Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინების შესაძლო ჩანაცვლებაზე: მეორე დოზისთვის უკუჩვენება პირველ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქციაა


ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისას მეორე დოზის პრეპარატის სხვა ვაქცინით ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს პირველ აცრაზე მწვავე სისტემური ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

„საბედნიეროდ, საქართველოში ადმინისტრირებული არის თითქმის 400 000 დოზა ვაქცინა და მეტი და ალერგიული რეაქციების ისეთი კასკადი, რომელსაც სჭირდება ჩანაცვლებითი დოზირება, ძალიან ცოტაა. ესეთი არის სულ 2-3 ადამიანი. ესეც მინდა ჩვენმა მოსახლეობამ რომ იცოდეს, რომ გვერდითი მოვლენების რაოდენობა ძალიან ცოტაა და მინიმალურია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, გადაწყვეტილებას მეორე დოზაზე ვაქცინის ჩანაცვლების შესახებ იღებს „იმუნიზაციის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე მონიტორინგის კომიტეტი“.

„თუ პირველი რეაქცია ხორციელდება, არა აქვს მნიშვნელობა, ან რნმ ვაქცინაზე, ან ვექტორულ ვაქცინაზე, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე სახის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად, თუ რეაქცია არის ფაიზერზე, შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა, ან ასტრაზენეკა. თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ ასტრაზენეკა ან ფაიზერი“, - განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა. მისივე თქმით, ვაქცინის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ შემთხვევაშიც, თუ ასტრაზენეკას პირველ დოზას თრომბოემბოლიური რეაქცია მოჰყვება:

„თრომბოემბოლიური მოვლენა არ დაფიქსირებულა, ალერგიაზე სულ 2-3 შემთხვევა იყო, რომელზე საბოლოო დასკვნას დოკუმენტურად გავაფორმებთ და ამ პაციენტებს და მის მკურნალ ექიმს და დაწესებულებას, უშუალოდ გადავუგზავნით“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო კონკრეტული ვაქცინის პირველ დოზაზე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში ვაქცინა სხვა ვაქცინით ჩანაცვლდება. გადაწყვეტილება 29 ივლისს იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მედიას ამ ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ მიაწოდა. იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან კერძოდ განაცხადა, რომ იმუნიზაციის საბჭომ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და პირებს, ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე სერიოზული გვერდით რეაქცია დაუდასტურდებათ, საშუალება ეძლევათ, მეორე დოზაზე სხვა ვაქცინით აიცრან.

30 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში 15 მარტიდან გაკეთებულია 464 875 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 153 128. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3.7 მილიონია.

ერთ დღეში ყველაზე მეტი, 17 133 აცრა 28 ივლისს გაკეთდა, მაშინ, როცა დაგეგმილი სამიზნე მაჩვენებელი საშუალოდ 20-25 ათასია. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ამერიკული "ფაიზერის", ჩინური "სინოფარმისა" და "სინოვაკის" და ბრიტანულ-შვედური "ასტრაზენეკას" ვაქცინებით. ყველაზე დიდი მოთხოვნა "ფაიზერზეა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG