Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანა შეზღუდვების ნაწილს დაუბრუნდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 აგვისტოს


საქართველო დელტა შტამის პირისპირ - რამდენს გასწვდება ჰოსპიტალური სექტორი

ბოლო დღეებია, კორონავირუსის ახალი შემთხვევები 5 ათასს სცდება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეს რეკორდული მაჩვენებლები ჯერ კიდევ არ არის პიკი.

შექმნილი ვითარების გამო მთავრობა სამი კვირით შეზღუდვებს აწესებს:

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს შემდეგი წესები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. თუმცა 4 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებამდე მიიყვანს.
  • იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღონისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
  • მუშაობას შეწყვეტს ბავშვთა გასართობი ცენტრები;
  • კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.

გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, სექტემბრიდან შესაძლოა რიგ დაწესებულებებში მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები დაუშვან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოქალაქეების აცრის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დღიური აცრის რეკორდი დაფიქსირდა და ერთ დღეში თითქმის 26 ათასი ადამიანი აიცრა, მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ აუცრელია. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღეში უკვე 8%-ია, რაც აისახება საავადმყოფოების გადატვირთვაზე.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ასეთ მდგომარეობაში უკვე დაწყებულია ფიქრი ე.წ. საველე ჰოსპიტლების შექმნაზე. მისი თქმით, ისინი მოეწყობა არა კარვებში, არამედ სპეციალურად შერჩეულ შენობებში, რათა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის უფრო კომფორტული იყოს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გახარიას "გაქანება" და "ოცნების" "თავის ტკივილი"

გიორგი გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მასობრივ დევნაში ადანაშაულებს და ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობაზეც მიუთითებს.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მსგავსი რამ არასოდეს გაუკეთებია, მაგრამ, თავისი წონითა და მნიშვნელობით, პარტია „საქართველოსთვის“ ამდენ ძალისხმევად არც თეორიულად ღირს.

ამასობაში კი, გახარიას პარტია ექსპერტებისთვის შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ - პარტიამ საქართველოს მასშტაბით ათეულობით ოფისიც გახსნა, პოლიტიკურ რეიტინგებში მესამე ადგილიც დაიმკვიდრა და „ქართულ ოცნებასთან“ გამიჯნული არაერთი ყოფილი თუ მოქმედი საჯარო მოხელეც მიიღო.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ „საქართველოსთვის“ ტყუის, როცა მხარდამჭერების მასობრივ დევნაზე საუბრობს და ასე ცდილობს ყურადღების მიპყრობას.

უმრავლესობის წარმომადგენლის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ხელისუფლებას დევნის ინტერესი და მოტივაცია თეორიულადაც კი არა აქვს, რადგან გახარიას პარტია უბრალოდ ამად არ ღირს.

არადა, IRI-ს აგვისტოს გამოკითხვების მიხედვით, გახარიას პარტიაზე ფიქრი, როგორც კონკურენტზე, ნამდვილად უნდა უღირდეთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფებს. პარტია „საქართველოსთვის“ მესამე ადგილზეა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.

  • ქართული ოცნება - 26%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 14%;
  • საქართველოსთვის (გიორგი გახარიას პარტია) - 9%;

არის თუ არა გახარიას პარტია „ოცნების“ პრობლემა? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

მოსახლეობის 21% ამბობს, რომ პანდემიისას სამსახური დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა - NDI

NDI-ს მიერ ჩატარებული საზაგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის კვლავ მთავარ პრობლემებად რჩება.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 68% ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს.

მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ ან სამსახური დაკარგეს (8 %), ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ (13 %). მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი ამბობს, რომ კვლავ უმუშევარია.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

COVID-19 და ორსულობა - რისკი იმატებს, აცრა იცავს

დღეის მონაცემებით მიიჩნევა, რომ ორსული ქალები, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, მაღალი რისკის ქვეშ არ იმყოფებიან. თუმცა, რისკი მაინც არის - ვრცელდება ცნობები ნაყოფის დაკარგვაზე, ორსულის გარდაცვალებაზე ან ისტორიები მძიმედ ჩავლილ დაავადებაზე. 11 აგვისტოს ამერიკის CDC-მ ოფიციალურად მოუწოდა ორსულებს, სასწრაფოდ აცრილიყვნენ და ამით თავი დაეცვათ გავრცელებული დელტა ვარიანტისგან.

გართულებების რისკი მატულობს მესამე ტრიმესტრში, ისევე, როგორც ეს სხვა დაავადებების - გრიპის და ე.წ. გაციების დროს ხდება ხოლმე.

მომატებულ საფრთხეს ქმნის კორონავირუსის დელტა ვარიანტიც, რომელიც უფრო გადამდებია და, შესაძლოა, უფრო მძიმე დაავადებასაც იწვევდეს. გასულ კვირას, აშშ-ის მისურის შტატის სენ ლუისის საავადმყოფოში ორსულთა 20 პროცენტი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მათი მესამედი მძიმედ იყო ავად. შარშან, როდესაც მისურის შტატში კორონავირუსის გავრცელების პირველი პიკი დაფიქსირდა, ამავე საავადმყოფოში ეს რიცხვი ორჯერ ნაკლები იყო.

ექიმები დღეს ამბობენ, რომ აცრა უსაფრთხო და ეფექტიანი დაცვაა ორსულებისთვისაც.

რა მონაცემები არსებობს ორსულებში ვირუსის მიმდინარეობის შესახებ? როგორია ორსულების ვაქცინაციის შედეგები მსოფლიოში? წაიკითხე მეტი.

პარტიამ „დროა“ პოლიტიკური გუნდი წარადგინა

თბილისში, მშვიდობის ხიდთან პარტიამ „ელენე ხოშტარია - დროა!“ წარადგინა პოლიტიკური გუნდის ახალი წევრები.

„ჩვენი პარტია არის არა ადამიანის, ან ერთის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული თავისუფალი, პრინციპული ადამიანების ერთობა“, - თქვა პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

„დროას“ გუნდის წევრებს შორის არიან: საქართველოს ყოფილი ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე. პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი ნინო გოგუაძე.

23 ივლისს ოპოზიციის ნაწილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა ელენე ხოშტარია.

ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება ცოტნე კობერიძე

პარტიაში „გირჩი - მეტი თავისუფლება" დასრულდა პრაიმერიზი თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატურის გამოსავლენად. როგორც პარტია იუწყება, გაიმარჯვა ცოტნე კობერიძემ, ის იმედა კლდიაშვილს უპირისპირდებოდა.

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომაროების კანდიდატად დაასახელეს ელენე ხოშტარია. მაშინვე ითქვა, რომ პარტია „გირჩი მეტი - მეტი თავისუფლება“ დაასახელებდა ვიცე-მერობის კანდიდატს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

11 რამ, რაც ვირუსთან ბრძოლისას ამაო აღმოჩნდა

12 აგვისტოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამი კვირით გააჩეროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადაწყვეტილება გააკრიტეს - როგორ მივლენ მოქალაქეები, მაგალითად, ამცრელ პუნქტებამდე ტრანსპორტის გარეშე?!

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არ არის ერთადერთი სადავო გადაწყვეტილება, რომელიც პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე მიიღო ხელისუფლებამ. მრავალთვიან კომენდანტის საათს, ერთეულ შემთხვევებზე ჩაკეტილ ქალაქებსა და ქუჩების სადეზინფექციო სითხეებით მორეცხვას ასევე მწვავე კრიტიკით პასუხობდა საზოგადოება.

ვირუსის მართვა და შეზღუდვები ამ დრომდე ქაოტური და რიგ შემთხვევებში არალოგიკური ან არაეფექტიანია. ქვეყანას არ გააჩნია მკაფიო კრიტერიუმები, რომლითაც შეზღუდვებს მოხსნის ან შემოიღებს - ივლისის ბოლოს წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიამ საშიში პრეცედენტი შექმნა წესების დამრღვევებისთვის, წესების დამცველებს კი უსამართლობის განცდა გაუჩინა.

შეცდომებს პანდემიის დროს თითქმის ყველა ქვეყანა უშვებდა, და ყველგან პანდემიის დროს დაშვებულ შეცდომებს ხშირად ადამიანების სიცოცხლის ფასი ჰქონდა. საქართველო, რომელმაც ვერც მწყობრი მართვა შეძლო ეპიდემიოლოგიური ვითარების და ვერც გამოცდილების სიძლიერედ ქცევა, ამ დრომდე სუსტი და ქაოტური მმართველობით და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით იბრძვის კორონავირუსის წინააღმდეგ.

ამ მასალაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნასტასია არაბული შეგახსენებთ სადავო შეზღუდვებსა და ეპიდემიასთან ბრძოლის სახელით გატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც არაეფექტიანი აღმოჩნდა.

წაიკითხე სტატია.

„გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან“, - „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი გურამ როგავა არხიდან თავისი წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG