Accessibility links

site logo site logo

ჰიროსიმაში მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის ჩამოგდების 76-ე წლისთავი აღინიშნა


იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალურ პარკში. 6 აგვისტო.

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში 6 აგვისტოს აღნიშნეს მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის ჩამოგდების 76-ე წლისთავი. ქალაქის მერმა მსოფლიოს ლიდერებს ბირთვული იარაღის განადგურებისკენ მოუწოდა.

„ბირთვული იარაღი, რომელიც ომებში გამარჯვებისთვის გამოიგონეს, სრული მოსპობის საფრთხეს გვიქმნის, რასაც შეიძლება ბოლო მოვუღოთ, თუკი ყველა ქვეყანა ითანამშრომლებს,“ თქვა მერმა კაზუმი მაცუიმ.

ჰიროსიმაში 140 ათასამდე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 1945 წლის 6 აგვისტოს, დილით, აშშ-მა ატომური ბომბი ჩამოაგდო ქალაქში. სამი დღის შემდეგ მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდეს ნაგასაკიში, რასაც 70 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 15 აგვისტოს იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.

დღევანდელ ცერემონიას ესწრებოდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიარაღების კონტროლისადმი „რეალისტური“ მიდგომა და გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისკენ მიმართული ზომები.

ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალურ პარკში ცერემონია მოკრძალებული ფორმით გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო. იაპონიის ეროვნულმა ტელეკომპანია NHK-მ ძირითადი გამოსვლები აჩვენა და შემდეგ სწრაფად გააგრძელა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაშუქება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG