რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითიზოლაციაშია. კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინმა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს სატელეფონო საუბრისას აცნობა, რომ მის გარემოცვაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების გამო იძულებულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიცვას თვითიზოლაციის რეჟიმი, ამიტომ დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას ამ კვირაში, დუშანბეში დაგეგმილ ორ შეხვედრაში - „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების“ საბჭოს სესიასა და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაში.
ვინ არის პუტინის გარემოცვაში კორონავირუსით ინფიცირებული, ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თანახმად, ვლადიმირ პუტინის ტესტირების პასუხი უარყოფითია, ის ჯანმრთელია, თუმცა, მისი უშუალო მონაწილეობით, ღონისძიებები დროებით არ გაიმართება.
დღეს დილით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებსაიტიდან ცნობილი გახდა, რომ გუშინ, 13 სექტემბერს ვლადიმირ პუტინი კრემლში შეხვდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს.
გაზაფხულზე, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აიცრა. ბოლო ხანს ის არაერთ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობდა. ცნობილია, რომ პუტინთან შეხვედრების წინ, ყველა მონაწილეს კარანტინში ყოფნას ავალდებულებენ.