ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის თაობაზე რეფერენდუმი არა უგვიანეს 2020 წლის თებერვალში გაიმართება. სააგენტო „რია ნოვოსტის“ მოჰყავს ლუკაშენკას მიერ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დროს ნათქვამი ფრაზა, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობის დროს სარედაქციო საბჭომ გაითვალისწინა მსოფლიოს გამოცდილება და უმცირესობის მოსაზრება.
ამასთან, ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარშემო სადავო მომენტები კვლავ რჩება.
„მე ვერ ვიპოვე გარდამავალი დებულებები, რომელიც იძლევა პასუხს შეკითხვებზე, თუ როგორ იმოქმედებენ ხელისუფლების ორგანოები კონსტიტუციის მიღების შემდეგ, როგორ მოხდება ბელარუსის საყოველთაო სახალხო კრების ფორმირება და ვინ იქნება ადამიანის უფლებათა საკითხების რწმუნებული. პროექტში არ არის გათვალისწინებული დეკრეტები. ასეთ შემთხვევაში რა დაემართება უკვე მიღებულებს?“ - დასძინა ლუკაშენკამ.
ბელარუსის ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლების მიერ ახალი კონსტიტუციის მომზადებას და მიაჩნია, რომ ამით ლუკაშენკა შეეცდება გააჭიანუროს ხელისუფლებაში დარჩენის პროცესი.
ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.
დაწერეთ კომენტარი