Accessibility links

site logo site logo

სუს-ი: 27 აფთიაქში გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები საქართველოს 6 ქალაქის 27 აფთიაქში გამოვლინდა. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ლაგოდეხი, გურჯაანი და საგარეჯო.

სუს-ის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოხსენებული 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენებს სათანადო ნებართვა არ გააჩნიათ. უწყების ცნობითვე, როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტები სისტემატურად იყიდებოდა ექიმის დანიშნულების გარეშე.

„2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან ჯამში 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები და ამასთან, არ გააფორმეს სალაროს აპარატის ქვითარი.

საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენელია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა - ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში, რომლის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებში ჩხრეკის დასრულების შემდეგ საგადასახადო რევიზია ჩატარდება.

გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. სუს-ის ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზებაში ჩართული ყველა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უმოკლეს ვადაში დაიწყება, ხოლო იურიდიული პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG