Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, გამოძიების საქმეა, ვის ხელს უკავშირდება მასალების გავრცელება - იქნება ეს გახარია თუ ხოჯევანიშვილი


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვის ხელს უკავშირდება სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელება. მან ამ კონტექსტში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის სახელები ახსენა.

„რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და უნდა გამოვლინდეს, თუ ვის ხელს უკავშირდება იმ ტყუილ-მართალის გამოტანა, რომელზეც არის საუბარი გასული დღეების განმავლობაში, იქნება ეს გახარია, ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ინფორმაციის მოპოვების დროზე დასვა აქცენტი და მოსმენების საზედამხედველო ფუნქციის განმახორციელებლებზე ისაუბრა.

„ერთადერთი, რაზეც ახლა არის საუბარი, არის ის, რომ თუ რაიმე მართალი შეიძლება იყოს იმ ინფორმაციიდან, რომელიც გავრცელდა, ამ ინფორმაციების მოპოვების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ორი გასაღები იყო ორ ხელში და ორივე გასაღებს აკონტროლებდა ერთი და იგივე ჯგუფის ორი წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, შეიძლება არსებობდეს შესაბამისი ეჭვები, თუმცა მე ამ დეტალებში ვერ შევალ. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბრიფინგზე, მან რამდენჯერმე უპასუხა მედიის კითხვას, რომელიც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან გიორგი გახარიას სახელის დაკავშირებას ამ თემასთან.

„ვინც არის შემჩნეული ღალატში და არა მარტო შემჩნეული, ამის მიღმაც გვაქვს ჩვენ კონკრეტული ინფორმაციები, რაც საზოგადოებას მივაწოდეთ. ღალატში არიან კონკრეტული ადამიანები შემჩნეული, რომლებიც იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები. ისინი არ არიან დღეს გუნდის წევრები. იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები და სწორედ იმის გამო, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი, ისინი აღარ არიან დღეს გუნდში. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი მიდგომა, რა თქმა უნდა, მოღალატეს სათანადო პასუხი გაეცემა, მათ შორის, პირველ რიგში, საზოგადოების მხრიდან, 2 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია გიორგი გახარიამ გაიტანა, კობახიძემ უპასუხა, რომ არ სურს ეჭვების დონეზე საუბარი.

„მე ეჭვების დონეზე არ მინდა საუბარი, ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, დანარჩენი დაველოდოთ დაზუსტებას, რამდენადაც იქნება შესაძლებელი, დავაზუსტოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა მან.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პარტიის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასალების გავრცელების ფაქტის გამოძიების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს და მათ შორის იმას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული ყოფილიყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG