საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აკრედიტაცია ჩამოართვა და ოლიმპიური სოფლის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა ბელარუსის დელეგაციის ორ წევრს, მძლეოსან კრისცინა ციმანოუსკაიას მწვრთნელებს, არტურ შიმაკს და იური მაისევიჩს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია ტოკიოში დარჩენილი, ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენების კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე.
ციმანოუსკაიასთან დაკავშირებულ ინციდენტში მწვრთნელების, შიმაკის და მაისევიჩის როლს სწავლობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შექმნილი დისციპლინური კომისია.
1 აგვისტოს, კრისცინა ციმანოუსკაიამ ტოკიოს აეროპორტში დახმარება ითხოვა. სპორტსმენმა განაცხადა, რომ იძულებით უპირებენ ბელარუსში დაბრუნებას. პოლიციის დაცვით ციმანოუსკაია ჯერ აეროპორტის სასტუმროში, შემდეგ კი პოლონეთის საელჩოში გადაიყვანეს. პოლონეთმა მძლეოსანს ჰუმანიტარული ვიზა მისცა, რის შემდეგაც ის ვენის გავლით ვარშავაში ჩავიდა.
ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სამშობლოში სპორტსმენის დაბრუნების გადაწყვეტილება მის „ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას“ დაუკავშირა. ინციდენტამდე ციმანოუსკაიამ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა მწვრთნელები და სპორტის ჩინოვნიკები. ინციდენტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იძიებს.