Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი და "ქართული ოცნება" - არაინფორმირებული თუ დისტანცირებული?


ბოლო პერიოდში დაგროვდა არაერთი ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ პოზიციას იკავებს.

ეს ზოგჯერ იმდენად დაუჯერებელი სიურპრიზია ბევრისთვის, რომ პრეზიდენტის ერთგვარ ფერიცვალებას სოციალურ ქსელებში იუმორით ზოგი ვაქცინაციის დადებით გვერდით ეფექტსაც კი მიაწერს.

ხუმრობის გარეშე კი, „ქართული ოცნებისკენ“ მიმართულ საკმაოდ მწვავე კრიტიკას ექსპერტები ხსნიან, მათ შორის, იმ ანგარიშვალდებულებით, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროპელი პარტნიორების წინაშე აქვს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პროცესში პრეზიდენტი არც ოპოზიციის კრიტიკას ივიწყებს.

  • რა განაპირობებს პრეზიდენტის განსხვავებულ რიტორიკასა და ქცევას?
  • მოხდა თუ არა რეალური დისტანცირება არჩევნებზე მისი მტკიცე მხარდამჭერი „ქართული ოცნებისგან“?

ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხეზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ ამახვილებს ყურადღებას. ეს აქცენტი მან პირველად აგვისტოს დასაწყისში დასვა, „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივად ანულირების შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის გატეხვაში დაადანაშაულა და იქვე მიანიშნა, რომ ასეთი ქმედებები დასავლეთთან დაშორების, ქვეყნის დასუსტების, ნდობის შემცირებისა და იზოლაციის საფრთხეს ქმნის.

ასევე ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხე ახსენა პრეზიდენტმა 2 სექტემბრის განცხადებაში, ახლა უკვე ევროკავშირის იაფ სესხზე ხელისუფლების მიერ ნათქვამი უარის კონტექსტში.

პრეზიდენტმა ბევრისთვის კარგად გასაგებ დიპლომატიურ ენაზე თქვა, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფა რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის იმიჯს, ევროკავშირისკენ სვლისთვის აუცილებელ ნდობას და ქვეყნის უსაფრთხოებასაც კი.

  • „აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია. თუმცა სესხთან ერთად, ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი, აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც“;
  • „როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს (წევრობისთვის) კანდიდატურის განცხადების შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად, აუცილებელია, ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა“;
  • „ავღანეთის შემდგომ პერიოდში ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და ჩვენი უსაფრთხოება კიდევ მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე, ვიდრე აქამდე იყო“.

რეალურად დისტანცირდა თუ არა პრეზიდენტი იმ პარტიისგან, რომლის მხარდაჭერაც მის მიმართ 2018 წლის არჩევნებზე იმდენად ძლიერი იყო, რომ მეორე ტურის წინ ბილბორდებზე მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერი კაცებიც გამოფინეს?

პოლიტოლოგ გია ნოდიას შთაბეჭდილებით, „ქართული ოცნებისგან“ სალომე ზურაბიშვილის დისტანცირება ივლისში დაიწყო - 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, რასაც მოჰყვა მოვლენათა მთელი ჯაჭვი: „შარლ მიშელის შეთანხმების“ ანულირება, შეთანხმების ამოქმედება სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თუ ახლა უკვე - უარის თქმა ევროკავშირის იაფ სესხზე.

„ივლისიდან „ქართული ოცნება“ თითქოს ახალ ეტაპზე, საფეხურზე გადავიდა, როდესაც ის უკვე ღიად დისტანცირდება ევროპისგან... სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი კი არის, მაგრამ ფრანგიც არის რაღაცნაირად და უნდა, რომ ადეკვატურად გამოიყურებოდეს, რადგან ის ვეღარ ეტყვის ევროპელ მეგობრებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ევროპული გზით მიჰყავს... ამას ჭკუათმყოფელი ახლა თამამად ვეღარავინ იტყვის. შესაძლოა, სწორედ ეს გამხდარიყო წითელი ხაზი, რის შემდეგაც მან ჩათვალა, რომ რაღაც დოზით მაინც საჯაროდ უნდა გაემიჯნოს „ქართული ოცნების“ გარკვეულ ნაბიჯებს მაინც“, - გვეუბნება ნოდია.

პრეზიდენტი მმართველ პარტიაზე

სოციალურ ქსელებში კარგად ჩანდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოება რამდენჯერმე გააკვირვა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმით.·

  • პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხელისუფლებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით;
  • 5 ივლისს, ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ, როცა „ქართული ოცნება“ პროვოკაციებში დაზარალებულებს ადანაშაულებდა, საქართველოს პრეზიდენტმა დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში იმავე ღამით მოინახულა;
  • ხელისუფლების წარმომადგენელთაგან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა პირადად შვილის გარდაცვალება 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედას;
  • მანამდე კი, 2021 წლის 9 აპრილს, პარლამენტში გამოსვლისას, ასევე პირველად სწორედ სალომე ზურაბიშვილი ალაპარაკდა დიდი ხნით ადრე თბილისში გამოხმობილი ელჩის უკრაინაში დაბრუნების აუცილებლობაზე და 23 აპრილს კიევში ჩასულმა თქვა, რომ ამიერიდან ორმა ქვეყანამ საერთო ამოცანებს უნდა მიხედოს.

თუმცა ექსპერტებისთვის ისიც ცხადია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჯერ ისევ ერიდება „ქართულ ოცნებასთან“ ღია დაპირისპირებას.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი თავისი სამომავლო იმიჯის გაფრთხილებას ცდილობს, „ჩანს, რომ არ ჩაჰყვება საფლავში“ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ჯერ კიდევ „ვერ ბედავს“ ღია კონფრონტაციას.

„კარგია, რომ გამოთქვამს თავის კრიტიკულ აზრს, მაგრამ ნაკლებად მჯერა იმის, რომ რაღაც რადიკალური ცვლილება მოხდა მასში... მას კონსტიტუციურად აქვს უფლება - გააკრიტიკოს ხელისუფლება, მაგალითად, ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით და კიდევ არაერთი მძიმე საკითხია ქვეყანაში... მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული“, - ამბობს კაკაჩია.

და ოპოზიციაზე...

როცა სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს, არც ოპოზიციას ივიწყებს.

როგორც მან 2 სექტემბრის ბრიფინგზე განაცხადა, ევროპულ გზას საფრთხე „დესტრუქციული ოპოზიციისგანაც“ ემუქრება.

მაშინ, როცა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მიესალმებიან, პრეზიდენტმა „თავხედური“ უწოდა „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ ენმ-ის დაგვიანებულ მიერთებას.

„მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს... ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“, - თქვა ზურაბიშვილმა.

გია ნოდია გვეუბნება, რომ ოპოზიციის კრიტიკა, ერთი მხრივ, ხელისუფლების კრიტიკის დაბალანსების და, მეორე მხრივ, იმის დემონსტრირების მცდელობაა, რომ „ოპოზიციაზე პრეზიდენტს აზრი არ შეუცვლია და ამ საკითხში თანმიმდევრულობას ინარჩუნებს“.

„შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკა საერთოდ არ აინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს.

როგორც მან გვითხრა, შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობა გაჩნდა იმის გამო, რომ „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის“ და, პრაქტიკულად, იმავეზე ლაპარაკობს პრეზიდენტიც.

„პრეზიდენტის განცხადებებით კარგად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ იზოლაციაში მოექცა და იზოლაციაში მოექცა იმ პრეზიდენტის მხრიდანაც კი, რომელსაც ჩვენ არასოდეს განვიხილავდით დამოუკიდებელ ფიგურად... მანაც კი გადაწყვიტა, რომ გამიჯვნოდა „ქართული ოცნების“ ქმედებებს, იმდენად საფრთხის ქვეშ არის ქვეყანა“, - გვითხრა დეკანოიძემ.

2 სექტემბრის ბრიფინგის ვიდეო სალომე ზურაბიშვილმა ოდნავ მოგვიანებით ტვიტერზეც გამოაქვეყნა. თანდართულ ტექსტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ სესხზე უარის თქმის ფაქტთან დაკავშირებით ის „ქართულ ოცნებას“ არ ეთანხმება და რომ წუხს ევროპულ გზაზე გამოვლენილი საფრთხეების გამო.

„საქართველო გააგრძელებს თავის ურყევ გზას ევროპული ოჯახისკენ და ყველაფერს გავაკეთებ ამ მოძრაობის წინ წასაწევად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ მომავალ თვეში სამაგალითო არჩევნების ჩატარებას, სიძულვილისა და ძალადობის გარეშე დემოკრატიულ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში“, - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

არის თუ არა პრეზიდენტის საქმე?

პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სესხზე უარის თქმა მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, თუმცა ლოგიკას ვერც ეკონომიკურ დასაბუთებაში ხედავს.

მისთვის გაუგებარია, რომ ხელისუფლებამ „საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე“ წინ „საერთაშორისო ვალის შემცირება“ დააყენა, კოვიდის მიერ მიყენებული „სოციალურ და ადამიანური“ ზიანის პირობებში.

პრეზიდენტს „ქართული ოცნებიდან“ უპასუხეს, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებები მისი საქმე არ არის.

„საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს სესხი. ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია“, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა არცკი იცის, რაზე ლაპარაკობს.

„ჩვენ ავუხსნით მას. მივაწოდებთ მას ამ ინფორმაციას, საერთოდ რა ვალზეა საუბარი და საერთოდ, როგორ მართავს მთავრობა ამ პროცესს. მე დავავალებ ადმინისტრაციას, რომ მივაწოდოთ მას ინფორმაცია“, - თქვა ღარიბაშვილმა.

  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში არაერთხელ გაიმეორეს, რომ ევროკავშირის იაფი სესხი, რომელიც ეკონომისტების შეფასებით, დახმარებას უტოლდება, არაფრით არის ჩვეულებრივ სესხზე მეტი და მას საერთოდ არა აქვს კავშირი ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებთან.
  • ხელისუფლება არ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, დიდი ალბათობით, სექტემბრის ბოლოს, საქართველო ევროკავშირის ამ მეორე ტრანშს (75 მილიონ ევროს) მაინც ვერ მიიღებდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი შესრულებული აქვს.

„ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ არის, თუ დადგება ამის საჭიროება, აუცილებლად მივმართავთ მათ. მადლობა, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს!“ - ასეთი იყო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხი პრეზიდენტის კრიტიკაზე.

გია ნოდიასთვის ეს ყველაფერი „რაღაცის თქმისა და მოგონების“ მცდელობას უფრო ჰგავს.

მისთვის ნათელია, რომ საგარეო პოლიტიკის ჭრილში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ პრეზიდენტი მთავრობამ არა პოსტფაქტუმ, არამედ წინასწარ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში და „თუკი პრეზიდენტს არა აქვს ინფორმაცია, ეს სწორედ მათი ბრალია“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG