Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის დაცემა - „ჩვენ რომ წავალთ, ეს არავის ემახსოვრება“


ნათელა ჯიშკარიანი, რომელიც 28 წლის წინ სოხუმიდან 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოიქცა, დროის გასვლასთან ერთად კარგავს იმედს, რომ აფხაზეთში დაბრუნებას შეძლებს. ერთადერთი, რაც ახლა მას აფხაზეთთან აკავშირებს, მისი დეიდაშვილია, რომელიც რუს მეუღლესთან ერთად გაგრაში ცხოვრებს: „ადრე, სანამ ინტერნეტით

ნათელა ჯიშკარიანი სოხუმის სახლში
ნათელა ჯიშკარიანი სოხუმის სახლში

დავიწყებდით საუბარს, ქართულად თუ დავილაპარაკებდით, კავშირიც წყდებოდა, მაინც ვერ ხერხდება გულწრფელად საუბარი პრობლემებზე. შერეული გრძნობები მაქვს აფხაზეთის გახსენებისას, ხან მეტირება, ხან ვბრაზობ, ყველა აფხაზსაც ვერ გაკიცხავ, ზოგმა მართლა ბევრი ქართველი გადაარჩინა მოკვლას, თავისთან დამალეს, შეიფარეს. ბევრიც, ვისაც ომი არ უნდოდა, ჩვენსავით ლტოლვილია“.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნათელას სახლის ადგილზე ტრიალი მინდორია და ვიღაცამ მისი კარ-მიდამო თავის ეზოს შეუერთა, ამბობს, შანსი რომ ჰქონდეს, დღესვე დაბრუნებოდა სოხუმში.

აფხაზეთში არ უცხოვრია, მაგრამ ბავშვობაში მის ოჯახში იმდენს საუბრობდნენ სოხუმსა და იქაურ ცხოვრებაზე, რომ ამ მოგონებების მიხედვით რეჟისორმა ირინე ჟორდანიამ დევნილობაზე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო. ფილმის ჩვენების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მასში მოთხრობილი ამბები სხვების, რეალური ადამიანების ცხოვრებას ემთხვეოდა: „ერთი გოგო მეუბნებოდა, რომ მისი და ზუსტად ესე იჯდა და რეკავდა სოხუმის სახლის ტელეფონზე [როგორც ფილმშია], იმ იმედით, რომ იქიდან ვინმე უპასუხებდა... რეალურად, ჩემი ოჯახის შემთხვევაში, ზარი პირიქით აფხაზეთიდან იყო. იქ ბიძაჩემი ცხოვრობდა და მუშაობდა 40 წელი, ომის შემდეგ კი მის სახლში ბინა დაიდო ჩეჩენმა მებრძოლმა, მეთაურმა, რომელმაც მოძებნა ბიძაჩემი, დაურეკა და უთხრა, რომ როდესაც შენ აქ ჩამოხვალ და თუ ჩამოხვალ, ყველაფერი თავის ადგილზე დაგხვდებაო...“ - გვიყვება მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მარქსის ქუჩა 12-ის“ რეჟისორი ირინე ჟორდანია.

კადრი ფილმიდან: „მარქსის ქუჩა 12"
კადრი ფილმიდან: „მარქსის ქუჩა 12"

ირინეს ბიძა ისე გარდაიცვალა, რომ აფხაზეთში აღარასოდეს დაბრუნებულა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

ირინე ამბობს, რომ ფილმზე მუშაობისას, როცა თემას იკვლევდა, აღმოაჩინა, რომ გაცვეთილი სიტყვების და მშრალი სტატისტიკის მიღმა რეალური ისტორიები არ ჩანდა. დაკარგული იყო ემოციები, ადამიანების სახელები და გვარები, ისეთი ამბები, რომელიც მის ბიძას გადახდა. „მენიშნა, რომ აკლდა რეალური ამბები. აფხაზეთის ბუნებაზე, რიწის ტბაზე, 20 პროცენტის ოკუპაციაზე, 300 000 დევნილზე უამრავი ეწერა, მაგრამ თითქმის არსად შემხვედრია სახელობითი ამბები. მინდოდა მეჩვენებინა, რომ სახლი მარტო სახლი არაა, როგორ ხდება, როცა რაღაცას ვერ უშვებ და უკან უბრუნდები. ბიძაჩემი და მისი მეგობარი ხშირად ამბობდნენ - „ჩვენ რომ წავალთ, ეს არავის ემახსოვრებაო“.

კონფლიქტოლოგი დაჩი ახვლედიანი 27 წლის არის, არც ომი და არც სოხუმის დაცემა თავისი თვალით არ უნახავს. თბილისში დაიბადა. 1993 წელს, დაჩის დედა სტუდენტი იყო, ის სოხუმის დაცემის წინა დღეს უკრაინელი მოხალისეების დახმარებით ჩავიდა თბილისში. ომი არა, მაგრამ ომის შემდგომი, მძიმე წლები დაჩიმ თავის თავზე გამოსცადა. დაჩი 6 წლის იყო, როდესაც დედასთან ერთად სოხუმში ბებია-ბაბუის სახლში დაბრუნდნენ და დარჩნენ. სკოლაც იქ დაამთავრა. „ძალიან რთულია… [როცა] ერთგან ზეიმობენ, მეორე მხარეს კი ტრაგედიის დღეა. დედაჩემი საერთოდ ცდილობს, ყველანაირ ინფორმაციას მოერიდოს 27 სექტემბერს, არ გაიხსენოს, მაგრამ [ყველაფერი] საკუთარ თავზე გამოსცადა. მყავს აფხაზი მეგობარი, რომლისთვისაც [27 სექტემბერი] მამის გარდაცვალების დღეა, ტრაგედიაა და ვერ ზეიმობს, მომხდარით მოგებული არავინ დარჩა. ძმათა მკვლელი ომი იყო, რომლითაც მესამე მხარემ იხეირა და არა ჩვენ. „რა დაგხვდათ სოხუმში? - ვკითხე დაჩის, „ბებია, ბაბუა და გადამწვარი სახლ-კარი. ბაბუა არ წამოვიდა, დედა აფხაზი ჰყავდა, ბევრს იცნობდა და იცოდა, რომ მას არ ესროდნენ. ისევ ნათესავების დახმარებით, უმეტესობა სხვათა შორის აფხაზები, შეძლეს სახლის აღდგენა“.

ფოტო: დაჩი ახვლედიანი, სოხუმი
ფოტო: დაჩი ახვლედიანი, სოხუმი

დაჩი ახლა თბილისში ცხოვრობს, თუმცა მეგობრების უმეტესობა აფხაზეთში ჰყავს. ახლო ურთიერთობების მიუხედავად არის ერთი თემა, რომელზეც მეგობრები არასდროს საუბრობენ - 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. „იმდენად მძიმე და არასასურველი თემა იყო, რომ ბავშვობაში მეგობრებს იმდენი პატივისცემა გვქონდა, რომ სულ ვარიდებდი თავს ამ თემაზე საუბარს. მე არ მახსოვს, რომ ომის თემა წამოგვეწია. ყველას გვესმის, რომ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ, მაგრამ არის რაღაცები, რაზე საუბარიც რთულია და შეიძლება ვერ შევჯერდეთ“.

დაჩი კონფლიქტოლოგია და ახლა ცდილობს აღადგინოს ურთიერთობები აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის. ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობს და იცის, რა სურთ ენგურს იქით. დონორების დახმარებით, აფხაზეთიდან სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს საცხოვრებელს და კვების ხარჯებს უნაზღაურებენ. „ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები კოლეჯში ერთად სწავლობენ, ერთად აკეთებენ პროექტებს, ერთად ცხოვრობენ და ეს არის იმის შანსი, რომ მათი ურთიერთობა ამ პერიოდის მერეც გაგრძელდება. მთავარია, ისეთი რამ შესთავაზო, რაც მათაც აინტერესებთ და გამოადგებათ, პირველ რიგში უსაფრთხოებაა მთავარი, [პროექტები] პოლიტიკურ თემატიკას არ უნდა ეხებოდეს, რომ ხედავენ, რომ აფხაზეთის რეგიონს ადგება ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ [პროფესიული განათლების მიცემა, ჰუმანიტარული დახმარება, ხელშემწყობი პროექტები], თავადაც არ აქვთ პროტესტი და არ უყურებენ, აფხაზი ვარ თუ ქართველი”.

ფოტო: დაჩი ახვლედიანი - სოხუმი
ფოტო: დაჩი ახვლედიანი - სოხუმი

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG