Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: არასდროს გამოუვიდათ და არ გამოუვათ, შუღლი ჩამოაგდონ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის


ნიკა მელია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ნიკა მელია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობა ფუჭია და მისი პოლიტიკური და მეგობრული ვალია, იბრძოლოს:

„რასაც არ უნდა ცდილობდნენ, რომ შუღლი ჩამოაგდონ მე და მას შორის, არ გამოუვიდათ არასოდეს და არც არასოდეს გამოუვათ და პირიქით, ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი აქ არის, ციხეში, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და პირველ რიგში მეგობრული ვალდებულება და ასე არის ასიათასობით საქართველოს მოქალაქე და ნურავინ ნუ ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე მეტად მხარდამჭერები“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მან რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე თქვა, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, განცხადებას მასსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ გეგმებზე პარტიის სახელით თავად გააკეთებს.

„ამით თავიდან ავირიდებთ გაუგებრობებს. ორგანიზება და დისციპლინა არის მნიშვნელოვანი ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო. ბრძოლაში, რომლის შედეგებმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი მინიმუმ 15-20 წლის თავზე. გულზე მჯიღის ცემა ადვილია ვიღაცისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, შემართებასთან ერთად, მოტივაციასთან ერთად, თავდადებასთან ერთად და თავგანწირვასთან ერთად ჭკუითაც ვაჯობოთ“, - მიმართა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს.

3 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თბილისში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა "სისხლიან პროვოკაციას" რუსთაველის გამზირზე, სადაც 3 ოქტომბერს დიდი საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო. ირაკლი ღარიბაშვილს ამ ბრალდების გასამყარებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მაგრამ თქვა, რომ პროვოკაციის სცენარიის წინააღმდეგი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელსაც, მისივე თქმით, დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა და აქვს მიხეილ სააკაშვილთან.

„მელია არის ბედნიერი, რომ მიშა ციხეშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG