Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი განსაკუთრებით მოუწოდებს „რადიკალური ოპოზიციას" თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებას ნიუ-იორკიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩანს, რომ ქვეყანაში ემოციები მატულობს.

„მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან.

ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება", - წერს „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი.

1 სექტემბერს, ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. ამ ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, დაკავებულია ამავე სოფელში "ქართული ოცნების" კანდიდატის შვილი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავში მცხოვრები ივანე გველესიანი, რომელიც რუსთავის მერიის ააიპ რუსთავის კორპუსიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა, ამბობს, რომ ახლა ეჭვობს, რომ ამ მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს 20 სექტემბერს დაესხნენ.

23 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა ნაძირალა.

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები იმართება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG