Accessibility links

site logo site logo

საბერძნეთსა და თურქეთში გრძელდება ტყის ხანძრებით გამოწვეული კრიზისი


ბალკანეთის ქვეყნებში გრძელდება ტყის ხანძრები. პარასკევს ასობით მეხანძრე ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას ათენის გარეუბანში. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვითარება „კრიტიკულია“. მეზობელი თურქეთის ხელისუფლება კრიტიკის ობიექტად იქცა იმის გამო, თუ როგორ იბრძვის ხანძრების წინააღმდეგ.

ორ ქვეყანაში უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მრავალი ხანძარი გაჩნდა, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცხელი ამინდებით არის გამოწვეული. ხელისუფლების წარმომადგენელთა და ექსპერტთა თქმით, სიცხის ტალღის მიზეზია კლიმატური ცვლილებები.

„ჩვენი ქვეყანა უკიდურესად კრიტიკულ ვითარებაშია“, განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა. მისი თქმით, ქვეყნის 13 რეგიონიდან ექვსში განგაშია გამოცხადებული.

საბერძნეთის დასახმარებლად მთელმა რიგმა ქვეყნებმა გაგზავნეს მაშველები.

ტყის ხანძრების გამო 30-დღიანი საგანგებო ვითარება გამოცხადდა მეზობელ ჩრდილოეთ მაკედონიაში. ალბანეთში თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ვითარება იქაც „კრიტიკულია“.

მძიმე ვითარებაა თურქეთში. 28 ივლისიდან მოყოლებული ქვეყანაში 200-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა, 12 მათგანის ჩაქრობა ჯერაც ვერ ხერხდება, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის ოფისი.

ხანძრების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე.

მთავრობა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ანგარიშის შესახებ, რომელიც ნათელყოფს, რომ ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული.

მიმომხილველები შენიშნავენ, რომ კრიზისმა მოულოდნელი პრობლემები შეუქმნა თურქეთის ძლევამოსილ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი წლით ადრე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG