის მერე. ადვოკატისგან ვიცით, რომ კადრები არ აქვს გამოძიებას, მარტო ერთი მოწმის ჩვენებაა. იქ თუ 50 კაცამდე იყვნენ, ვინც იმ ბიჭს [ლექსო ლაშქარავას] ცემდა, რაღა ჩემი შვილი ამოიცნო იმ მოწმემ? ერთი კადრი ვნახე მე მაგ შენობასთან ["სირცხვილიას" ოფისთან], სადაც აივანზე ჩანს თორნიკე, საქართველოს ეროვნული დროშა უჭირავს. იქ არ ჩანს, რომ ვინმეზე ძალადობს”, - ამბობს თორნიკეს დედა, ირინა. მას უჭირს თქვას, ჰქონდა თუ არა მის შვილს ჰომოფობიური განწყობები ან აგრესია მედიის მიმართ, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მორწმუნეა და აქციაზეც იმიტომ გავიდოდა, რომ მღვდლებმა მოუწოდეს.

„ტელევიზიები სოდომიტები არიან, მათი პროპაგანდისტები არიან. ბოლომდე არ არის დამყარებული სოდომიტური დიქტატურა და ვერ დაამყარებენ, გადაიმტვრევიან ხერხემალში, თუკი იარაღს მოკიდებენ ხელს ჩვენს წინააღმდეგ, დაილეწებიან და ეს იქნება გარდაუვალი”, - ამბობდა ჯერ კიდევ 27 ივნისს დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ქადაგებისას. ის 5 ივლისს ტრიბუნიდან მოუწოდებდა ქრისტეს სახელით ძალადობისკენ აქციაზე პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს. გამოძიებამ დეკანოზი მომხდარიდან 2 კვირის შემდეგ გამოკითხა, საპატრიარქომ კი საყვედური გამოუცხადა. სულ ეს იყო. ძალადობისკენ საჯარო მოწოდება, რომელსაც ადამიანების ჯამრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, კანონმდებლობით 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ძალადობისკენ მოწოდებებს აკეთებდა პრაიდის დაწყებამდე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი წამყვანი, ზურა მახარაძეც. მისი სიძულვილი არა მხოლოდ ლგბტ+ პირებს, მედიას და დასავლელ პარტნიორებსაც მიემართებოდა.

„5 ივლისს ის კი არ წყდება, 10 ავადმყოფი რუსთაველზე გაივლის თუ არა. 5 ივლისს წყდება, ამ ქვეყანაში ვისი წესები მოქმედებს. მოღალატე პოლიტიკური პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებების და, რაც მთავარია, მათი უცხოელი პატრონების თუ ჩვენი. ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან და დიახ, მე ვარ მოძალადე. მე შემიძლია და ვაპირებს საკუთარი ღირებულებების მათ შორის ძალით დაცვას. თუ ჩემი შვილი ამათი შექმნილი ჯოჯოხეთის პირობებში უნდა გაიზარდოს, მე მზად ვარ, ძალით ვიმოქმედო ამის წინააღმდეგ”, - ამ მიმართვის შესახებ ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც.

აქციაზეც და დაკავებულებს შორის არიან ისეთებიც, ვინც მღვდელმსახურებაშიცაა ჩართული, როგორც, მაგალითად, ზაზა მჭედლიძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო დააკავეს. სტიქაროსანი ზაზა მჭედლიძე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობაშიც აქტიურად იყო ჩართული.

„ოჯახი მყავს, პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრება შვილები“, - ასე ცდლობდა ის სასამართლო პროცესზე მოსამართლის დარწმუნებას, არ გამოეყენებინა პატიმრობა მის წინააღმდეგ. ზაზა მჭედლიძემ, მისივე მონათხრობის მიხედვით, დროშის ტარი მოიქნია და კამერას შემთხვევით მოარტყა.

ხელშეუხებელი ორგანიზატორები

5 ივლისის კადრებში კარგად ჩანს სასულიერო პირები და ჰომოფობი, კონსერვატორი, პრორუსული ჯგუფების ლიდერები, რომლებიც ბრძანებებს გასცემდნენ, ხალხის მასებს აკონტროლებდნენ და პროცესებს მართავდნენ. არცერთი მათგანი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. 16 ივლისს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და დაკითხა ათზე მეტი პირი, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ჩართული იყვნენ ძალადობრივი აქციის ორგანიზებაში ან ორგანიზატორებთან დაკავშირებული პირები არიან - საგამოძიებო მოქმედებებს შედეგი არ მოჰყოლია. მეტიც, პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ პრორუსული ინტერნეტპლატფორმა „ალტ-ინფოს“ წამყვანები ხაზგასმით ამბობდნენ, რომ პოლიცია მათ მიმართ ლოიალური და კორექტული იყო, საქართველოს ხელისუფლება კი მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებს, თუკი დასავლეთიდან წნეხი გაიზრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია იმ პირთა სია, ვინც 16 ივლისს გამოკითხვაზე იყო დაბარებული პოლიციაში. „ალტ-ინფოს“ ინფორმაციით, ეს სია ასე გამოიყურება:

  • ზურა მახარაძე
  • შოთა მარტინენკო
  • ირაკლი ყიზილაშვილი
  • კონსტანტინე მორგოშია
  • გიორგი ქარდავა
  • თემურ ბოკელაძე
  • რამაზ გაგნიძე
  • ბექა ბერიშვილი
  • ლევან ჩაჩუა
  • გიგა გიმზერიძე
  • ონისე ბრეგვაძე
  • ელგუჯა იაშაღაშვილი
  • გიორგი მახარაშვილი
  • ონისე ბერაძე
  • ბექა ბრეგვაძე
  • ზურა არველაძე
  • ალექსანდრე ფალავანდიშვილი
  • გურამ ფალავანდიშვილი

16 ივლისს დაკითხულ პირთაგან ნაწილი 1 ივლისს იყო დაკავებული კლუბ „ხიდთან“ „პრაიდის” ფარგლებში გამართული კინოჩვენების დარბევის მცდელობისას (მაგალითად, ზურა მახარაძე), ნაწილს კი სხვადასხვა დროს ჩადენილი დანაშაულების გამო ამ დრომდე აძლევს სახელმწიფო საშუალებას, თავი აარიდოს სამართლებრივ პასუხისმგებლობას (მაგალითად, გურამ ფალავანდიშვილს).

„ორგანიზატორების არდაკავება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ძალიან ახლო კავშირშია ამ ძალადობრივ ჯგუფებთან. ეს პროცესი საზიანოა, სამართლებრივ სახელმწიფოს, საზოგადოებრივ მშვიდობას და წესრიგს უქმნის საფრთხეს და ტოვებს განცდას, რომ დანაშაული შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ან ამ ჯგუფებს შემდეგში ვინმე სხვა არ მოეწონოთ და მათ დაესხნენ თავს და გაუსწორდნენ. მართლმსაჯულების მიზანი არ არის მხოლოდ დასჯა, მართლმსაჯულების მიზანი სხვა დანაშაულების პრევენციაცაა და ამ კონტექსტში თუ შენ მთავარ დამნაშავეებს ტოვებ პასუხისმგებლობის გარეშე, შეგიძლია თქვა, რომ მართლმსაჯულება არ ხორციელდება”, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG