Accessibility links

site logo site logo

„მახეში ვარ“: სამგზავრო დოკუმენტების მქონე ათასობით ავღანელს თალიბანი აეროპორტთან არ უშვებს


ხალხი ცდილობს ქაბულის აეროპორტის დამცავ კედელზე გადასვლას

აჰმადი სახლიდან მაშინვე გაიქცა, როგორც კი ქაბულში თალიბანის მებრძოლები შევიდნენ. ახლა ის ავღანეთის დედაქალაქში კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობს და საზღვარგარეთ გაფრენის შანსს ელის.

თუმცა ეს შანსი ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება.

თალიბანის მებრძოლებმა ქაბულის აეროპორტის გარშემო საკონტროლო გამშვები პუნქტები აღმართეს და ათასობით ავღანელს, რომლებსაც სამგზავრო დოკუმენტები ჰქონდათ, ქვეყნიდან გაფრენის საშუალება არ მისცეს - ზოგჯერ ძალის გამოყენებითაც.

ქაოსი და სროლის ხმა ქაბულის აეროპორტის წინ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:03 0:00

„მახეში ვარ, - ამბობს აჰმადი, რომელიც ნამდვილ სახელს თალიბანის შურისძიების შიშით არ ამჟღავნებს, - თავის დაღწევის საშუალება არა მაქვს“.

აჰმადს აშშ-ის საგანგებო ვიზა აქვს და იმ ხალხის სიაშიცაა, ვინც ევაკუაციას ექვემდებარება. ელფოსტაც მიიღო, სადაც ნათქვამი იყო - აეროპორტში მოდიო. თუმცა მან არ იცოდა, რომელი საკონტროლო პუნქტისთვის უნდა მიემართა. სხვადასხვა ადგილი სცადა. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც „სწორ“ პუნქტს მიაგნო, ის მაინც არ გაუშვეს. თალიბანმა ორი დღის განმავლობაში ხუთჯერ უთხრა უარი აეროპორტში შეშვებაზე. ბოლო ცდისას, 19 აგვისტოს, მებრძოლმა მისი მისამართით გაისროლა. ტყვია მცირედით ასცდა.

თალიბანის მებრძოლი
თალიბანის მებრძოლი

„გამიმართლა, რომ არ მოვკვდი, - წერდა აჰმადი WhatsApp-ზე, - ახლა არც ვიცი, რა უფრო საშიშია: აეროპორტში მისვლა თუ დარჩენა და თალიბანის კონტროლის ქვეშ ცხოვრება“.

აეროპორტს ბოლოს დღეების განმავლობაში ათასობით ავღანელი მიაწყდა. ბევრ მათგანს სამგზავრო დოკუმენტები არა აქვს, თუმცა მაინც იმედოვნებენ, რომ რამენაირად თვითმფრინავში მოხვდებიან.

აეროპორტის მიმდებარედ სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ავღანელი, რომლებიც აშშ-ის საჰაერო ძალების მოძრავ თვითმფრინავს ჩამოეკიდნენ და შემდეგ ჩამოვარდნენ. სხვები თალიბანის ან აშშ-ის ძალების გასროლილ ტყვიებს ემსხვერპლნენ, ან ჯგლეთაში მოყვნენ.

ამ ქაოსში მოყვა ათასობით ავღანელიც, რომლებსაც სამგზავრო დოკუმენტები წესრიგში აქვთ. თვითმხილველები იუწყებიან, რომ თალიბანის მებრძოლები უცხოელებს საშუალებას აძლევენ აეროპორტში მოხვდნენ, ბევრ ავღანელს კი უკან აბრუნებენ. მათ შორის მათ, ვისაც უცხოური პასპორტები აქვთ.

უცხოეთის მთავრობები მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფენ და ამიტომ ზოგი თვითმფრინავი ქაბულიდან თითქმის ცარიელი გაფრინდა. ამ კვირას გერმანულმა თვითმფრინავმა, რომელსაც 150 მგზავრის გადაყვანა შეეძლო, ბორტზე მხოლოდ 7 ადამიანით დატოვა ქალაქი.

ავღანელები აეროპორტის გარშემო მოწყობილ ბლოკპოსტთან. 6 აგვისტო, 2021 წ.
ავღანელები აეროპორტის გარშემო მოწყობილ ბლოკპოსტთან. 6 აგვისტო, 2021 წ.

„აეროპორტში მოხვედრა შეუძლებელია“, - ამბობს ავღანელი აქტივისტი, რომელმაც ვერ შეძლო თავის რეისზე მოხვედრა. ის სტამბოლში გაფრენას ცდილობდა. თურქეთი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანათაგანია, რომელიც ავღანელებისთვის ვიზებს გასცემს. „თალიბანი არ გვიშვებს. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა, ვინც გაქცევას ცდილობს, უცხოელების მონაა და, შესაბამისად, ასეთ მოპყრობას იმსახურებს“.

აჰმადის და მის დღეში მყოფი ავღანელებისთვის საშიშროება ყოველდღე იმატებს.

„სერიოზული საფრთხე მემუქრება, - ამბობს აჰმადი, - მე აშშ-ის მთავრობასა და ამერიკულ ორგანიზაციებთან მიმუშავია. თალიბანისგან მუქარა მაქვს მიღებული. მითხრეს, რომ მეძებენ“.

თალიბანმა საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა, მათ შორის მათთვის, ვისაც მათ წინააღმდეგ უბრძოლია. თუმცა, ქაბულის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რეალობა სულ სხვაა.

ადგილობრივების ცნობით, თალიბი მებრძოლები ქაბულში კარდაკარ დადიან, სახლებს ჩხრეკენ და ზოგჯერ მცხოვრებლებს სცემენ, აშინებენ და იტაცებენ. ხშირად პერსონალურ დოკუმენტებს და მობილურ ტელეფონებს ართმევენ. ამბობენ, რომ თალიბანს ყოფილი მთავრობის თანამშრომლები, პოლიციელები და ყოფილი ჯარისკაცები ჰყავს სამიზნეში ამოღებული. ასევე ავღანელები, რომლებიც უცხოურ მთავრობებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ.

თალიბანის მებრძოლები ქაბულის ქუჩაში
თალიბანის მებრძოლები ქაბულის ქუჩაში

ქაბულში ვითარება შედარებით მშვიდია. საყოველთაო ძალადობას და მკვლელობებს იქ ადგილი არ ჰქონია. თუმცა, დედაქალაქის გარეთ, მებრძოლებმა დახოცეს და დაატყვევეს ყოფილი მთავრობის თანამშრომლები, ჯარისკაცები და ავღანელები, რომლებიც უცხოურ ძალებთან თანამშრომლობდნენ.

ქაბულის გარეთ თალიბანმა კვლავ შემოიღო არაერთი რეპრესიული წესი და კანონი, მიუხედავად მათი წარმომადგენლის დაპირებისა, რომ ქალების უფლებებს და თავისუფალ მედიას არაფერი ემუქრებოდა.

ბევრგან მებრძოლებმა ქალებს მამაკაცი ნათესავის თანხლების გარეშე სახლის დატოვება და მუშაობა აუკრძალეს.

„თალიბანი არ შეცვლილა“ - ამბობს თამიმი, ჟურნალისტი ქაბულიდან, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად იმალება. „რა გგონიათ, რატომ გარბის ამდენი ავღანელი?“

თამიმმა, რომელიც თალიბანსა და პაკისტანს - მებრძოლთა მთავარ სპონსორს - ხმამაღლა აკრიტიკებდა, სოციალური მედიის ანგარიშები წაშალა და ახლა ოჯახის უსაფრთხოებაზე ღელავს. ის, მილიონობით ავღანელის მსგავსად, იძულებულია, სამშობლოში დარჩეს.

„ფრენები არ არის და მეც ვიზა არა მაქვს“, - ამბობს თამიმი. „არ ვიცი, რა ბედი მელის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG